სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Irakli Jankarashvili, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2), ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი ამბობს: „ჩვენ გვაქვს, როგორც ქართველი ერის, პასუხისმგებლობა ჩვენ მოძმე ერთან, უკრაინელებთან. ესენი ფიზიკურად იბრძვიან და ყოველდღე სიცოცხლის საფრთხეში არიან და ჩვენ რა? აი, ესე, დაველოდოთ, რომ ეგებ რაღაცა შეიცვალოს?!“.
ვიდეოს აღნიშნული მონაკვეთი, აღწერასთან ერთად „რა სამწუხაროა ბომბები რომ არ გვეცემა არა?“, მაყურებელს უქმნის წარმოდგენას, რომ ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი უკრაინის მხარდაჭერისთვის საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. რეალურად, სრულ მონაკვეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლოდინის ნაცვლად, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე საუბრობს. ხელისუფლების ცვლილება, მისი აზრით, არის ის პასუხისმგებლობა, რაც ქართველებს თავიანთი თავის, მომავლისა და მოძმე უკრაინელ ერთან მიმართებით აქვთ.
გადაცემაში „დღის წესრიგი“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ YouTube არხზე 27 აგვისტოს გამოქვეყნდა, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი ამბობს (იხილეთ ბმულზე 52:17 წთ-დან): „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ანუ ესა ჩემი, ჩვენი, ეს არის ყველა ინდივიდის პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობას ვატარებთ წარსულის მიმართ. ამდენი ხალხი რომ იბრძოდა ამისთვის, რომ აქამდე მივიდა ეს ქვეყანა. გმირები გვყავს, ძალიან ბევრი გმირი, რომლებმაც სიცოცხლე დადო სასწორზე, რომლებმაც, მოკლედ, ძალიან დიდი უბედურება გადაიტანეს და ეს ფუჭად არ უნდა მოხდეს. ასევე გვაქვს ეს პასუხისმგებლობა, როგორც წეღან ვთქვი, მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს, როგორც ქართველი ერის, პასუხისმგებლობა ჩვენ მოძმე ერთან, უკრაინელებთან. ესენი ფიზიკურად იბრძვიან და ყოველდღე სიცოცხლის საფრთხეში არიან და ჩვენ რა, აი ასე დაველოდოთ, რომ ეგებ რაღაცა შეიცვალოს პოლიტიკური ამინდი?! არა, ეს არის ჩვენი სატარებელი, ჩვენი საბრძოლო და, რა თქმა უნდა, ადამიანურად არის ეს, რომ შიშიც გვაქვს რაღაცა, ხანდახან ლაჩრული ელემენტიც არის ყველა ადამიანში, მაგრამ ყველა ადამიანშიც ასევე არის ის გმირული მხარე, ხო? აი, ეს გმირული მხარე უნდა გავააქტიუროთ ახლა და უნდა დავდგეთ მშვიდობიანად, მაგრამ არ უნდა დაველოდოთ, რომ ესენი რაღაცა საკენკს გადმოყრიან ან რაღაცა იმის იმედით, რომ რაღაც არჩევნებს დაინიშნავენ ან რაღაცა ქალაქებს გამოგვაგლეჯინებენ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, პრინციპულად, სოლიდარულად და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს“.
ამდენად, გავრცელებულ ვიდეოს დამატებითი კონტექსტის გარეშე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. გადაცემის სრულ მონაკვეთში ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი არა ქვეყნის ომში ჩართვაზე, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.