Facaebook-ის მომხმარებელი Soso Manjavidze სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც მიუთითებს, რომ აღნიშნული ტექსტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ვაჟს, ბარონ ტრამპს ეკუთვნის და ბარონმა ის X-ზე გამოაქვეყნა. პოსტში წერია: „ბარონ ტრამპის პოსტია იქსზე, ისე, სრული სიმართლისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიური ომის ტექნოლოგიები, რომლის გამოყენების შედეგია ჩვენი შეშლილი აკაცუკები, მადამ პომპადური, ზოგადად საგიჟეთი ქვეყანაში ასევე დარპას (Defense Advanced Research Projects Agency-DARPA) დამსახურებაა. თუმცა ჩვენი ენდემიკაც არაა დასავიწყებელი-მაგალითად, შალვა, გუბაზი და აქუბარდია….“. (არქივირებული ბმული)
ბარონ ტრამპის სავარაუდო პოსტის ბმული Facebook-ის ანგარიშმა კომენტარების სექციაში განათავსა.
საგულისხმოა, რომ პოსტი ბარონ ტრამპს არ ეკუთვნის. ანგარიშს, რომელმაც პოსტი X-ზე გამოაქვეყნა „ⁿᵉʷˢ Barron Trump“ ჰქვია და X-ისგან მას Fan account-ის (მხარდამჭერის მიერ შექმნილი ანგარიში) ნიშანი აქვს მინიჭებული. ანგარიშის აღწერაშიც წერია, რომ ფანების გვერდია და ბარონ ტრამპთან დაკავშირებულ სიახლეებს ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბარონ ტრამპი სოციალურ მედიაში აქტიურობით არ გამოირჩევა. მისი სავარაუდო ანგარიში X-ზე შემდეგია: @BARRONTRUMP. ანგარიში X-ის მიერ ვერიფიცირებულია, თუმცა პოსტები გამოქვეყნებული არ აქვს. როგორც ამერიკულ მედიაში წერენ, აღნიშნული ანგარიში აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს საკუთარ პოსტებში არაერთხელ მოუნიშნავს.
ამგვარად, აღნიშნული პოსტი, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებენ, ბარონ ტრამპს არ გამოუქვეყნებია.