გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ფარულად შეხვდნენ

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ვირუსულად ავრცელებენ ვიდეოს (1, 2, 3, 4) (დაარქივებული ბმული), რომელშიც ლევან ხაბეიშვილს, პაატა ბურჭულაძესა და არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს შორის შეხვედრაა ასახული. ანგარიშები ვიდეოს მსგავსი შინაარსის აღწერებით ავრცელებენ: „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა მღვდელმა დოროთე ყურაშვილმა საკუთარ კელიაში ლევან ხაბეიშვილს და პაატა ბურჭულაძეს ფარულად უმასპინძლა“; „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა მღვდელმა დოროთე ყურაშვილმა საკუთარ კელიაში ლევან ხაბეიშვილს და პაატა ბურჭულაძეს ფარულად უმასპინძლა“.

სინამდვილეში, მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილსა და არქიმანდრიტს შორის შეხვედრას ფარული ხასიათი არ ჰქონია და მის შესახებ ბურჭულაძემ და ხაბეიშვილმა საჯარო პოსტები გამოაქვეყნეს.

2025 წლის 26 აგვისტოს მომღერალი და მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ესტუმრნენ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. ამის შესახებ მათ საკუთარ Facebook-ანგარიშებზე საჯარო ინფორმაცია თავად გამოაქვეყნეს:

პაატა ბურჭულაძე: მე და ლევან ხაბეიშვილი ვესტუმრეთ არქიმანდრიტ დოროთეს, მადლობის სათქმელად მისი სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის. მადლობა მამა შიოს და მამა ილიას. ილიას ვულოცავთ დაბადების დღეს.

ლევან ხაბეიშვილი: მადლობა მამა დოროთეს შიოს და ილიას სახელმწიფოებრივი პოზიციისთვის. ქრისტე არის სიყვარული, სიკეთე და არა სიძულვილი და ბოროტება.

ორივე პოსტს თან ახლავს ერთი და იგივე სურათი, რომელზეც ხაბეიშვილი და ბურჭულაძე მამა დოროთესთან, შიოსა და ილიასთან ერთად დგანან.

აღნიშნული ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილმა 26 აგვისტოს 15:37 საათზე გამოაქვეყნა, ხოლო პაატა ბურჭულაძემ – 15:41-ზე.

Facebook-მომხმარებლებმა კი მტკიცება, თითქოს ხაბეიშვილი და ბურჭულაძე არქიმანდრიტს ფარულად შეხვდნენ, საჯარო პოსტების გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელეს.

ამრიგად, შეხვედრის შესახებ ვირუსულად გავრცელებული მტკიცება ყალბია, ვინაიდან შეხვედრას ფარული ხასიათი არ ჰქონია და მის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველადვე საჯაროდ გავრცელდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge