გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: თურქეთში, ისტორიის წიგნებში, ბათუმი თურქეთის შემადგენელ ნაწილად არის მოხსენიებული

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში აქვეყნებს პოსტს (დაარქივებული ბმული),  რომელშიც წერს: „პრეზიდენტს! თქვენი მეგობარი თურქეთი მაღალი კლასების ისტორიის სახელმძღვანელოში ბათუმს თურქეთის შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებს!“

რეალურად,  გადამოწმების შემდეგ, ირკვევა, რომ თურქეთში, მაღალი კლასებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში, მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება.

ისტორიის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებისთვის, ფაქტების გადამმოწმებელ თურქულ ორგანიზაცია „Teyit-ის”  დავუკავშირდით. მათ იმ ვებგვერდზე მიგვითითეს, რომელზეც თურქეთში დამტკიცებული ისტორიის სახელმძღვანელოებია განთავსებული.

კერძოდ, ვებგვერდი Derstarih.com 2024-2025 წლებში განათლების სამინისტროს (თურქეთში სამინისტროს სახელწოდებაა განათლების ეროვნული სამინისტრო) მიერ დამტკიცებულ ისტორიის  სახელმძღვანელოების PDF ვერსიებს აერთიანებს. „Teyit-მა“ სიტყვა Batum-ის (ქალაქ ბათუმის სახელწოდება თურქულ ენაში)  გამოყენებით გადაამოწმა, თუ რა კონტექსტშია ნახსენები ქალაქი თურქულ სახელმძღვანელოებში. იმავე ხერხს მივმართეთ ჩვენც და აღმოჩნდა, რომ  სახელმძღვანელოების  ნაწილში ბათუმი  არათუ თურქეთის ნაწილად, არამედ  საერთოდ ნახსენებიც არ არის. გამონაკლისია მე-11 და მე-12 კლასის სახელმძღვანელოები.

მე-11 კლასის სახელმძღვანელოში  (წიგნის დაარქივებული ბმული) ბათუმი ერთხელ, ბერლინის ხელშეკრულების (1878 წ) კონტექსტში, გვხვდება (გვ.144).  კერძოდ, სახელმძღვანელოს ამ ნაწილში ჩამოთვლილია რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-78) შემდეგ დადებული ბერლინის ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ყარსი, არტაანი და ბათუმი რუსეთს გადაეცემოდა (იხილეთ ფოტო).

მე-12 კლასის ისტორიის წიგნში (დაარქივებული ბმული), სიტყვა Batum-ის საძიებო ველში მითითების შემდეგ, ჩანს, რომ აღნიშნული სიტყვა უშუალოდ ტექსტში 3-ჯერ, ხოლო დანართებსა და რუკებზე 4-ჯერ არის გამოყენებული (იხილეთ ფოტოები). ტექსტში, ბერლინის ხელშეკრულებასთან ერთად, ბათუმი მოხსენიებულია ბრესტ-ლიტოვსკის  1918 წლის ზავის განხილვისასაც. აღნიშნული ზავი საბჭოთა რუსეთსა და მეორე მხრივ, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთის იმპერიასა და ბულგარეთს შორის დაიდო. ხელშეკრულების მიხედვით, ოსმალეთმა მიიღო ბათუმისა და ყარსის ოლქები.

 

წიგნში ასევე საუბარია მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების  შესახებ, რომელიც  ასევე ცნობილია მეგობრობის ხელშეკრულების სახელით. სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულებით, ყარსი და არტაანი გადაეცემოდა თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას, ხოლო ბათუმი – საქართველოს.  ამდენად, ჩანაწერი, რომელშიც ბათუმი თურქეთის ნაწილად არის მოხსენიებული, არც მე-12 კლასის სახელმძღვანელოში არ გვხვდება.

 

აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს თურქეთში, მაღალი კლასებისთვის განკუთვნილ ისტორიის წიგნებში, ბათუმი თურქეთის ნაწილად არის მოხსენიებული, სიმართლეს არ შეესაბამება. თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge