სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც პოლიტიკოს ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილის ორი სხვადასხვა ინტერვიუდან ამოჭრილი კადრებია გაერთიანებული. პირველ ვიდეოში ელისაშვილი ამბობს: „გული ერთი იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი რუსი რატომ არ დავხოცე და უფრო მეტი ოკუპანტი რატომ არ გავუშვი იქით“; მეორე ვიდეოში კი იგი ამბობს: „რუსების შემოსვლამდე 45 წუთით ადრე გამოვედი მე იმიდან“. ვიდეოები ერთად ვრცელდება აღწერით „კაი დროს წამოსულხარ ძმაო“ და წარმოაჩენს, თითქოს პოლიტიკოსი ვიდეოში საკუთარ თავს ამხელს.
რეალურად კი, ვიდეოში გამოყენებულ ორ მონაკვეთს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ალეკო ელისაშვილი ვიდეოს პირველ მონაკვეთში უკრაინაში ბრძოლის პერიოდზე საუბრობს, ხოლო მეორე ნაწილში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება და გორიდან რუსი სამხედროების შესვლამდე 45 წუთით ადრე გამოსვლას იხსენებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ალეკო ელისაშვილის ორი სხვადასხვა ინტერვიუდან აღებული კადრებია შეერთებული. პირველი ვიდეო 2024 წლის 13 თებერვალს ალეკო ელისაშვილის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ კომენტარს მოიცავს. სიუჟეტში საუბარია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონილ მონაცემთა ბაზებზე, რომლის მიხედვით, რუს ძალოვნებს ათიათასობით პირი ჰყავთ ძებნაში, მათ შორის საქართველოდანაც. ძებნილთა სიაში იყო საქართველოს პარლამენტის მაშინდელი წევრი და ახლა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. 2025 წლის 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინისთვის დახმარების გამო ალეკო ელისაშვილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში დამნაშავედ ცნეს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს და მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რუსი ძალოვნების ძებნილთა მონაცემთა ბაზებში ალეკო ელისაშვილის აღმოჩენის შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერში მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გავიდა და სწორედ აღნიშნულ კომენტარში აცხადებს ელისაშვილი: „საძაგელი ქვეყანა, ოკუპანტი და ცივილიზაციის მტერი ქვეყანა თუ გეძებს, ესე იგი, სწორად გიცხოვრია და ეს ძაან მახარებს…ხო, დიდი ალბათობით უკრაინაში რომ ვიყავი… კი, მე ვიყავი უცხოურ ლეგიონში უკრაინაში, იქ ვმსახურობდი რიგითად. ერთადერთი გული რაზეც მწყდება, რომ სულ 4 დღე ვიყავი საბრძოლო მოქმედებებში. მეტი უბრალოდ ფიზიკურად… თვენახევარი კი ვიყავი იქ, მაგრამ ფიზიკურად ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ჯარი ვინც იცის – ჯარი არის ძალიან ვერტიკალური სტრუქტურა. გული ერთი იმაზე მწყდება, რომ უფრო მეტი რუსი რატომ არ დავხოცე და უფრო მეტი ოკუპანტი რატომ არ გავუშვი იქით“.
რაც შეეხება გავრცელებული ვიდეოს მეორე კადრს, 2025 წლის 21 აგვისტოს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ვიკა ბუკიას დღის ამბები“, რომელშიც ალეკო ელისაშვილი იყო მიწვეული. მან კომენტარი გააკეთა როგორც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და კახა კალაძის 8-წლიანი მერობის, ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ. რაზმაძემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“.
სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ამბობს ელისაშვილი: „გორის საკრებულოს თავმჯდომარე არის არაკაცი. მთელი დღეა ისეთი ადუღებული დავდივარ! ეგ კაცი სადმე რომ შემხვდეს, მოვაწყვიტავ თავს… მაგის სახლიდან უნდა წაეღოთ რუსებს უნიტაზი და მერე ვნახავდი ერთი რას ილაპარაკებდა. მაგის სახლში უნდა შესულიყვნენ ის ოსი მაროდიორები, რომ გადაბუგეს ქართული სოფლები და მიწასთან რომ გაასწორეს… ქართველ ჯარში ერთი მაროდიორობის ფაქტი არ იყო. რუსების შემოსვლამდე 45 წუთით ადრე გამოვედი მე იმიდან, გორიდან, 11-ში დილით წამოვედი იქიდან, ერთი ფაქტი არ ყოფილა მაროდიორობის, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ავტომატიანი დადიოდა. და ქართველ ჯარისკაცებს ეძახის, მიშას ხულიგნები იყვნენო…“
ამრიგად, ალეკო ელისაშვილი ვიდეოში ასახულ კადრებში სხვადასხვა შემთხვევაზე საუბრობს. პირველ ინტერვიუში იგი 2022 წელს უკრაინის ომში საბრძოლო ფრონტზე ყოფნის შესახებ საუბრობს, მეორეში კი – გორში 2008 წლის საომარ მოქმედებებზე. კონტექსტის გარეშე მოჭრილი აღნიშნული ვიდეოების შეერთება მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია და მცდარად წარმოაჩენს, თითქოს პოლიტიკოსი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.