გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ალბი კორძაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუები მანიპულირებულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო (1, 2, 3) (დაარქივებული ბმული), რომელშიც პრო-ევროპული აქციების აქტივისტების, ნანუკა ჟორჟოლიანისა და ალბი კორძაიას ინტერვიუებიდან კადრებია ასახული. ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეოში ამბობს: „შემდეგი განცხადება იქნება, რომ ლობიანების დარიგებისთვისაც ცალკე მუხლით ბრალი წამიყენეს“; ამის შემდეგ კი ალბი კორძაია აცხადებს: „ორი ნაჭერი ლობიანი შევჭამე გზაში და შეიძლება ის ლობიანი გაფუჭებულიც იყო. და ამასობაში, სანამ მე აქ ვწევარ და სანამ მე აქ გადასხმას ვიკეთებ…“. ვიდეოს აღწერა წარმოაჩენს, თითქოს ალბი კორძაია ნანუკა ჟორჟოლიანის მიცემულმა ლობიანმა მოწამლა. სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოებს შორის კავშირი არ არსებობს.

2025 წლის 17 მარტს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდის საბანკო ანგარიში დააყადაღეს. პროკურატურის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა ხუთი ორგანიზაციის ანგარიშები „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საფუძველზე აღძრული საქმის ფარგლებში. განცხადების თანახმად, ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხები „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებას“ ხმარდებოდა, რამდენადაც გადარიცხვების დანიშნულებაში მითითებული იყო „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და ა.შ.

17 მარტს ნანუკა ჟორჟოლიანს „ტვ პირველთან“ ჰქონდა ინტერვიუ, რომელშიც „ნანუკას ფონდის“ საქმიანობაზე, ანგარიშების დაყადაღებასა და წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა. ამ მონაკვეთში (7:05) ჟორჟოლიანი პროკურატურის განცხადებაზე აკეთებს კომენტარს: „აირწინაღი რომელი კანონით იკრძალება, რომ შევიძინო და დავარიგო, როდესაც ხელისუფლება გაზით გუდავს მოქალაქეს, ეს ჩემთვის არის გაუგებარი. აირწინაღი მაშინ აკრძალული არ იყო, როდესაც ჩვენ ვყიდულობდით და მას შემდეგ, რაც აიკრძალა, ჩვენ აღარ გვიყიდია და აღარ შეგვიძენია…. უკაცრავად, 37 წელია? სულ რომ დაადასტუროს [აქციებზე დაკავებული ბრალდებულების დანაშაული სასამართლომ], რა უნდა დაადასტუროს, მაგრამ მაინც – მათი ოჯახის წევრების დახმარება რომელი კანონით იკრძალება? რას ნიშნავს, ანუ ოჯახის წვერებიანად ხდება განადგურება მოქალაქეების? ეს რა სამარცხვინო განცხადებაა. მე გაცილებით უფრო სერიოზულ და მნიშვნელოვან განცხადებას ველოდი. შემდეგი განცხადება იქნება, რომ ლობიანების დარიგებისთვისაც ცალკე მუხლით ბრალი წამიყენეს. სამარცხვინო განცხადება პროკურატურის მხრიდან…“

ამრიგად, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება პროკურატურის მიერ მისი ფონდის ანგარიშების დაყადაღებას შეეხებოდა.

რაც შეეხება ალბი კორძაიას განცხადებას, მან „ტვ პირველის“ ეთერში ინტერვიუ 5 სექტემბერს მისცა. ალბი კორძაია 2 სექტემბერს საპროტესტო აქციაზე, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 5 სექტემბერს სასამართლომ მის საქმეზე დასკვნა გამოიტანა და 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მან განაჩენი კლინიკაში გაიგო, სადაც სამედიცინო პროცედურებისთვის იყო მისული. ჟურნალისტის თქმით, ალბი კორძაია იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაყვანისას თავს შეუძლოდ გრძნობდა. აქტივისტის განცხადებით, ის სავარაუდოდ მოიწამლა იზოლატორში მიღებული საკვებით, რის გამოც ორი დღე ტკივილები აწუხებდა. სწორედ აღნიშნულ საკითხზე გააკეთა ალბი კორძაიამ კომენტარი „ტვ პირველის“ ეთერში:

„როდესაც გამოგვიყვანეს ჩვენ ახალციხის იზოლატორიდან, გზაში, სანამ ჩამოვიდოდით თბილისში, კვება, რა თქმა უნდა, არავის არ შემოუთავაზებია ჩვენთვის, როგორც წასვლაზე, ასევე მოსვლაზე. ჩვენ რაც გვქონდა იზოლატორში შენახული, ის საჭმელები წამოვიღეთ. ორი ნაჭერი ლობიანი შევჭამე გზაში და შეიძლება ის ლობიანი უკვე გაფუჭებულიც  იყო. და ამასობაში, სანამ მე აქ ვწევარ და სანამ მე აქ გადასხმას ვიკეთებ, ამ დროს ცაგარეიშვილი მასამართლებს და მისჯის 12 დღეს. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდში ვცხოვრობთ…“

ამრიგად, ალბი კორძაია იზოლატორში მიღებულ საკვებზე საუბრობს, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი საპროტესტო აქციებზე დარიგებულ ლობიანებზე. ამ ორ ვიდეოს შორის კი რაიმე კავშირი არ არსებობს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge