ვინ არიან „მუსლიმი მესხები“?
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს 12-13 აგვისტოს ეწვია და რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თურქეთის პრეზიდენტსა და ნუმან კურტულმუშს, თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა.
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. თავის სიტყვაში თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „მე ასევე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს თავის საცხოვრებლებში, მესხი თურქების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების შესახებ ჩვენი მოლოდინები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ, როგორც თურქები, საჭიროებისამებრ ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს“ (დაარქივებული ბმული).
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქული მხარე, მათ შორის თავად ერდოღანი მუსლიმი მესხების საკითხს ახსენებს: მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დახმარების მზადყოფნა სულ ახლახან, 2025 წლის თებერვალშიც გამოთქვა. 2023 წელს აშშ-ში ვიზიტისას ერდოღანმა იქ მცხოვრები მესხების დელეგაციაც მიიღო და დახმარებას მათაც დაჰპირდა.
წარსულში სოციალურ ქსელებში ასევე ფართოდ გავრცელდა კადრები, რომელიც 2019 წლის 10 დეკემბერს საბჭოთა კავშირის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან ადამიანების იძულებით გადასახლებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ანკარაში გამართულ ღონისძიებაზე ერდოღანის მიერ მესხეთთან დაკავშირებით ლექსის წარმოთქმას ასახავდა.
თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე ამ განცხადების გაჟღერების შემდეგ სოციალური ქსელის ქართულენოვან სეგმენტში მუსლიმი მესხების შესახებ სხვადასხვა მტკიცება მასშტაბურად გავრცელდა, რაც საკითხის მიმართ საზოგადოების დაინტერესებაზე მიუთითებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების უმეტესობა მოიცავდა მტკიცებებს, რომელთა მიხედვით მუსლიმი მესხები ეთნიკურად თურქი მოსახლეობაა და რომ საქართველოში 400 000-მდე მუსლიმი მესხის ჩამოსახლება იგეგმება (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8).
„ჯეოფაქტსმა“ მუსლიმი მესხების შესახებ საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაცია მოიძია და შეეცადა ყაველაშვილისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ საზოგადოებაში წარმოშობილ კითხვებზე, მუსლიმი მესხების ეთნიკურ წარმომავლობაზე, მათ რაოდენობასა და საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობებზე, პასუხი გაეცა.
წარმოშობა და მიკუთვნებულობა
თურქ მესხებს მრავალი სახელით იცნობენ – მესხი თურქები, მუსლიმი მესხები, აჰიშკა (ახალციხელი) თურქები და ა.შ. – ამ სახელთა მრავალფეროვნება, სავარაუდოდ, სწორედ იმან განაპირობა, რომ მათ წარმოშობაზე და ეთნიკურ კუთვნილებაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ისინი წარმოშობით არიან მესხეთიდან – რეგიონიდან, რომელიც ამჟამად თანამედროვე საქართველოსა და თურქეთს შორის არის გაყოფილი.
1944 წლის 31 ივლისს საბჭოთა კავშირის მიერ მიღებულ დადგენილებაში გადასასახლებელი ხალხი მოხსენიებულია, როგორც თურქები, ქურთები და ჰემშილები (ითვლებიან გამაჰმადიანებულ სომხებად). მუსლიმი მესხების ეთნიკური წარმოშობა დღემდე დავის საგანია.
ქართველ ისტორიკოსთა და მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თურქებად მიჩნეული ხალხი სინამდვილეში ქართული წარმოშობისაა, რომლებიც XVI საუკუნიდან თანდათან გამუსლიმანდნენ, როდესაც მესხეთი ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში გადავიდა და რადგან მაშინ რელიგია ეთნიკური იდენტობის მთავარ განმსაზღვრელად ითვლებოდა – გათურქდნენ.
ვალერი მოდებაძე წიგნში „მესხური პრობლემის ანალიზი“ აღნიშნავს, რომ 1590 წელს მესხეთის დაპყრობის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის აღწერა ამ მხარეშიც გავრცელდა და მისი შედეგები ადასტურებს, რომ სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. კერძოდ, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ 12.738 კომლიდან 12.339 კომლი ეთნიკურად ქართველი (მართლმადიდებელი ქრისტიანი) იყო.
ამასთანავე, მის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მესხეთის ტერიტორიაზე ასევე ხდებოდა თურქული მომთაბარე ტომების მიგრაცია, ამ პროცესმა მხარის ეთნიკური სურათი მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა.
წიგნში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის მიერთების შემდეგ რუსეთმა მუსლიმი მესხების შემდგომი გათურქებისთვის ხელშემწყობი პირობები მიზანმიმართულად შექმნა, რაც მესხეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის თურქული საერო და მუსლიმური სკოლების, მედრესეების, გახსნაშიც გამოიხატა.
წყაროები ასევე მიუთითებენ საბჭოთა კავშირში ამ ეთნიკური ჯგუფის გათურქების პოლიტიკაზე, როდესაც ბოლშევიკებმა მათთვის თურქულ ენაზე სწავლება დაიწყეს და მათ სახელები და გვარები შეუცვალეს, ხოლო პასპორტებში ეროვნებად ჩაუწერეს – თურქი [გვ.166].
თეორიის საწინააღმდეგოდ, რომ მუსლიმი მესხები ეთნიკურად ქართული მოსახლეობა იყო მკვლევართა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მუსლიმი მეხები თურქული ტომების შთამომავლები არიან. ეს თეორია ძირითადად მხარდაჭერილია თურქი მკვლევრებისა და ზოგიერთი მესხი ლიდერის მიერ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მესხეთის დომინანტი მოსახლეობა ეთნიკურად თურქული იყო, თუმცა მოქცეული იყო ქართული კულტურული წეს-ჩვეულებების გავლენის ქვეშ. ამ არგუმენტის გასამყარებლად მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ეთნიკური განსხვავების მტკიცებულება, როდესაც მესხეთის მუსლიმ მოსახლეობას საზღვრის გადაღმა, აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქეთში მცხოვრებ თურქებთან ადარებენ.
მუსლიმი მესხების წარმოშობის თაობაზე არსებული მსგავსი განსხვავებული შეხედულებები ასევე აისახება მათ მიერ თავის თვითიდენტიფიცირების პროცესში. დღეს მათი დიდი ნაწილი თავს თურქად მიიჩნევს, გამოკვეთილი ქართული იდენტობა მცირე ნაწილს აქვს – ისინი თავს გათურქებულ ქართველებად მიიჩნევენ. ასევე დიდ ნაწილს მსგავსი ეთნიკური მიკუთვნებულობა საერთოდაც არ გააჩნია – ისინი ვერ მიუთითებენ ვერც ერთ ეთნიკურ იდენტობაზე.
ამასთანავე, რეპატრიაციის მიხედვით, მესხების წარმომადგენელი ჯგუფები 3 განსხვავებულ მიმართულებად იყოფიან. ამჟამინდელი საცხოვრებელი ქვეყნების გარდა, ნაწილი მათგანისთვის სასურველი საცხოვრებელი ადგილი შეიძლება იყოს თურქეთი, ნაწილისთვის საქართველო ზოგადად, ხოლო მესამე ნაწილისთვის მხოლოდ მესხეთი.
ამდენად, მუსლიმი მესხების წარმოშობის შესახებ შეთანხმებული, საყოველთაოდ აღიარებული თეორია არ არსებობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებების ნაწილის საპირისპიროდ ერთი ვერსიის მიხედვით, ისინი გათურქებული ქართველები არიან. თუმცა მეორე ვერსიით, მუსლიმი მესხები თურქული წარმოშობის ჯგუფია, რომელიც ქართულ ზეგავლენას განიცდიდა.
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის 2002 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ პერიოდისთვის მუსლიმი მესხების უმრავლესობა თავს თურქად მიიჩნევს, ქართული იდენტობა კი მათ მხოლოდ მცირე ნაწილშია.
გადასახლება
ისტორიკოსების მიხედვით, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი გადაასახლეს მათი მშობლიური ტერიტორიებიდან. მათ შორის 8 ეთნიკური ჯგუფი სრულად გადასახლდა. მუსლიმი მესხები ვოლგას რეგიონში მცხოვრებ გერმანელებთან, ბალყარელებთან, ყარაჩაელებთან, ყალმუხებთან, ჩეჩნებთან, ინგუშებთან და ყირიმელ თათრებთან ერთად სწორედ ასეთ ჯგუფს შეადგენს. სტალინის სიკვდილის შემდეგ, გადასახლებული ჯგუფების ნაწილს უკან დაბრუნების ნება დართეს, თუმცა არა მესხებს.
1944 წლის 31 ივლისს მიიღეს სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის №6279сс დადგენილება (დაარქივებული ბმული) საქართველოს სსრ სასაზღვრო რეგიონებიდან თურქი მესხების, ქურთების და ჰემშინების გადასახლების შესახებ. დადგენილებაში განსაზღვრული იყო გადასახლების პროცესის დეტალები, მათ შორის გადასასახლებელთა რაოდენობა და დრო.
1944 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოხსენებითი ბარათი, რომელიც ბერიას, სტალინის, მოლოტოვისა და მალენკოვის მისამართით იყო გაგზავნილი, ოპერაციის დეტალებს იტყობინებოდა.
ბარათის მიხედვით, მათი გადასახლების ოფიციალური მიზეზი მუსლიმი მესხების კავშირები იყო თურქეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან. „მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც მოსაზღვრე თურქეთის რაიონების მოსახლეებთან ნათესაობა აკავშირებდათ, დაკავებული იყვნენ კონტრაბანდით, ავლენდნენ ემიგრაციულ განწყობებს და თურქეთის სადაზვერვო ორგანოებისათვის წარმოადგენდნენ ჯაშუშურ ელემენტებად გადმობირებისა და ბანდიტური შენაერთების ფორმირების წყაროს. გადასახლებისათვის მზადება მიმდინარეობდა მ.წ. 20 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე. ამავდროულად, გაძლიერებული იყო თურქეთთან სახელმწიფო საზღვრის დაცვა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული გადასახლებას დაქვემდებარებულ პირთა მცდელობები გადაეკვეთათ თურქეთის საზღვარი“, – ვკითხულობთ ბარათში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის და ბოგდანოვკის რაიონების მოსახლეობის გადასახლების ოპერაცია 1944 წლის 15-18 ნოემბერს ჩატარდა, ხოლო აჭარაში – 25-26 ნოემბერს.
1944 წლის 15 ნოემბერს მესხეთის სოფლის ცენტრებში თავი მოუყარეს ადგილობრივ მოსახლეობას და ძვირფასი ნივთებისა და 3 დღის საკვების შესაგროვებლად რამდენიმე საათი მისცეს, რის შემდეგაც სამხრეთ საქართველოს ხუთი ადმინისტრაციული რაიონიდან – ადიგენიდან, ახალციხიდან, ასპინძიდან, ახალქალაქიდან და ბოგდანოვკიდან – თითქმის ასი ათასამდე ადამიანი ცენტრალური აზიისკენ გაამგზავრეს. გზაში 457 ადამიანი გარდაიცვალა. სხვა წყაროების მიხედვით, სიცივის, შიმშილისა და ავადმყოფობისგან გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მაღალი იყო და 3000 ადამიანს აღწევდა. მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი მოგვიანებით გადაასახლეს.
1944 წლის ნოემბერში გადასახლებული 92.307 ადამიანიდან, რომელიც ცენტრალურ აზიაში ჩავიდა, 53,163 უზბეკეთში ჩაასახლეს, 28,598 ყაზახეთში, ხოლო 10,547 ყირგიზეთში. მათ აეკრძალათ ახალი დასახლებების დატოვება ადგილობრივი მმართველი ორგანოს ნებართვის გარეშე, გულაგის ბანაკებში 15-დან 20 წლამდე მძიმე შრომით დასჯის მუქარით.
სტალინის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, გადასახლებულ ჯგუფებზე კონკრეტული შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ეს არ შეეხოთ ვოლგისპირელ გერმანელებს, თათრებსა და მესხებს. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ დეპორტირებულებისთვის სპეციალური დასახლების ზონების შეზღუდვები მოიხსნა, რითაც გადასახლებული მესხების ნაწილმა აზერბაიჯანში გადასვლა შეძლო. აზერბაიჯანში გადასვლით, ისინი საქართველოსთან მიახლოებას ცდილობდნენ. 1958 წლიდან 1960 წლამდე აზერბაიჯანში სწორედ ამ იმედით 25 000 მესხი დაბრუნდა. მოგვიანებით, ცენტრალური აზიიდან ნაწილი რუსეთშიც, მათ შორის რუსეთის ჩრდილოკავკასიურ ტერიტორიებზეც ჩასახლდა, თუმცა ათასობით ადამიანი კვლავ ცენტრალურ აზიაში დარჩა.
აღსანიშნავია, რომ რეპატრიაციის ლობირების პირველი ჯგუფები 1956 წლიდან 1957 წლამდე გაჩნდა ისტორიკოს ენვერ მუშურ-ოღლუ ოდაბაშევის (ხოზრევანიძე) (1917–1993) ხელმძღვანელობით. ამ ჯგუფებმა სსრკ-სა და საქართველოს სსრ-ის პარტიული და სახელმწიფო ორგანოებისადმი შეადგინეს წერილები, რომლებშიც დაბრუნების უფლებას მოითხოვდნენ. თუმცა ამ ჯგუფებს სამი განსხვავებული ორიენტაცია ჰქონდათ: ერთი შეხედულების თანახმად, მესხები იყვნენ თურქები ცალკე რეგიონული იდენტობით. მეორე შეხედულებით, მესხები არაფრით განსხვავდებოდნენ თურქებისგან, ხოლო მესამე ორიენტაციის მიხედვით, მუსლიმი მესხები იყვნენ ქართველები, რომლებიც „იძულებულნი იყვნენ მიეღოთ ისლამი“. შესაბამისად, ერთი ჯგუფი მუსლიმი მესხების საქართველოში დაბრუნებას და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას ლობირებდა. მეორე ჯგუფი – ამ ადამიანების კონკრეტულად მესხეთში გადასახლებას. კიდევ ერთი მხარე მუსლიმ მესხებს თურქეთში გადასახლებას სთავაზობდა.
საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში უზბეკეთის სსრ-ში მუსლიმი მესხები კიდევ ერთხელ გახდნენ შევიწროების სამიზნეები, როდესაც ფერგანის ველზე ეთნიკური კონფლიქტი წარმოიშვა ადგილობრივ მოსახლეობასა და არა-უზბეკ ჯგუფებს შორის. 1989 წლის 3 ივნისს ადგილობრივი ახალგაზრდა უზბეკები თავს დაესხნენ მუსლიმი მესხების დასახლებებს, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. შედეგად, საბჭოთა ჯარმა 17 000 მუსლიმი მესხის ცენტრალური რუსეთის რეგიონებში ევაკუაცია განახორციელა. დაპირისპირება უზბეკეთში მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა, რის შედეგადაც ჯამში ქვეყანა 90 000-მდე მუსლიმმა მესხმა დატოვა. ისინი ძირითადად აზერბაიჯანსა და რუსეთში გადასახლდნენ.
2011 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მესხები: სამშობლოსკენ მიმავალნი“ დასახელებული მიახლოებითი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 425 000 მუსლიმი მესხი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ყაზახეთშია – 137 000 ადამიანი; აზერბაიჯანში – 100 000; რუსეთში 75 000; თურქეთში – 35 000; ყირგიზეთში – 33 000; უზბეკეთში – 22 500; აშშ-ში – 11 500; უკრაინაში – 10 000; საქართველოში – 1000.
მუსლიმი მესხების დაბრუნების ვალდებულება
საქართველომ მუსლიმი მესხების ღირსეული რეპატრიაციისა და შემდგომი ინტეგრაციის ვალდებულება ევროპის საბჭოს წევრობით აიღო.
რეპატრიაცია ნიშნავს იმ პირთა დაბრუნებას სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
საქართველოს მიერ რატიფიცირებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ასახელებდა, რომ საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსგან მოელოდა, რომ საბჭოთა პერიოდში მესხეთიდან გადასახლებული მოსახლეობის დაბრუნებისთვის ქვეყანა შიდა საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებდა [10.2; e] (დაარქივებული ბმული).
„გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში მიიღოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხური მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტეგრაციის, მათ შორის, ქართული მოქალაქეობის უფლების მინიჭების საშუალებას მისცემს; გაიაროს ევროპის საბჭოსთან კონსულტაციები ამ სამართლებრივი ჩარჩოს მიღებამდე, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესის დაწყება გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში და მესხური მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესი დაასრულოს გაწევრიანებიდან თორმეტი წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამ ვალდებულებების შესრულება საქართველომ 2007 წელს დაიწყო, როცა ამოქმედდა კანონი „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“. ხოლო 2011 წლის 1-ელ მარტს საქართველოს მთავრობის N111 დადგენილებით შეიქმნა უწყებათშორისი სამთავრობო საბჭო.
2014 წელს მიღებული იქნა „საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“. რეპატრიაციის პროცესისთვის დამატებით შეიქმნა „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ მთავრობის დადგენილება.
მოგვიანებით, მის საფუძველზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შევიდა და დადგინდა, რომ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირები პორობადადებულ მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებდნენ – დაბადების მოწმობისა და რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევის მიხედვით (დაარქივებული ბმული), აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პარალელურად რჩებოდა ისეთი გამოწვევები, მათ შორის ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც ძალიან ართულებდა რეპატრიაციის შესაძლებლობებს. დამატებით იმ პირებს, რომლებსაც რეპატრიანტის სტატუსი უნდოდა ათამდე დოკუმენტი უნდა წარედგინა. პროცესისთვის კი მჭიდრო და ამოწურვადი ვადები იყო დაწესებული. ამასთანავე, რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემდგომ, მათ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების მოთხოვნით ორი წლის ვადაში უნდა მიემართათ სახელმწიფოს სტრუქტურებისთვის. ამის შემდეგ განმცხადებელს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ასევე 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო კონკრეტული პირებისთვის. მაგალითად, საჯარო საუბრებში მესხების მიერ გამოთქმული იყო, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო უარს ამბობდა დაეკმაყოფილებინა მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადებები.
კვლევა ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ სახელმწიფომ რეპატრიაციის პროცესი შესაძლოა, მხოლოდ სამართლებრივი პრიზმიდან დაინახა და გატარებული ცვლილებებიც, საერთაშორისო ვალდებულებების ფორმალური შესრულების მიზნით გადადგა. რაზეც, მათი აზრით, ისიც მეტყველებს, რომ საქართველოში დაბრუნება დეპორტირებული მოსახლეობის კრიტიკულად მცირე რაოდენობამ მოახერხა.
აპლიკაციების ბოლო ვადისთვის, 2010 წლის პირველ იანვარს საქართველოში რეპატრიაციის განაცხადი 5871 ოჯახმა შეავსო. მათგან აზერბაიჯანზე მოდიოდა 5389 განაცხადი, ყირგიზეთზე – 173, თურქეთზე – 144, რუსეთზე – 64, უზბეკეთზე – 25, ყაზახეთზე – 16, უკრაინაზე – 9, ხოლო მოქალაქეობის არ მქონე პირების მიერ – 21. საერთო ჯამში აპლიკაციები ფარავდა 8900 ადამიანს არასრულწლოვანების ჩათვლით.
რაოდენობრივ მაჩვენებლებს რაც შეეხება, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რეპატრიაციის სტატუსი მიიღო 1998-მა სრულწლოვანმა, მათგან პირობადადებული მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭა 494 პირს. საბოლოო ნატურალიზება კი არცერთი მათგანის შემთხვევაში არ მომხდარა.
აპლიკაციების ეს რაოდენობა, მათ შორის, გამოწვეული იყო იმითაც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ მესხებს არაადეკვატური და მწირი ინფორმაცია ჰქონდათ აპლიკაციის პროცედურებისა და საქართველოში არსებულ საცხოვრებელ პირობებზე. ცნობიერების კამპანიები ძირითადად აზერბაიჯანში იყო წარმატებული. ბევრი პოტენციური რეპატრიანტს ასევე არ შეეძლო გადაეხადა საჭირო დოკუმენტების მოპოვებისა და თარგმნისთვის საჭირო გადასახადი [გვ.45].
თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2022 წლის ანგარიშში “საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულება”, სხვა საკითხებთან ერთად ასევე შეფასებულია მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულების შესრულების საკითხიც (დაარქივებული ბმული).
ამასთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სამართლებრივი ჩარჩოსა და რეპატრიაციის სტრატეგიის ამოქმედებით, მათ შეასრულეს ევროპის საბჭოს წინაშე გაწევრიანებისას აღებული ეს ვალდებულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც დიდწილად შეასრულა თავისი ვალდებულება. თუმცა, ასევე აღვნიშნავთ, რომ, როგორც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მესხურმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს რიგი პრაქტიკული ბარიერები – რომელთაგან ზოგიერთი სცილდება საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციას, როგორიცაა აზერბაიჯანული მოქალაქეობის გაუქმების სირთულეები – რაც ხელს უშლის ფაქტობრივ რეპატრიაციას და ამ ვალდებულების შესრულებას“.
ამდენად ანგარიში ამბობს, რომ საქართველომ დიდწილად შეასრულა აღებული ვალდებულება, თუმცა კვლავ არსებობს რიგი პრაქტიკული ბარიერები, რაც ვალდებულების შესრულებას შეიძლება ხელს უშლიდეს.
ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მესხი, ვისაც სურს საქართველოში რეპატრიაცია, ნამდვილად ჰქონდეს ამის გაკეთების გონივრული შესაძლებლობა. „ჩვენი აზრით, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად აიღებს ვალდებულებას ჩაატაროს რეპატრიაციის ჩარჩოსა და სტრატეგიის, ასევე მიღწეული შედეგების ყოვლისმომცველი შეფასება, მათ შორის წარმატებული რეპატრიაციისთვის ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ბარიერისა და დაბრკოლების იდენტიფიცირება, შეგვიძლია შევთავაზოთ ასამბლეას, რომ ეს ვალდებულება დასრულებულად ჩათვალოს“.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, ინფორმაცია გადასახლებულთათვის უფრო ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო, ან სააპლიკაციო პროცედურები ბევრად გამარტივებული, სხვა საკითხია რა რაოდენობის ადამიანი ისურვებდა რეალურად რეპატრიაციის პროცესის გავლას და საქართველოში დაბრუნებას. მუსლიმი მესხების ნაწილი კარგად ინტეგრირებულია იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. მაგალითად ცენტრალურ აზიაში. ამდენად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში გადმოსახლდებოდა, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში შედარებით მცირეა.
2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში (დაარქივებული ბმული) რომელიც უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) 2005 წლის ანგარიშის ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ უზბეკეთში მცხოვრები მუსლიმი მესხების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ მოხუცებისთვისაა სამშობლო. ახალგაზრდების სამშობლო კი უზბეკეთია და თუ სადმე წავიდოდნენ, არა ისტორიული, არამედ ეკონომიკური მიზეზებით. იმავე წყაროს მიხედვით, რუსეთში მცხოვრები დეპორტირებულებიდან ქართველად თავს ასევე მცირე ნაწილი, დიდი უმრავლესობა კი თურქად მიიჩნევს. ყირგიზეთში მცხოვრები დეპორტირებულების შემთხვევაში დაბრუნების იდეა პოპულარული მხოლოდ მოხუცებში იყო, სხვებს ეს მზაობა მხოლოდ მოხუცების პატივისცემის გამო შეიძლება ჰქონოდათ. მუსლიმი მესხების უმრავლესობამ იქ არაფერი იცოდა საქართველოზე და რუკაზე მესხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მოძებნაც კი უჭირდათ.
აზერბაიჯანში მცხოვრებ დეპორტირებულ მესხების უმრავლესობა თავს აზერბაიჯანელად მიიჩნევდა. სამშობლოში დაბრუნება სურდა მხოლოდ 30%-ს – უმეტესად მოხუცებს.
ყაზახეთის შემთხვევაში, იქ მცხოვრები მესხებიდან საქართველოში ჩამოსვლა 5 %-ს, ძირითადად მოხუცებს, უნდოდათ. უმეტესობისთვის რომ „მესხეთი” და საქართველო სიმბოლური სამშობლოა.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში რეპატრიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ლომაძემ განაცხადა, რომ იმ მუსლიმი მესხების ოდენობა, რომლებსაც რეპატრიაციის შემთხვევაში დაბრუნების სურვილი აქვთ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში 40-დან 50-ათასამდეა, ხოლო აზერბაიჯანში – 10 000.