სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტები (1, 2) (არქივირებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტ გურამ არუთინაშვილის შესახებ „ნეტგაზეთის“ საინფორმაციო ბარათი შემდეგი სათაურით არის გამოტანილი: „უცნობმა ქალმა გურამ არუთინაშვილი სექსუალურად შეავიწროვა“. სინამდვილეში, ნეტგაზეთს მსგავსი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და პოსტის ორიგინალი სატირული მიზნით შეიქმნა.
უპირველეს ყოვლისა, გავრცელებული ინფორმაცია არც „ნეტგაზეთის“ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook-ანგარიშებსა და ვებგვერდებზე არ იძებნება. ასევე არცერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არც გურამ არუთინაშვილის ოფიციალურ ანგარიშზე იძებნება. მის გვერდზე ბოლო პოსტი 29 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომელშიც არუთინაშვილი სხვა ანგარიშს ჰყავს მონიშნული.
საინფორმაციო ბარათი სხვა Facebook-ანგარიშებმაც გაავრცელეს. ერთ-ერთი მსგავსი პოსტი გამოქვეყნდა იუმორისტულ Facebook-გვერდზე „მიმსტერი“. აღნიშნულ პოსტს კომენტარებში გურამ არუთინაშვილი გამოეხმაურა, რასაც ანგარიშის ადმინისტრატორმა უპასუხა, რომ გვერდი იუმორისტულია და საინფორმაციო ბარათზე გაკეთებული წარწერა ხუმრობაა.
ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებზე გაკეთებული კომენტარები აჩვენებს, რომ Facebook-მომხმარებლების ნაწილმა ეს ყალბი ამბავი დაიჯერა.
ამრიგად, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია, რადგან ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია და საინფორმაციო ბარათი არც ნეტგაზეთს ეკუთვნის. სინამდვილეში, პოსტის ორიგინალი სატირული ხასიათისაა, რასაც ერთ-ერთი ანგარიშიც ადასტურებს.