სოციალურ ქსელში მომხმარებელი ნინო ხუნდაძე ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულას“ 11 სექტემბრის ეთერის რედაქტირებულ ვიდეოს, რომელშიც გადაცემა „ახალი ფორმულას“ წამყვანი ვახო სანაია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, კარიერაზე საუბრობს: „38 წლის ლევან ხაბეიშვილის კარიერა 2008 წელს თბილისის მერიაში იწყება. ის ჯერ იყო ისანი-სამგორის რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების, შემდეგ კი სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ, ხაბეიშვილი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსურ განყოფილებაში“, – ამბობს ვახო სანაია, რომლის საუბრის ფონზე ჩნდება ლევან ხაბეიშვილის კადრები. რეალურად, რედაქტირებულ ვიდეოში ნაჩვენები კადრები, რომლებშიც ლევან ხაბეიშვილი ჩანს, „ფორმულას“ ეთერში არ გასულა.
რედაქტირებული ვიდეო იყენებს „ფორმულას“ 11 სექტემბრის 20:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების კადრებს, როცა წამყვანები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, დაკავების შესახებ საუბრობენ. გადაცემის სრული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვახო სანაიას საუბრის ფონზე, ლევან ხაბეიშვილის სხვა კადრები გადის.
რეალური კადრი
რედაქტირებული კადრი
რედაქტირებულ ვიდეოში, ლევან ხაბეიშვილის დისკრედიტაციის მიზნით, პოლიტიკოსის სურათები ჩანაცვლებულია მასზე ძალადობის კადრებით. პირველი ჩასმული ვიდეო გადაღებულია 2020 წლის იანვარში თბილისის საკრებულოში და „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმას ასახავს. რედაქტირებული ვიდეოს მეორე ნაწილში ჩასმულია პოლიტიკოსის ვიდეო 2024 წლის 1 მაისიდან. მასში ჩანს ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლა საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების დროს, მას ათეულობით სპეცრაზმის თანამშრომელმა სასტიკად სცემა.
ამდენად, მომხმარებელ ნინო ხუნდაძის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციის მიზნით გამოქვეყნებული ვიდეო რედაქტირებულია.
ცნობისთვის, 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა მოხელეებისთვის, ქრთამის სახით, ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე. გამოძიება მას სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა დანაშაულს ედავება – საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის შეთავაზებასა და მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ.