დავით მათიკაშვილი: (Freedom House/2025 – ანგარიშზე) არა თუ გაუმჯობესებულია საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობა, ის არის კარდინალურად შეცვლილი 2013 წლიდან დღემდე
ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, დავით მათიკაშვილის განცხადება არის ტყუილი
ანალიზი:
მას შემდეგ, რაც პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა საქართველოში სასამართლო სისტემის გაუმჯობესების შესახებ არაერთი მანიპულაციური მასალა გაავრცელეს (იხ. იმედის, რუსთავი-2-ის, ნიუსჰაბის მასალები), საკითხს „ქართულ ოცნებაშიც“ გამოეხმაურნენ.
20 აგვისტოს „ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ევროკომისიის მიერ, საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ Freedom House-ს 2025 წლის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობა არა თუ გაუმჯობესებული, არამედ კარდინალურად შეცვლილია.
„ჯეოფაქტსმა“ დავით მათიკაშვილის განცხადება გადაამოწმა
„Freedom House“ გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თავისუფლების კუთხით ქვეყნებს ყოველწლიურად, ორი კატეგორიით – პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალით აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ენიჭება.
„ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2024 წლის მონაცემებს ეყრდნობა და მასში წარმოდგენილი არ არის 2025 წლის დასაწყისიდან მიღებული კიდევ უფრო რეპრესიული კანონები, საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია და გასულ წელთან შედარებით, სამი ქულით ნაკლები – 55 ქულა, აქვს მინიჭებული. პოლიტიკური უფლებების ნაწილში მაქსიმალური 40-დან საქართველოს შეფასებაა 21 ქულა, ხოლო სამოქალაქო უფლებების ნაწილში – მაქსიმალური 60-დან 34 ქულა.
Freedom House-ის წლების სტატისტიკა მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ 2017-2024 წლებში საქართველოს მაჩვენებლები უწყვეტ რეგრესს განიცდის. 2025 წელს, საქართველო ქუვეითთან, ტუნისთან, ელ სალვადორთან, ღაზის სექტორთან და სხვა ტერიტორიებთან ერთად – 3 ქულით 2024 წელს ყველაზე დიდი ქულობრივი ვარდნის მაჩვენებელი ქვეყნების/ტერიტორიების სიაში მოხვდა.
წყარო: იხ. ანგარიში ბმულზე გვ. 6.
ანგარიში ძირითად თავებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, კონკრეტული ქვეკითხვებისგან შედგება. თითოეული ქვეკითხვა ფასდება 0-დან 4 ქულამდე სკალაზე, სადაც 0 მიუთითებს ყველაზე დაბალ, ხოლო 4 – ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. დავით მათიკაშვილის განცხადება ერთ-ერთი ქვეთავის Rule of Law-ს ქვეკითხვას – „არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო?“- ეფუძნება.
რეალურად, მონაცემთა დინამიკის მიხედვით, ამ კომპონენტში საქართველომ 1-დან 2-მდე ქულის გაუმჯობესება ერთჯერადად 2013 წელს მოახერხა, ხოლო, 2013 წლის შემდეგ პროგრესი საერთოდ აღარ დაფიქსირებულა. უკვე 12 წელია, ქვეყნის ქულა სტაბილურად 2-ზე რჩება (რაც საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს).
წყარო: Freedom House All data 2023 – 2024 (Exel)
სასამართლოს დამოუკიდებლობის კომპონენტთან მიმართებით, Freedom House 2025 წლის დეტალურ აღწერაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პროცესები ხშირად არ გამოირჩევა გამჭვირვალობითა და პროფესიონალიზმით, ხოლო მოსამართლეთა მცირე ჯგუფი — მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები — ფაქტობრივად აკონტროლებს დანარჩენ სისტემას.
გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია ფაქტები, რომლებიც კიდევ უფრო აყენებს ეჭვქვეშ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ინსტიტუციურ ანგარიშვალდებულებას. მათ შორის, 2023 წელს აშშ-ის მთავრობის მიერ მოსამართლეთათვის სანქციების დაწესება კორუფციისთვის და „საქართველოს სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობისა და საზოგადოების ნდობის შერყევისთვის“; 2024 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსამართლეთა ჯგუფის სარჩელის დაკმაყოფილება და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონებრივი დეკლარაციების გამოძიების შეჩერება; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრის დანიშვნის დაბრკოლება და გასული ათწლეულის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინაციის პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვა.
განცხადების ავტორი, სრულიად უგულებელყოფს Freedom House-ის იმ ძირითად მიგნებებს, რომლებმაც, 100-ქულიან სისტემაში, საქართველოს მხოლოდ 55 ქულით შეფასება განაპირობეს. 2024 წლის საქართველოში მომხდარი „მნიშვნელოვანი მოვლენებიდან“ ორგანიზაცია აკრიტიკებს:
- აპრილში მიღებულ კანონმდებლობას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ;
- პროტესტების ჩახშობისას გამოყენებულ ძალადობას;
- ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით ხმის საიდუმლოს დარღვევით, ხმის მოსყიდვის შემთხვევებით, ასევე ძალადობისა და დაშინების ფონზე წარიმართა;
- მთავრობის მიერ ნოემბერში ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე გადადებას, რამაც საპროტესტო აქტივობის ახალი ტალღა წარმოშვა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ, როგორც წინა აქციების დროს, ხელისუფლებამ საპროტესტო ძალადობა, ჯარიმები და პატიმრობა გამოიყენა მონაწილეთა დასაშინებლად, ხოლო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია პოლიციის კონტროლქვეშ მყოფი პირების წამებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ.
- წლის განმავლობაში უცნობი თავდამსხმელების მიერ მიზანმიმართულ ფიზიკურ თავდასხმებს არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და პროტესტებში მონაწილე მოქალაქეებზე
- დეკემბერში ძალაში შესულ კანონს LGBT+ უმცირესობების წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, დავით მათიკაშვილის განცხადება, რომელიც თავის მხრივ, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ყალბი კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს – თითქოს საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა გაუმჯობესდა, მცდარია და არ შეესაბამება Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის მონაცემებს. რეალურად, ანგარიში ადასტურებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით კვლავ სერიოზული პრობლემები შეინიშნება. უშუალოდ სასამართლო დამოუკიდებლობის ქულა 2013 წლის შემდეგ, სინამდვილეში, არათუ კარდინალურად არ შეცვლილა, არამედ საერთოდ აღარ გაუმჯობესებულა. გარდა ამისა, განცხადების ავტორი სრულად უგულებელყოფს ანგარიშში წარმოდგენილ თვისობრივ შეფასებებს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულზე დაყრდნობით, „ჯეოფაქტსი“ დავით მათიკაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.