სოციალურ ქსელებში, TikTok-სა და Facebook-ზე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემიდან ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან ინტერვიუებია მოყვანილი. ვიდეოში ინგა გრიგოლიას ბადრი ჯაფარიძისადმი შეკითხვა – „მე ვფიქრობ, რომ – რატომ უნდა მოგცე? აი, რატომ? დამანახე აბა, რატომ უნდა მოგცე იმიტომ, რომ…“ უხამსი კონოტაციით არის წარმოდგენილი. ვიდეოს შემდეგ მონაკვეთში კი, თითქოს ეს „უხამსი“ შეკითხვა მამუკა ხაზარაძეს ეწყინა. სინამდვილეში, ამ ორ ინტერვიუს შორის კავშირი არ არსებობს.
2025 წლის 19 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული. ინტერვიუს მიმდინარეობისას ჯაფარიძემ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებსა და 2025 წლის საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებსა და მასში მონაწილეობაზე ისაუბრა. ერთ-ერთ მონაკვეთში, სწორედ ამ უკანასკნელზე საუბრისას, ინგა გრიგოლია ჯაფარიძეს ეკითხება:
„აი, მე ვარ ადამიანი, ამომრჩეველი, ახლა გისმენთ პირდაპირ ეთერში და ბადრი ჯაფარიძე მეუბნება, რომ ხელს რა გიშლის – მოდი, დილით მიეცი არჩევნებში ხმა და საღამოს წადი და გააპროტესტე. და მე ვფიქრობ, რომ – რატომ უნდა მოგცე, აი, რატომ? დამანახე რატომ უნდა მოგცე, რისთვის? იმიტომ, რომ მივდივარ აქციაზე იმისთვის, რომ გავუშვა ეს ხელისუფლება ხელისუფლებიდან. დაანონსებული ასე არის 4 ოქტომბერი. აბა, რას ეტყოდით?… გეგმა დამანახეთ თქვენი, აი, პარტიული ხედვა დამანახეთ, ადამიანებს რას ეუბნებით, რომ რატომ მომეცი ხმა?“
სწორედ აღნიშნული ინტერვიუს ეს ნაწილი ვრცელდება სოციალურ ქსელებში ვირუსულად უხამსი კონოტაციით. რეალურად კი, ინგა გრიგოლია ამგვარ შეკითხვას არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით სვამს.
რაც შეეხება მეორე ინტერვიუს, რომელშიც მამუკა ხაზარაძესა და ინგა გრიგოლიას შორის სავარაუდო წყენაა ასახული, ის „ტვ პირველის“ ეთერში 2025 წლის 6 სექტემბერს გავიდა. კერძოდ, 5 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. 6 სექტემბრის ინტერვიუ სწორედ ამ საკითხს, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მონაწილეობასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციონერებისა და საზოგადოების დამოკიდებულებების განხილვას შეეხებოდა. ერთ-ერთ მომენტში მამუკა ხაზარაძე ამბობს:
„ამ ხნის განმავლობაში, რიგი ჟურნალისტები არიან მხარე, ეს უნდა ითქვას. მე არ ვიცი ვინმეს ეწყინება თუ არ ეწყინება. მე ტელევიზია, ობიექტური და მომავალი ევროპული მასმედია, და განსაკუთრებით ტელევიზია, მიმაჩნია ისეთ ადგილად, სადაც ჟურნალისტი ამ არგუმენტსაც და იმ არგუმენტსაც შეაფასებს და არ იტყვის, რომ – იცი რა, მე, მეგობრებო, ამას ვუჭერ მხარს… პედესტალიდან, ძალიან გთხოვთ, ნურავინ ნუ გველაპარაკება ჩვენ, პოლიტიკოსებს. ისეთი ტრენდია, რომ თურმე პოლიტიკოსებს შეიძლება გადაუარო იმიტომ, რომ შენ მედიაში ზიხარ და არავის არ აქვს უფლება, რომ თუნდაც ობიექტური თავისი აზრი თქვას ჟურნალისტებზე. იმიტომ ვართ ამ დღეში ჩვენ, რომ ისევე, როგორც პოლიტიკოსების სტანდარტი, ჟურნალისტების სტანდარტიც არის ასაწევი. პირდაპირ ვამბობ, გინდა ვინმეს ეწყინოს, გინდა არ ეწყინოს… მე თქვენს ტელევიზიაზე და კონკრეტულ ჟურნალისტზე კი არ მაქვს საუბარი, მე გეუბნებით აი იმ კრიტიკული მედიის რიგ წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ ადგილს იყენებენ, რომ გააჟღერონ თავისი კონკრეტული პოზიცია“.
მამუკა ხაზარაძის სწორედ აღნიშნულ „წყენასთან“ დაკავშირებით ამბობს ინგა გრიგოლია:
„ბატონო მამუკა, ჟურნალისტების სტანდარტს ჩვენთვითონვე მივხედავთ, ჟურნალისტები. მოდით, მე სხვა კითხვას დაგისვამთ, გავიგე, რაც გწყენიათ და მე მაინც გეტყვით, მე და თქვენ მეგობრები ვართ, გარდა იმისა, რომ თქვენ ჩემი რესპონდენტი ხართ. უბრალოდ გეტყვით, რომ ჟურნალისტების კითხვების რევიზიას შევეშვათ სჯობს და გადავიდეთ კითხვაზე არჩევნებთან დაკავშირებით“.
ამრიგად, კავშირი ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან ჩატარებულ ინტერვიუებს შორის არ არსებობს. ინგა გრიგოლიამ მამუკა ხაზარაძე გადაცემაში 6 სექტემბერს მიიწვია, ხოლო ბადრი ჯაფარიძე – 19 სექტემბერს. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მამუკა ხაზარაძეს ინგა გრიგოლიასადმი წყენა ბადრი ჯაფარიძესთან ინტერვიუს გამო ჰქონოდა.
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ სრული ინტერვიუს ნახვის შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ მამუკა ხაზარაძე „წყენას“ ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილისადმი გამოხატავს კონკრეტული დამოკიდებულებების გამო და ბადრი ჯაფარიძისა და ინგა გრიგოლიას ინტერვიუ არაფერ კავშირშია.
ამდენად, გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანია.