გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Gvalski Temo, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომიდან ვიდეოს მონაკვეთს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი  მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის გზაზე. სინამდვილეში, ვიდეო ძველია და დევიდ მაკალისტერი ამგვარი სიტყვებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს.

2025 წლის 4 ივნისს ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი წარადგინა. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, ნინო ევგენიძე და ქეთევან ხუციშვილი.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა სხდომაზე მყოფი ქართული სამოქალაქო საზოგადოების წევრები წარადგინა და აღნიშნული სიტყვებით სწორედ მათ მიმართა (09:44:25):

„ძვირფასო კოლეგებო, მინდა გაცნობოთ და ვისარგებლო შემთხვევით, რომ მივესალმო ჩვენთან ერთად მყოფ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს… ძვირფასო სტუმრებო საქართველოდან, მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა გამოიჩინეთ აღსანიშნავი მშვიდობიანი ძალისხმევა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თქვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. თქვენი აქ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ყოფნა ძლიერი გზავნილია, რომ ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება. მინდა გითხართ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენთან ვართ. გმადლობთ, რომ აქ ხართ და ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოსთვის“ .

აღნიშნულ სიტყვას კომიტეტის დარბაზში ევროპარლამენტარების მხრიდან ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა. სწორედ აღნიშნული მონაკვეთი ვრცელდება სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე იმგვარად, თითქოს ეს სიტყვები მაკალისტერმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დროს წარმოთქვა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. რეალურად კი, მაკალისტერმა ამგვარად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს 4 ივნისს მიმართა.

Facebook-პოსტის კომენტარების სექციაში ცხადი ხდება, რომ ვიდეომ საზოგადოებაში დაბნეულობა იმის გამო გამოიწვია, რომ გაუგებარი იყო, თუ როდის და ვის მიმართ წარმოთქვა მაკალისტერმა აღნიშნული სიტყვები.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge