სოციალურ ქსელში ტელეკომპანიები „იმედი“; „რუსთავი 2“; „POSTV”; „Newshub“ (1, 2, 3, 4, 5) 8 სექტემბრის საღამოს კახა კალაძის თბილისის შტაბის წინ მომხდარის შესახებ ვიდეოებს და ფოტომასალებს (1, 2) (დაარქივებული ბმულები 1; 2; 3) კოორდინირებულად აქვეყნებენ და მომხდარს შემდეგნაირად აღწერენ: „ოპოზიციის მოძალადე ჯგუფებმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც დაპირისპირება მოყვა“. აღნიშნული მედიები, კადრებში, რომლებიც ქრონოლოგიურად თანმიმდევრული არ არის, აქცენტს აქციის მონაწილეებზე აკეთებენ და მომხდარს იმგვარად წარმოაჩენენ, თითქოს დაპირისპირების დაწყების მიზეზი პროტესტის მონაწილეების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. ამის დასტურად ვიდეოში გამოყენებული აქვთ კადრები, რომლებშიც აქციის მონაწილეები იგინებიან და უხამს სიტყვებს იყენებენ. ამის შემდეგ კი ვიდეოებში უშუალოდ დაპირისპირების კადრები ჩნდება. მსგავსი მტკიცებით ვიდეოები სოციალურ ქსელში კოორდინირებულად სხვა ონლაინ მედიებმაც, მათ შორის: „SULinfo/სულინფო“ და „ექსკლუზივ ნიუსი“, ანონიმურმა გვერდებმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9) და ასევე რამდენიმე ინდივიდუალურმა ანგარიშმაც (1, 2, 3, 4, 5) გაავრცელეს.
რეალურად, დაპირისპირების კადრების ნახვის შემდეგ, რომელთა ნაწილი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ არის გადაღებული, დგინდება, რომ დაპირისპირება მარშის მონაწილეების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას არ გამოუწვევია. ტელეკომპანიებისა და სხვადასხვა Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეოები სინამდვილეში ფიზიკურ თავდასხმის შემდგომ მომხდარ მოვლენებს ასახავს.
რა მოხდა 8 სექტემბრის საღამოს?
8 სექტემბრის საღამოს მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა. შტაბთან მივიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მომავალი მარშის მონაწილეები. ეს მონაკვეთი კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ხატია სიჭინავას Instagram-ამბებში (Story). კადრებში მარშის მონაწილეების შემდეგი რუტინული შეძახილები ისმის, რომელთაც ისინი მარშებზე ყოველდღიურად იყენებენ: „საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“; „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“.
რუტინული შეძახილების შემდეგ აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვით გამოდის და ამბობს: „კახი კალაძე ისტორიას დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი. მაშინ, როდესაც თბილისში 45 ათასი ადამიანი ყოველ დღე იკვებება სოციალურ სასადილოებში. 45 ათასი ადამიანი ყოველდღე…“. ამ დროს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების უკან რამდენიმე ავტომობილი ჩერდება. კადრებში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (1, 2, 3, 4). შტაბთან პოლიციელები მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდნენ. „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა ვაკე საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსანი გოგი ბაგიანიც.
რამდენიმეწუთიანი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, დაახლოებით 20:17 წუთზე, თავდამსხმელთა ნაწილი შტაბში შევიდა, ნაწილი კი შესასვლელ კართან დადგა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა (იხილეთ ბმულზე).
საგულისხმოა, რომ ამ მონაკვეთში (იგულისხმება ფიზიკური დაპირისპირების დაწყების შემდეგ) აქციის მონაწილეების მხრიდან მართლაც იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა, ვიდეოები, რომელშიც აქციის მონაწილეების მხრიდან უხამსი შეძახილები ისმის და რომელთაც ზემოთ ნახსენები ტელეკომპანიები და Facebook-ანგარიშები დაპირისპირების დაწყების მიზეზად წარმოაჩენენ, სინამდვილეში, ფიზიკური თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული.
მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო იწყება კადრით, რომელშიც აქციის მონაწილეები ბარიკადების მეორე მხარეს მდგომ პირებს ეძახიან „მონებო“. აღნიშნული მონაკვეთი სინამდვილეში პირველი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ არის გადაღებული და პოლიციელებიც ადგილზე უკვე მობილიზებულნი არიან. ხატია სიჭინავას Instagram-ამბავში ჩანს, როგორ მოდიან პოლიციელები ფიზიკური დაპირისპირების დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ხოლო ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე ისინი ადგილზე არ არიან. შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის“ კადრებში პოლიციელების ადგილზე ყოფნა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ პირველი ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარია, პოლიცია უკვე მოსულია და კადრები შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
დამატებით, ტელეკომპანია „იმედის“ კადრში ჩანს „პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მის გვერდით კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ესაუბრება (იხილეთ პირდაპირი ეთერი ბმულზე). „ჯეოფაქტსმა“ მიაკვლია სწორედ ამ ინტერვიუს, რომელსაც კადრებში ასახული პირი იმ მომენტში იძლევა, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ დაპირისპირებამდე მომხდარ მოვლენების ამსახველ კადრად ასაღებს. თავის საუბარში აქციის მონაწილე იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მარშის მონაწილეები, მათ შორის, თვითონ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „იმედის“ კადრში დაპირისპირების დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მოყვანილი ვიდეო მას შემდეგ არის გადაღებული, რაც პირველი ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარია.
რამდენიმე წუთის შემდეგ, დაპირისპირებამ შტაბთან ახლოს მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეები შტაბის მიმდინარე ტერიტორიიდან განარიდეს. საბოლოოდ, მარშის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ შორის, „პუბლიკას“ ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ უნგრელ აქტივისტს და ჟურნალისტს, ლასლო რობერტ მეზეშს. ტელეფონი წაართვეს „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილს და ქეთო მიქაძეს. რადიო თავისუფლების ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და აგინა „ნეტგაზეთის’ ჟურნალისტს, ქეთი ხუციშვილს. სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც აქციის მონაწილეების მიმართ ნასროლი ბოთლი სავარაუდოდ პოლიციელს მოხვდა.
ერთ-ერთი პირი, აქციის მონაწილეებს რეზინის ხელკეტითაც უსწორდებოდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ მას პოლიციელმა რეზინის ხელკეტის გადაცემა მოსთხოვა. საპასუხოდ, მან პოლიციელს უთხრა: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან ვარ“. თუმცა, პოლიციელმა ხელკეტი აღნიშნულ პირს მაინც ჩამოართვა და პოლიციის მანქანისკენ წაიღო.
დაპირისპირების დროს ადგილზე პოლიციას არავინ დაუკავებია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კალაძის შტაბთან დაპირისპირების შემდეგ პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გამოძიება, „ქართული ოცნების“ მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთი, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, „სახეზეა არა ორმხრივი შეტაკება, ან აუცილებელი მოგერიება, არამედ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა“. მათივე თქმით, თავდასხმები როგორც აქციის მონაწილეებზე, ასევე ჟურნალისტებზე, პოლიციელთა თვალწინ ხდებოდა და სამართალდამცავ უწყებებს არ ჰქონიათ ეფექტიანი რეაგირება ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისა და მოძალადე პირთა პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად.
რეალურად როგორ დაიწყო დაპირისპირება და რას ავრცელებენ პროსახელისუფლებო მედიები?
პროსახელისუფლებო არხების მიერ გავრცელებული მონაკვეთები დაპირისპირების დაწყების ამსახველი კადრები არაა. ეს თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ხატია სიჭინავას მიერ გამოქვეყნებული კადრებით და ასევე „პუბლიკას“ პირდაპირი ეთერითაც დგინდება. როგორც სიჭინავას მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, ასევე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მხარდამჭერი პირის, გიორგი ჭურღულიას ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დასაწყისში ბარიკადების არც ერთ მხარეს პოლიციელები არ დგანან. ისინი ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდნენ. ტელეკომპანიების „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და სხვების კადრებში კი პოლიციელები უკვე ბარიკადებთან დგანან (იხილეთ ფოტოები), რაც იმას ნიშნავს, რომ კადრები დაპირისპირების დაწყების შემდეგ არის გადაღებული.
ამდენად, აქციების მონაწილეების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მაგალითები, რომლებიც ვიდეოებშია წარმოდგენილი, ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე არ არის გადაღებული. შესაბამისად, მტკიცება, რომ ფიზიკური დაპირისპირება მათ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ასახულ მოვლენებს მოჰყვა, სიმართლეს არ შეესაბამება.