სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5,6), რუსულენოვან ვიდეოს შემდეგი წარწერით ავრცელებს (არქივირებული ბმული): „აუტიზმი – 21 საუკუნის ეპიდემიაა, შემთხვევითობა თუ დაგეგმილი კატასტროფა?“. ვიდეოში გვხვდება მტკიცება, თითქოს ვაქცინები აუტიზმს იწვევს. სინამდვილეში, მტკიცება, რომ აუტიზმი ხელოვნურად „დაგეგმილი კატასტროფაა“ და რომ ვაქცინებს აუტისტური სპექტრის აშლილობის გამოწვევა შეუძლია, კონსპირაციაა და სანდო წყაროებითა და სამედიცინო კვლევებით არ დასტურდება.
ვიდეო თავდაპირველად TikTok პლატფორმაზე გაავრცელა მომხმარებელმა @fantoemas-მა, რომელიც ამჟამად აღარ იძებნება. ვიდეო აუტიზმის წარმოშობის ისტორიით იწყება – მთხრობელი სვამს კითხვას „აუტიზმი – 21 საუკუნის ეპიდემია: შემთხვევითობა თუ დაგეგმილი კატასტროფა?“. ამის შემდეგ ის აუტიზმის დიაგნოზირების ისტორიას მიმოიხილავს. ვიდეოს შუა ნაწილში გვხვდება წარწერა რუსულ ენაზე: „ბუნებრივი ფენომენი თუ ვიღაცის სტრატეგია?“ ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ ცალკეული ექსპერტების თანახმად, აუტიზმის განვითარებას შესაძლოა ხელს უწყობდეს, მათ შორის, გარკვეული სამედიცინო პროცედურები. შემდეგ კი ვიდეო, მისი ავტორის თქმით, მაყურებელს სთავაზობს ერთ-ერთ „საკამათო თეორიას”, რომელშიც აუტიზმის გამომწვევ მიზეზად ვაქცინაცია სახელდება. აღნიშნულის მხარდასაჭერად, ვიდეოში მოყვანილია ბრიტანელი ექიმის, ენდრიუ უეიკფილდის, 1998 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელზეც ვიდეოს ავტორი მიუთითებს, რომ აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის კავშირის მტკიცებულებაა.
აუტიზმი, ასევე ცნობილი, როგორც აუტიზმის სპექტრის აშლილობები (ასდ) სხვადასხვა მდგომარეობის მრავალფეროვან ჯგუფს წარმოადგენს. ასდ სოციალური ურთიერთქმედებისა და კომუნიკაციის გარკვეული ხარისხის სირთულეებით ხასიათდება. სხვა მახასიათებლებია აქტივობებისა და ქცევის ატიპიური სახეები, როგორებიცაა ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლის სირთულე, დეტალებზე ფოკუსირება და შეგრძნებებზე უჩვეულო რეაქციები. აუტიზმი ადრეულ ბავშვობაში ვლინდება და დროთა განმავლობაში, შესაძლოა სოციალურ ადაპტაციასთან, სწავლასა და მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოშვას.
ასდ-ის გამომწვევი დადასტურებული მიზეზები ჯერ კიდევ არაა ცნობილი. აუტიზმის გარშემო არსებული კვლევები ყურადღებას იმ რისკფაქტორებზე ამახვილებს, რომლებიც ამ აშლილობის განვითარებას შეიძლება ხელს უწყობდეს, თუმცა გამომწვევ მიზეზებს ვერ ასახელებს. მაგ, ადრეული განვითარების კვლევა (SEED), რომელიც აშშ-ში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიუთითებს ცალკეულ ფაქტორებზე, რომლებიც შეიძლება აუტისტური სპექტრის განვითარებასთან ასოცირდებოდეს, მათ შორისაა:
ცხელება ორსულობის დროს;
დედისა და შვილის ის სამედიცინო მდგომარეობები, რომლებიც უკავშირდება იმუნური სისტემის მიერ ჯანმრთელი უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანებას (როგორებიცაა ეგზემა და ფსორიაზი);
გარემო ფაქტორები, როგორიცაა კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და სიღარიბით გამორჩეულ უბნებში ცხოვრებას შორის.
2015 წელს ბავშვთა და მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც ტყუპებზე არსებული 7 კვლევა შეისწავლა და დაადგინა, რომ აუტიზმის რისკი 60-90%-ის შემთხვევებში, ძლიერი გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. მეორე მხრივ, 2017 წლის კვლევამ, რომელიც Icahn School of Medicine at Mount Sinai-ს მკვლევრებმა ამირჰოსეინ მოდაბერნიამ, ევა ველტჰორსტმა და აბრაჰამ რეიხენბერგმა გარემო ფაქტორების ზეგავლენის შესწავლის შედეგად მოამზადეს, ვერ აჩვენა ამ ფაქტორებსა და აუტიზმს შორის ურთიერთკავშირი. მიზეზი ამ საკითხის შესახებ არასაკმარისი მასალის არსებობა და მეთოდოლოგიური შეზღუდვებია, რაც სანდო დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა.
საგულისხმოა, რომ მტკიცება, თითქოს ვაქცინა აუტიზმს იწვევს, წარსულშიც გავრცელებულა და მასზე „ჯეოფაქტსს“არაერთხელ დაუწერია (იხ. სტატია 1, 2, 3, 4).
მტკიცება, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, ერთ-ერთი ძველი და ყველაზე გავრცელებული მითია, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს. რეალურად, შესაბამისი რეცენზირებული კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს.
ვიდეოში ნახსენები ანდრიუ უეიკფილდის სტატია, რომელიც 1998 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet-ში“ გამოქვეყნდა, რეალურად ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის ცრუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ დეზინფორმაციის ერთ-ერთი სათავეა. აღნიშნული კვლევის თანახმად, წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა (measles, mumps, rubella – MMR) ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე აუტიზმის განვითარების რისკს ზრდიდა. მოგვიანებით, ამ ნაშრომში სერიოზული პროცედურული შეცდომები, დადგენილი ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტი და ეთიკური დარღვევები გამოვლინდა. ამის გამო, ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატიაც ჟურნალიდან ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ უკვე ჩატარებული კვლევებით არ დასტურდება რაიმე კავშირის არსებობა აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის. მაგალითად, ამ საკითხზე ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა 2019 წლის მარტში ჟურნალ „Annals of Internal Medicine-ში“ გამოქვეყნდა. კვლევა მყარად ადასტურებს, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს და არ ზრდის აუტიზმის განვითარების რისკს. მეცნიერებმა 1999-2010 წლების შუალედში დანიაში დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657,461 ბავშვიდან, აუტიზმის დიაგნოზი 6,517-ს განუვითარდა. MMR-ვაქცინირებული შემთხვევები შეადარეს არავაქცინირებულებს, მათი რისკების ფარდობა იყო 0.93 (95% CI, 0.85-დან 1.02-მდე). ასევე, აუტიზმის მომატებული რისკი არ აღმოჩნდა იმ ქვეჯგუფშიც, რომელთა და-ძმასაც ჰქონდა აუტიზმი ან სხვა რისკფაქტორი. ვაქცინები არც აუტიზმის გამოვლენასთანა არაა დაკავშირებული რაიმე სახით.
ამასვე ადასტურებს ბრიტანული აუტიზმის ეროვნული საზოგადოებაც: „აუტიზმსა და ვაქცინებს შორის კავშირი არ არსებობს“. ზოგადად, აუტიზმის გამომწვევი მიზეზები მეცნიერებაში დღემდე განხილვის საგანია, თუმცა ყველაზე გავრცელებული თეორიით, მთავარ მიზეზს ადამიანის გენეტიკა/გენები წარმოადგენს.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ, აუტიზმის კონტექსტში, გამომწვევი მიზეზი არაა იგივე, რაც რისკფაქტორი. მაგალითად, ის გენური ცვლილებები, რომლებსაც აუტიზმს უკავშირებენ, გვხვდება იმ ადამიანებშიც, რომლებსაც ასდ არ აქვს. ამის მსგავსად, ზემოთ ნახსენები რისკების ზეგავლენის ქვეშ მოქცევა არ ნიშნავს, რომ ყველას ვინც ამ გარემოშია, აუტიზმი განუვითარდება.ამრიგად, ზუსტი გამომწვევი მიზეზებისთვის მეცნიერულ კვლევას ჯერ არ მიუგნია.
ამავდროულად, ვაქცინა, რომელზეც არაერთი კონსპირაციული შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება, რეალურად, მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და მან მილიონობით ადამიანის დაცვა შეძლო ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისა და მათგან გამოწვეული სიკვდილისგან, როგორებიცაა: COVID 19, პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა (1, 2, 3, 4) ცხადყო, რომ ვაქცინასა და აუტიზმს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დასტურდება.
ამრიგად, პოსტში გავრცელებული მტკიცება, თითქოს აუტიზმი ხელოვნურად „დაგეგმილი კატასტროფაა“ და მას ვაქცინები იწვევს, კონსპირაციაა და არ დასტურდება.