გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Your home doctor” ავრცელებს ვიდეოს (არქივირებული ბმული), რომელშიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი ნინო შუბლაძე პროფესორ ზურაბ გურულის მიერ შექმნილ სახსრების ტკივილის სამკურნალო საშუალების შესახებ საუბრობს. ვიდეოში ზურაბ გურული ამბობს: „მე პროფესორი, დოქტორი ზურაბ გურული ვარ, სახსრებთან ვმუშაობ უკვე 25 წელზე მეტია, ჩავატარე [შეუძლებელია სიტყვის გარჩევა] კლინიკური კვლევა საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად, მე აღმოვაჩინე შოკისმომგვრელი სიმართლე, ყველაფერი რასაც აფთიაქებში ყიდიან, მხოლოდ ხაფანგია, რადგან მათში არ არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი , რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება (…) ახლა ჩვენ გვაქვს გამოსავალი, მე შევქმენი  სპეციალური სასმელი ჯანჯაფილისგან, რომელიც 17 ათასზე მეტ პაციენტს დაეხმარა ტკივილისგან გათავისუფლებაში, სახსრების მოქნილობის აღდგენასა და მათი დაშლის შეჩერებაში. ეს რეცეპტი ოფიციალურად დამტკიცდა და კლინიკური კვლევები წარმატებით გაიარა“.

სინამდვილეში, ვიდეო ნამდვილი არ არის. როგორც წამყვანის, ასევე პროფესორ ზურაბ გურულის კადრები ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული.

თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ როგორც ნინო შუბლაძის,  ასევე ზურაბ გურულის ტუჩების მოძრაობა არ ემთხვევა მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. მათ საუბარში ხშირია გრამატიკული შეცდომებიც.

რედაქტირებული ვიდეო Facebook-ზე გვერდმა, სახელად Your home doctor განათავსა. გვერდზე გადასვლისას ჩანს, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ინგლისურენოვანი პოსტი აქვთ გამოქვეყნებული (1, 2). ასევე, Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია გვერდის მიერ გაშვებული Amazon-ის პროდუქციის, კერძოდ, წნევის აპარატების, ინგლისურენოვანი  რეკლამები (იხილეთ ფოტო). დარეკლამებული პოსტები მათ გვერდზე (ე.წ. Timeline-ზე) არ გვხვდება.

 

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია და სპეციალური სასმელი საშუალების შესაძენად მომხმარებლების თანხის მითვისებას ცდილობს. ვიდეოს თანდართული აქვს ბმულიც, რომელიც, ამჟამად, აღარ ფუნქციონირებს. სავარაუდოდ, მასზე გადასვლის შემდეგ მომხმარებლებს „ახალი პროდუქტის“ შესახებ ინფორმაცია დახვდებოდათ და მისი შეძენისთვის თავიანთი მონაცემების მითითებასაც შეძლებდნენ. ის, რომ სავარაუდოდ, მოქალაქეების პირადი მონაცემების მოპოვებისთვის გათვლილი თაღლითური სქემაა, მიანიშნებს, გასულ თვეს მსგავსი თაღლითური სქემების ვიდეოების გავრცელებაც. ერთ-ერთ შემთხვევაში მომხმარებლებს ბალანსზე 20 ევროს შეტანას სთხოვდნენ (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები 1; 2).

საგულისხმოა ისიც, რომ მისი სახელით  მსგავსი ყალბი ინფორმაციის და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოების გამოქვეყნებას, გასულ თვეში ზურაბ გურული სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პოსტში ვკითხულობთ: „გაცნობებთ რომ ეს არის ყალბი, აფერისტების მიერ დამზადებული მასალა, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და რომ მე არავითარი კავშირი არა მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ საშიშ სისულელეს ავრცელებენ. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ ასეთ მცდელობას ექნება ადგილი ჩემი რეპუტაციის შესალახად და აფიორებით მოგების მისაღებად; ამიტომ იცოდეთ, რომ მე თუ რაიმე სერიოზულ თემაზე ვისაუბრებ, ბმული და შესაბამისი კომენტარი ყოველთვის იქნება ჩემს ფეისბუქ-გვერდზე. რასაც ჩემთან ვერ იპოვით, ჩათვალეთ რომ ნაყალბევია“.  მის Facebook-გვერდზე სახსრების ტკივილის სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება.

 

ამგვარად, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული და ის სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge