სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი (არქივირებული ბმული), რომელშიც გამოტანილია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა: „კახეთი არ არის ქართული ოცნების საკუთრება, კახელებო არ მისცეთ ხმა ქართულ ოცნებას“. Facebook-ის გარდა, ციტატა თავდაპირველად Tiktok პლატფორმაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ანგარიშის „georgiandream.4141“ მიერ გავრცელდა. სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.
პირველ რიგში, გავრცელებული ციტატა არცერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ იძებნება. ის არ გვხვდება არც ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოლო საჯარო კომუნიკაცია ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ წარმატებას ეხება. მისი ბოლო პოლიტიკური განცხადება კი პოლიტიკიდან წასვლას უკავშირდება, რაზეც მან ბოლო ბრიფინგის დროს ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ორჯერ იკავებდა – ჯერ 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, მეორედ კი – 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე. ის ასევე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო, 2024 წლის პირველ თებერვალს აირჩიეს. პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ საკუთარი „მისია შეასრულა“ და თავს ვერც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე და ვერც პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.
ამრიგად, აღნიშნული ციტატა ირაკლი ღარიბაშვილს არ ეკუთვნის და გაყალბებულია.