სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „ნაცებმა ვაშაძის ძმა გაასაღეს უნგრეთის ჟურნალისტად და თითქოს ოცნებამ ის ცემა… ტყუილი, როგორც ყოველთვის“. პოსტს თან ახლავს კადრები გიორგი ვაშაძის დაკავების ადგილიდან. ვიდეოში გიორგი ვაშაძის ძმის ხმა ისმის, თუმცა მასში უნგრელი ჟურნალისტის კადრებია ასახული. ამავე უნგრელი ჟურნალისტის კადრებს ვხედავთ პოსტის სხვა ფოტოებშიც, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, დაპირისპირების დროსაა გადაღებული.
Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ გიორგი ვაშაძის ძმა უნგრელ ჟურნალისტად წარმოაჩინა. რეალურად, Facebook-ანგარიში „TV პირველის“ მანიპულაციურად დაჭრილ ვიდეოს იმის წარმოსაჩენად იყენებს, თითქოს პოლიტიკოსის დაკავების მომენტში ინტერვიუს იგივე ადამიანი იძლევა, რომელიც, მოგვიანებით, კალაძის შტაბთან დაპირისპირებისას, უნგრელ ჟურნალისტად წარადგინეს.
სინამდვილეში, გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძეა და ინტერვიუს სრულ ვერსიაში, კადრში ისიც ჩანს, მელიქიშვილის გამზირზე ნაცემი მამაკაცი კი უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეშია.
2025 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის. იგი კომისიამ სხდომაზე 15 აპრილს დაიბარა. ვაშაძე კომისიაზე არ გამოცხადდა, რის გამოც, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის”. განაჩენის გამოცხადებამდე, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ მას 50,000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 24 ივნისს კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას თავისუფლების აღკვეთა 7 თვით მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე საათში, პოლიციამ გიორგი ვაშაძე პარტიის ოფისიდან აიყვანა. პარტიის ოფისში სოლიდარობის გამოსახატავად შეკრებილი იყვნენ გიორგი ვაშაძის თანაგუნდელი პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და სხვა.
სწორედ პარტიის ოფისიდან ჰქონდა პირდაპირი ჩართვა „TV პირველის“ ეთერში ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასაც, რომელიც, გიორგი ვაშაძის დაკავების შემდეგ, მის ძმას, დავით ვაშაძეს გაესაუბრა. დავით ვაშაძე ინტერვიუში ამბობს:
„…თავისთვისაც [გიორგისთვის] ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პერიოდი. ალბათ, თავის თავთან დარჩება, უფრო მეტს იფიქრებს. მე ცოტა მიჭირს, როგორც პოლიტიკოსზე ვისაუბრო ამ სიტუაციაში იმიტომ, რომ ჩემს ძმაზე ვლაპარაკობ. ნუ, ვნახოთ, ყველაფერი გრძელდება და მალე გამოვა გარეთ, დარწმუნებული ვარ ამაში“.
სწორედ აღნიშნულ მომენტში „TV პირველის“ ეთერში ეკრანი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთ-ერთში დავით ვაშაძის კადრი ჩანს, ხოლო მეორეში – უნგრელი ჟურნალისტის, ლასლო რობერტ მეზეშის.
აღნიშნულ კადრს Facebook-მომხმარებელი მანიპულირებული სახით ავრცელებს და მასში, დავით ვაშაძის საუბრის პარალელურად, მხოლოდ უნგრელი ჟურნალისტის კადრი ჩანს.
ლასლო რობერტ მეზეში უნგრელი ჟურნალისტია, რომელიც 8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდა. 8 სექტემბერს საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და პროევროპული საპროტესტო მარშის მონაწილეებს შორის, მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ათამდე პირი დაშავდა. Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოებში გამოსახული ადამიანი რომ ნამდვილად უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მეზეშია და მას ნამდვილად დაესხნენ თავს, ეს რამდენიმე ფაქტორით დასტურდება. პირველ რიგში, ჟურნალისტმა, 8 სექტემბერის თავდასხმის შემდეგ, ფოტო თვითონ გამოაქვეყნა.
დამატებით, „რადიო თავისუფლებასთან“ წერილობით ინტერვიუში მეზეში აცხადებს, რომ იგი იღებდა კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს ტელეფონი წაართვეს. მისი თქმით, ამ დროს თავდამსხმელებმა მასაც წაართვეს ტელეფონი: „სამი-ოთხი ნაბიჯი გადავდგი და ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. შემოტრიალდა და დარტყმა დაიწყო. მაშინვე სხვებიც მომცვივდნენ. მიწაზე აღმოვჩნდი. წაქცევისას ვერაფერს ვერ მოვეჭიდე და ამიტომ [თავდამსხმელის] ფეხს ჩავეჭიდე. კიდევ დამიშინეს წიხლები და მირტყამდნენ“. თავდასხმის შემდეგ მეზეში კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო: ბათუმელები
8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადება გაავრცელა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმაც“ (CPJ) (დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს). განცხადებაში ვკითხულობთ: „8 სექტემბრის საღამოს მამაკაცთა ჯგუფები, რომელთაგან ზოგიერთს ნიღბები ეკეთა, „ქართული ოცნების“ პარტიასთან აფილირებული მერის საარჩევნო შტაბის წინ მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ.
ვიდეოში ნაჩვენები იყო უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში, „პრესის“ ჟილეტით, რომელსაც სახე დასისხლიანებული, ხოლო თითი მოტეხილი ჰქონდა. მისი თქმით, ოფისიდან მამაკაცები გამოვიდნენ, ტელეფონი მოჰპარეს და სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ მას „პრესის“ სამკერდე ნიშანი ეკეთა და თავს ჟურნალისტად წარადგენდა….“
აღსანიშნავია, რომ CPJ-ი მტკიცებულებად სწორედ იმ ვიდეოს ბმულს ურთავს, რომელზეც Facebook-მომხმარებელი საკუთარ პოსტში საუბრობს. კერძოდ, CPJ-ი, ლასლო მეზეშზე თავდასხმის საჩვენებლად, სამოქალაქო აქტივისტის, Dodie Kharkheli-ის კადრებს იყენებს.
განცხადების მთავარი ფოტოებიდან ერთ-ერთშიც სწორედ დაშავებული ლასლო რობერტ მეზეშის სურათია.
ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, თითქოს მედიამ გიორგი ვაშაძის ძმა უნგრელ ჟურნალისტად „გაასაღა“, მცდარია.