გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში რეჟისორ თორნიკე ბზიავას ინტერვიუ მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (1, 2), რომელშიც რეჟისორი და მსახიობი თორნიკე ბზიავა ამბობს (დაარქივებული ბმული): „სამწუხაროდ, ანალიზის უნარი ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს არ გააჩნია. ის, რასაც ესენი მეტყველებენ, არის, არც მინდა დრო დავუთმო, იმდენად სისულელეა. რას ჰქვია ტრადიციულობა?! ხელში აღებული, რომ უნდა მიაფშვნა   იმ სახეში ის ღვინო, მაგაში რომ ლაქლაქებენ, ეგ არის ტრადიციულობა?! რას ეძახიან ტრადიციულობას მაინტერესებს. ტრადიციულობა უნდა ბოლომდე „დაკონსერვდეს“, ტრადიციულობა ვერ იქნება დაბრმავებული, შავი გაგების „ა@@@“ ადამიანის, რომელსაც არანაირი მრწამსი არ აქვს და არის პირდაპირი კრიმინალი, ეგ ვერ იქნება ტრადიციული, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ეს ვთქვათ“.  ვიდეოების აღწერაში ვკითხულობთ: „ქართველების და ყველაფერი ქართულის მტრები“; „რაიო? ტრადიციები უნდა დაკონსერვდესო?  სწორად გავიგე ხო?“.  სინამდვილეში, ვიდეო იმგვარადაა დაჭრილი, რომ არ ჩანს, რა კონტექსტში საუბრობს რეჟისორი „ტრადიციულობაზე“ და იქმნება მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ის ზოგადად ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.

გავრცელებული მონაკვეთი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემიდან „კომენტარი“ არის აღებული, რომელიც ეთერში 25 აგვისტოს 14:00 სთ-ზე გავიდა. გადაცემის სტუმრები მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა იყვნენ. წამყვანის კითხვაზე, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას,  განსაკუთრებით ომის თემასა და ტრადიციული ღირებულებების თემას ეხებოდა, თორნიკე ბზიავა პასუხობს: „სამწუხაროდ, ანალიზის უნარი ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს არ გააჩნია. აგერ არის ევროპა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, ნებისმიერი ქართველი და ემიგრანტი იქ წასული, არა მარტო მე, დაადასტურებს, რომ იქ ყველაფერი არის მაინც ადამიანების შეთანხმების, ტოლერანტობის და დემოკრატიის დასაცავად გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში ყველაზე კარგი მაგალითი არის. იმდენი დანაშაული ხდება საქართველოში, სხვა არ მინდა ახლა, პროფესიონალები ამას ამბობენ და ყველგან შეგხვდებათ. ის, რასაც ესენი მეტყველებენ, არც მინდა ამას დრო დავუთმო,  იმდენად სისულელე არის. როგორ შეიძლება რამე ტრადიციულობაზე ამათ ხელში თქვა, ამხელა დანაშაულია. ტრადიცია მაშინ არის კარგი, თუ იგივე არ ვიცი სოციალიზმი, კაპიტალიზმი ბოლომდე არის თავის დონეზე მიყვანილი და იქ შესაძლებელია, დღევანდელ დღეს 21-ე საუკუნეში აიყვანო ტრადიციულობა რაღაცის, როგორც გერმანელებს, ფრანგებს, ბევრს აქვთ და ეს გქონდეს. მაგრამ რას ჰქვია ტრადიციულობა?! ხელში აღებული, რომ უნდა მიაფშვნა იმ სახეში ის ღვინო, მაგაში რომ ლაქლაქებენ, ეგ არის ტრადიციულობა?! ქალებს რომ ამცირებენ და ყოველ მესამე დღეს რამდენი ქალია ნაცემი, ეგ არის ტრადიციულობა?! რას ეძახიან ტრადიციულობას, მაინტერესებს. ტრადიციულობა ბოლომდე უნდა „დაკონსერვდეს“ იმ წარმოდგენით და იმ მოცემულობით, რაც აქ ჰგონიათ. ტრადიცია არის ცეკვა, სიმღერა, ნებისმიერი კულტურული ძვრები, ფესტივალები, რაშიც შენ შენს ისტორიას დებ და აჩვენებ, ეს არის ტრადიცია დღეს, სხვა ტრადიცია ვერ იქნება. დაბრმავებული, შავი გაგების, ბოდიში ა@@@ ვიღაცა ადამიანი, რომელსაც არანაირი მრწამსი არ აქვს და არის პირდაპირი კრიმინალი, ეგ ვერ იქნება ტრადიციული, ვერანაირად ვერ იქნება,  ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ეს ვთქვათ. ემოციური ვარ, თუ – არა, ზუსტად იგივეს ვიტყვი“.

შესაბამისად, ინტერვიუს სრულ მონაკვეთში ბზიავა ხსნის, თუ რას გულისხმობს „ტრადიციულობაში“ და ის ეწინააღმდეგება იმგვარ ტრადიციულობას, რაც ქალების ცემას, კრიმინალურ მენტალიტეტს გულისხმობს. რეჟისორი აცხადებს, რომ ტრადიციულობის შესახებ სწორედ ასეთი წარმოდგენების „დაკონსერვებაა“ აუცილებელი. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ამოჭრილია მონაკვეთი, როცა რეჟისორი ტრადიციების საშუალებით ქვეყნის ისტორიის წარმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს და ჩამოთვლის სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებებს, როგორც ტრადიციების გამოხატვის ფორმებს.

ამდენად, რეჟისორის ინტერვიუს მონაკვეთი რედაქტირებული სახით ვრცელდება და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge