სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გამოტანილია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ციტატა: „შეწყვიტეთ ჩინეთის დადანაშაულება. ჩინეთი რუსეთს არ ეხმარება, მაგრამ თუ ის დახმარებას გადაწყვეტს, ღმერთი არ დაგეხმარებათ. თითქმის მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. თუ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს დავინახავთ, რუსეთს დავეხმარებით, მაგრამ ახლა დაისვენეთ და უყურეთ, როგორ ამარცხებს რუსეთი მარტო მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია.
პირველ რიგში, ციტატა სოციალურ ქსელში 2023 წლის ივნისში რუსულ ვებგვერდებზე და რუსულენოვან სოციალურ ქსელში გამოჩნდა, თუმცა არცერთი მათგანი განცხადების წყაროზე არ მიუთითებს. ამავდროულად, ციტატა ინგლისურ ენაზე მხოლოდ X პლატფორმაზე, პრორუსული ანგარიშების გვერდებზე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის მსგავსი ციტატა არცერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში იძებნება. ციტატა არ იძებნება ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ წყაროებში და ჩინეთის მთავრობასთან აფილირებულ მედია-საშუალებებშიც, როგორიც არის Xinhua News Agency, People’s Daily, CGTN და სხვა.
2023 წლის ივნისში აღნიშნული ციტატა უკრაინულმა და ბელარუსულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა, VoxCheck-მა და Belarusian Investigative Center-მა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ის ყალბია.