გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

ზაზა შათირიშვილი გერმანიაში წინასაარჩევნოდ კანდიდატების გარდაცვალების შესახებ კონსპირაციას ავრცელებს

2025 წლის 8 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მედიამ ფილოსოფოსის და „ქართული ოცნების“ იდეოლოგის, ზაზა შათირიშვილის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც შათირიშვილი წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალებას, რომელთა შორის 7 ულტრა-მემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები არიან, „დიფ სთეითის“ მიერ შეკვეთილ მკვლელობებს მიაწერს (იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია „დიფ სთეითის“ კონსპირაციის შესახებ) – „როგორ ჩანს, მათთან მიმართებაში [„ალტერნატივა გერმანიისთვის“] „დიფ სთეითმა“ ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, გადაბირება და საკუთარ აგენტად ქცევა, რითაც იმართება კიდეც გერმანიის დღევანდელი ხელმძღვანელობა… შესაბამისად, არც მოსყიდვა და ამ ეტაპზე – არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, სხვა მეთოდს მიაგნეს და პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი. შესაბამისად, მივიღეთ სურათი, რომ ამ დაუნდობელი ნაბიჯით „დიფ სთეითი“ ჩანერგავს სიკვდილის შიშს იმ პოლიტიკოსებსა და პარტიებში, რომლებიც ვერ მოისყიდა, საკუთარ აგენტებად ვერ აქცია და გარკვეულწილად, ადამიანების სიცოცხლის ფასად, მაინც მიაღწევს სასურველს“.

ზაზა შათირიშვილის წერილი გამოაქვეყნა ტელეკომპანია „პოსტივიმ“, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“, ასევე ონლაინგამოცემა „ნიუსჰაბმა“, „ინფო 9-მ“, „პრაიმტაიმმა“, „ჯორჯიან თაიმსმა“, „რადიო სივრცემ“, „სააგენტო სივრცეებმა“, „მარშალპრესმა“, „მედიაჰოლდინგმა კვირამ“ და სხვა. ტელეკომპანიებმა ეთერში ამბავს ცალკეული სიუჟეტებიც დაუთმეს, რომელშიც ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებული კონსპირაცია დამატებითი სიმწვავით არის გადმოცემული.

„ერთ დროს ყველაზე წარმატებული და განვითარებული გერმანია ახლა „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგებს იმკის. ამის თქმის საფუძველს ფილოსოფოსს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მუნიციპალურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 16 კანდიდატის გარდაცვალება აძლევს. გავლენების ქვეშ მყოფი საერთაშორისო მედია დუმს“, ნათქვამია „იმედის“ სიუჟეტში.

„გერმანიაში პოლიტიკოსების მოულოდნელი გარდაცვალების საკითხი, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც განიხილება. ვაშინგტონში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. სიკვდილის კამპანიის მიღმა ჩრდილოვანი ძალები დგანან, რომლებიც მსოფლიოში სუვერენული და კონსერვატიული იდეოლოგიის გავრცელებას ეწინააღმდეგებიან“, ამბობს სიუჟეტის ავტორი „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

„გერმანულ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს გერმანიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციაა AfD-ს წინააღმდეგ, მეორენი კი თვლიან, რომ ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ „დიფ სთეითისთვის“ არასასურველი პოლიტიკური პარტიის, უპრეცედენტო დაშინების და შევიწროების მცდელობაა“, ამტკიცებს ტელეკომპანია „პოსტივის“ ანტი-დასავლურ გადაცემა „ევროკრატია – ყოფილი ევროპა“.

რა ვიცით  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში გარდაცვლილი კანდიდატების შესახებ?

გერმანიის ფედერაციულ მხარე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ამომრჩევლები 14 სექტემბერს 396 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში და 31 რაიონში რაიონულ, მუნიციპალურ და საქალაქო საბჭოებს, ზოგიერთ ქალაქში კი მერს აირჩევენ.

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, რომელთაგან 7 პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები იყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ მედიაში კონსპირაციული თეორიები მოჰყვა, რაც გააღვივა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ალის ვაიდელის გაზიარებულმა პოსტმა X-ზე, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების წინ 16 კანდიდატის გარდაცვალება „სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია“, თუმცა როდესაც ვაიდელს რამდენიმე დღის შემდეგ გამოცემა Die Zeit-მა კითხვით მიმართა, პარტიის ლიდერის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვაიდელს მხოლოდ სურდა სტატისტიკური ანომალიის ხაზგასმა – „მას სამწუხარო გარდაცვალების შემთხვევებს შორის რაიმე კავშირის მინიშნება არ ჰქონდა განზრახული, არც პოლიტიკური მოთხოვნის წაყენება“. ამბავს ასევე გამოეხმაურა მილიარდელი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი, რომელიც მხარს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უჭერს. „უცნაურია“, დაწერა მასკმა X-ზე.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის არჩევნებზე დაახლოებით 20 000 სხვადასხვა კანდიდატია. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განმარტა – „კანდიდატების სიკვდილი, პარტიული თუ ამომრჩეველთა ჯგუფის კუთვნილების მიუხედავად, სამწუხაროდ, ყველა არჩევნებზე ხდება“. ადგილობრივი დონეზე არჩევნებამდე პოლიტიკოსების გარდაცვალების შემთხვევები 2022-2023 წლებში ბავარიაშიც დაფიქსირდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სამი მერი გარდაიცვალა. ისინი 48-დან 68 წლამდე ასაკის იყვნენ.

ზაზა შათირიშვილი, ისევე როგორც მისი კონსპირაციის გამავრცელებელი მედიები, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ „ალტერნატივა გერმანიის“ კანდიდატებზე და ამტკიცებენ, რომ აღნიშნული პარტიის კანდიდატების გარდაცვალება რეალურად „დიფ სთეითის“ მიერ შეკვეთილი მკვლელობებია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „სოციალ-დემოკრატიული ქმედების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეთა პარტიის“, „ცხოველთა დაცვის პარტიის“, „დამოუკიდებელ ამომრჩეველთა ასოციაციის“, „თავისუფალი ამომრჩევლების“ და „რეფერენდუმის პარტიის“ წევრებიც, ჯამში 9 კანდიდატი გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციის მიხედვით, კანდიდატების გარდაცვალებაში მესამე მხარის ჩართულობის არანაირი მტკიცებულება არსებობს. ოფიციალური გამოძიება მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიწყო, რომელსაც უკანონო ქმედებების რაიმე ნიშანი არ აღმოუჩენია. დარჩენილ შემთხვევებში თავიდანვე დადასტურდა, რომ კანდიდატები გარდაიცვალნენ ისეთ გარემოებებში, რომლებიც საეჭვოდ არ ჩაითვალა. ზაზა შათირიშვილი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედია გერმანიის პოლიციის განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ეჭვქვეშ არ აყენებენ თავად „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, მარტინ ვინსენტმა, განაცხადა, რომ „ხელმისაწვდომი პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, არ არსებობს არაბუნებრივი სიკვდილის ნიშნები“.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პრესსპიკერმა გამოცემა „Politico-ს“ განუცხადა, რომ მათ კანდიდატებს, 67 წლის რალფ ლანგეს და 72 წლის ვოლფგანგ კლინგერს მანამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. მანამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები და გულის შეტევა გადატანილი ჰქონდა კიდევ ერთ კანდიდატს, 59 წლის ვოლფგანგ ზაიცს. ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა კანდიდატი სტეფან ბერენდესიც  და არ არსებობს რაიმე სამხილი, რაც აღნიშნულს ეჭვქვეშ დააყენებდა. „Politico-ს“ საინფორმაციო ბიულეტენი ასევე იტყობინება კიდევ ორი ​​გარდაცვალების შესახებ, სარეზერვო კანდიდატების, რენე ჰერფორდისა და პატრიკ ტიეტცეს შესახებ. ბიულეტენის თანახმად, ჰერფორდი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა, ხოლო ტიეტცემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

3 სექტემბერს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ კეი გოტშალკმა, Welt TV-სთან ინტერვიუში უარყო გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებული სპეკულაციები. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეებს საჭირო მგრძნობელობითა და ყურადღებით გამოვიძიებთ. თუმცა, არ არსებობს არანაირი მინიშნება იმისა, რომ ეს მკვლელობა ან მსგავსი რამ არის“, განაცხადა გოტშალკმა. მან ასევე დაადასტურა, რომ გარდაცვლილთაგან ზოგიერთს „მანამდე არსებული სამედიცინო პრობლემები ჰქონდათ“.

ამდენად, ზაზა შათირიშვილის და „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიის მიერ გავრცელებული კონსპირაცია, რომ თითქოს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების გარდაცვალება „დიფ სთეითის“ მიერ შეკვეთილი მკვლელობები არის, უსაფუძვლოა.

ზაზა შათირიშვილი წერილში ასევე ხაზს უსვამს, „რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართული საერთაშორისო მედია მომხდარს, ანუ არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრის მოულოდნელ გარდაცვალებას არაფრად აგდებს და რომ არა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომლის კონტროლიც „დიფ სთეითს“ ძალიან უჭირს, ამის შესახებ ალბათ ვერაფერს გავიგებდით“. აღნიშნული მტკიცებაც ტყუილია. თავად „ჯეოფაქტსის“ სტატია ეყრდნობა გერმანულ და საერთაშორისო გამოცემებს, რომლებმაც ამბავს სტატიები და ინტერვიუები ზაზა შათირიშვილის წერილის გამოქვეყნებამდე დაუთმეს. გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალების შესახებ ზაზა შათირიშვილის წერილის გამოქვეყნებამდე, ანუ 8 სექტემბრის დილამდე, იუწყებოდნენ გერმანული გამოცემები Bild, Die Welt, DPA და სხვა, ხოლო საერთაშორისო დონეზე Politico, BBC, Daily Mail, Euronews, Newsweek და მრავალი სხვა.

ინფორმაციისთვის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ზაზა შათირიშვილის მიხედვით „რეალურად იბრძოდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“, პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. პარტიის ლიდერები არაერთხელ ეწვივნენ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, მუდმივად ეწინააღმდეგებიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ევროპული სტაბილურობის საფუძვლად რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზებას“ მიიჩნევენ. ამავდროულად, პარტიის რამდენიმე წევრს დარღვეული აქვს საქართველოს სუვერენიტეტი, როდესაც აფხაზეთის ე.წ „საპარლამენტო არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიაში მიიღეს მონაწილეობა. 2024 წლის 10 ოქტომბერს პარტიამ გერმანიის ბუნდესტაგში წარადგინა რეზოლუცია სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიის სტაბილიზაციისთვის გერმანიის ინტერესებში“, სადაც ეწერა, რომ „[აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი] სტალინისტური საზღვრების გადაწევის და „დაყავი და იბატონეს“ კომუნისტური პოლიტიკის შედეგად შეიყვანეს მაშინდელ საქართველოს სსრ-ში, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი დიდხანს იყო დამოუკიდებელი სამეფო, სამხრეთ ოსეთს კი მჭიდრო ეთნოკულტურული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ ოსეთთან, რომელიც რუსეთს ეკუთვნის“.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge