სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5,6), პოსტს ავრცელებს (არქივირებული ბმული). პოსტის მიხედვით: „კანადაში ევთანაზიის ლეგალიზების სამედიცინო ექსპერიმენტმა გამოიწვია ის, რომ ამჟამად ამით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე დიაბეტით და ალცჰაიმერით ერთად აღებული. ქვეყანაში სიკვდილის დაახლოებით 20-დან ერთი ნებაყოფლობითი თვითმკვლელობის შედეგია. ორ წელიწადში არასრულწლოვნებსაც ექნებათ ევთანაზიის უფლება. კანადაში ევთანაზიას აქტიურად სთავაზობენ COVID-19 ვაქცინის შედეგებით დაავადებულებს, მაგალითად, ონტარიოდან პარალიზებულ ქალს. გახსოვთ ალბათ მქონდა დადებული ეგ. ვიდეო“. სინამდვილეში, მტკიცება, რომ კანადაში ორ წელიწადში ევთანაზიის უფლება არასრულწლოვანებსაც ექნებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამავდროულად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს კანადაში კოვიდის ვაქცინის შედეგებით დაავადებულებს ევთანაზიას აქტიურად სთავაზობენ, არც ერთ ოფიციალურ წყაროში არ დასტურდება.
ევთანაზია სამედიცინო და ეთიკური ტერმინია, რომელიც ავადმყოფი ადამიანის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით, მისი სიცოცხლის განზრახ შეწყვეტას გულისხმობს . ამდენად, ევთანაზია იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც დასტურდება, რომ ავადმყოფი განუკურნებელი დაავადებისგან იტანჯება (როგორებიცაა: ავთვისებიანი სიმსივნე, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ორგანოთა უკმარისობის ბოლო სტადია და სხვა). ევთანაზიის რამდენიმე სახეობა არსებობს: აქტიური (მაგ, პირდაპირი ინტერვენციის გზით, როგორიცაა ლეტალური სუბსტანციის შეყვანა ორგანიზმში) და პასიური (მაგ, სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობის შეწყვეტა). ევთანაზია შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი (როცა თანხმობის მიღება შეუძლებელია ან როცა პირის ნებართვის გარეშე ხდება სიცოცხლის შეწყვეტა). არანებაყოფლობითი ევთანაზიის შესახებ ქვეყანათა უმეტესობაში დღემდე დიდი დავა მიმდინარეობს და კანონით იკრძალება. ნებაყოფლობითი ევთანაზია კი დაშვებულია რამდენიმე ქვეყანაში: ბელგია, ნიდერლანდები, კოლუმბია, ეკვადორი, ესპანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მათ შორის კანადაშიც.
ევთანაზია, როგორც სამედიცინო დახმარებით სიცოცხლის შეწყვეტა (MAID), კანადაში 2016 წლიდანაა ლეგალიზებული. კერძოდ, 2015 წელს კანადის უზენაესმა სასამართლომ საქმეზე „კარტერი კანადის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ ნაწილებში შესწორებები უნდა შეეტანათ, რათა კანადის უფლებებისა და თავისუფლებების წესდებასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. განაჩენი ამბობს, რომ „უკიდურესად მძიმე და უკურნებელი სამედიცინო მდგომარეობის დროს, რომელიც იწვევს მუდმივ ტანჯვას, თანხმობა სიცოცხლის შეწყვეტაზე ექიმის დახმარებით და ექიმის დახმარებით სიკვდილის ამკრძალავი სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები ეწინააღმდეგება კანადის უფლებებისა და თავისუფლებების წესდებას“.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ევთანაზიის აკრძალვის შესაბამისმა მუხლებმა საქმის განაჩენის შემდეგ კანონიერი თვალსაზრისით მიზანშეწონილობა დაკარგა. განაჩენის საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ მთავრობას 2016 წლის 6 ივნისამდე ახალი კანონის მიღება დაავალა. 2016 წლის ივნისში კანადის საკანონმდებლო ორგანომ ფედერალური კანონი მიიღო, რითაც ევთანაზია ლეგალური გახდა. კანონის თანახმად, იმ ზრდასრულ მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ევთანაზიის შესაბამის კრიტერიუმებს, შეუძლიათ ნებაყოფლობით მოითხოვონ სამედიცინო გზით სიცოცხლის შეწყვეტა.
კანადის ტერიტორიაზე ევთანაზიის მისაღებად აუცილებელია პირი აკმაყოფილებდეს შემდეგ გარემოებებს:
- ნებაყოფლობით მოითხოვოს სამედიცინო დახმარებით სიცოცხლის შეწყვეტა და გასცეს ინფორმირებული თანხმობა;
- მისი ასაკი უნდა იყოს 18 წელი ან მეტი;
- ჰქონდეს უნარი, მიიღოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები;
- სარგებლობდეს კანადის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით;
- ჰქონდეს „მძიმე და შეუქცევადი სამედიცინო მდგომარეობის“ დიაგნოზი.
საყურადღებოა, რომ 2021 წლის აპრილში კანადის საკანონმდებლო ორგანოში განიხილებოდა გარდატეხის ასაკში მყოფი არასრულწლოვანების ევთანაზიის შესაძლებლობა, თუმცა, ამ მხრივ, საკანონმდებლო ცვლილება არ დაუმტკიცებიათ. იმავე პერიოდში, სამედიცინო დახმარებით სიცოცხლის შეწყვეტის შესახებ (AMAD) სპეციალური ერთობლივი კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტი განიხილავს ევთანაზიის კანონის დებულებებსა და მათს გამოყენებას ქვემოთ ჩამოთვლით მნიშვნელოვან თემებთან მიმართებით:
- ფსიქიკური დაავადება;
- პალიატიური მზრუნველობა;
- წინასწარი მოთხოვნები;
- მოწიფული არასრულწლოვანების უფლება, მიიღონ ევთანაზია;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა.
კომიტეტი პერიოდულ ანგარიშებს აქვეყნებს, რომელსაც პარლამენტსა და მთავრობას წარუდგენს. 2023 წელს კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მან კონკრეტული რეკომენდაციები გასცა, მათ შორის მოწიფულ არასრულწლოვანებზე ევთანაზიის გავრცელების საკითხზე. ამის მიუხედავად, ანგარიშში არ იძებნება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ 2 წლის შემდეგ არასრულწლოვანებს MAID-თან წვდომის საშუალება ექნებათ.
არასრულწლოვანი პირების ევთანაზიის საკითხთან დაკავშირებით APnews-თან გაკეთებულ განცხადებაში კანადის სახელმწიფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა 2023 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „კანადის მთავრობას არ აქვს MAID-ზე წვდომისთვის მინიმალური ასაკის შეცვლის გეგმები“.
მას შემდეგ კანონში 2024 წელს შევიდა ცვლილება და ის მხოლოდ მძიმე მენტალური ჯანმრთელობის მქონე პირებს ეხება. შესწორება გულისხმობს MAID-ის განხორციელების 2027 წლის 17 მარტამდე გადადებას იმ პირებისთვის, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოზი უდასტურდებათ. 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, კანონში არ შესულა ცვლილება, რომელიც არასრულწლოვან პირებს ევთანაზიის მოთხოვნის უფლებას მისცემს.
შესაბამისად, ევთანაზიის მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები გამორიცხავს 18 წლამდე პირების სიცოცხლის შეწყვეტას. პოსტის ავტორის მტკიცება, რომ ორ წელიწადში კანადაში ევთანაზიის უფლება არასრულწლოვანებსაც ექნებათ, სიმართლეს არ შეესაბამება.
საგულისხმოა, რომ კანადაში ზოგადად MAID-ის გარშემო დავა დღემდე არ წყდება. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ ევთანაზია არის საშუალება, უკურნებელი დაავადების მქონე პირის ტანჯვისგან გასათავისუფლებლად. ოპონენტები კი უპირისპირდებიან არგუმენტით, რომ ევთანაზიამ არ უნდა ჩაანაცვლოს კანადის მიერ ადამიანის უფლებების აღსრულების ვალდებულება. კრიტიკა კანადის მოქალაქე ალან ნიკოლსის ევთანაზიის შემთხვევას მოჰყვა, რომელმაც სიცოცხლის შეწყვეტის მიზეზად სმენის დაკარგვა დაასახელა. კანადის იმჟამინდელმა ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელმა მარი-კლოდ ლანდრიმ ეს შემთხვევა მწვავედ გააკრიტიკა და გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტების ერთობლივი პოზიცია გაიზიარა, რომლებმაც კანადის ევთანაზიის კანონზე იმსჯელეს. მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების ქონა ევთანაზიის საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს.
რაც შეეხება გარდაცვალების გამომწვევი წამყვანი მიზეზების სტატისტიკას, კანადის სტატისტიკის ოფიციალური სამსახურის ვებგვერდზე 2023 წლის მონაცემები იძებნება, ხოლო 2024 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ალცჰაიმერით გამოწვეული გარდაცვალებულთა რაოდენობა 2023 წელს 5231 იყო, ხოლო დიაბეტით – 7273. შესაბამისად, ამ ორი დაავადებით გარდაცვალებულთა ჯამური რაოდენობა 12504 ადამიანია.
მონაცემების მოკვლევისას გაირკვა, რომ კანადის სტატისტიკის სამსახური ევთანაზიის შემთხვევებს ცალკე აღრიცხავს. კანადის ევთანაზიის 2023 წლის სახელმწიფო ანგარიშის თანახმად, ევთანაზიით მთელი ქვეყნის მასშტაბით 15343 პირმა ისარგებლა. იმ პაციენტების უმეტესობამ (9435), რომელთა სიკვდილი გონივრულად განჭვრეტადი იყო, ევთანაზიის მიზეზად ავთვისებიანი სიმსივნე დაასახელა. ვისთვისაც სიკვდილი გონივრულად განჭვრეტადი არ იყო, მათგან 343-მა ეს გადაწყვეტილება ნევროლოგიური დაავადების გამო მიიღო. სხვა სამედიცინო მდგომარეობები, რაც MAID განაცხადებში დაფიქსირდა, უკავშირდება გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებს, ორგანოთა უკმარისობას და ა.შ.
ამდენად, ევთანაზიის მიმღებ პაციენტებს მძიმე და შეუქცევადი სამედიცინო მდგომარეობა ჰქონდათ, უმრავლესობას სიმსივნესთან დაკავშირებული. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემის გარეშე, ტექნიკურად ევთანაზიის მიმღებთა და ალცჰაიმერისა და დიაბეტით გარდაცვლილთა რაოდენობის შედარება შესაძლოა მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.
მტკიცება 2: კანადაში ევთანაზიას აქტიურად სთავაზობენ კოვიდის ვაქცინის შედეგებით დაავადებულ პირებს
პოსტის ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ კანადაში ევთანაზიას აქტიურად სთავაზობენ კოვიდის ვაქცინის შედეგებით დაავადებულებს. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი მტკიცების შემცველი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება, მათ შორის, არც კანადის სახელმწიფო ან სხვა სანდო მედია თუ სხვა წყაროებში. ასევე არ გვხვდება ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს შესთავაზეს ევთანაზია ვაქცინაციის შემდგომი გართულებების გამო, მათ შორის, არც ევთანაზიის 2023 წლის სახელმწიფო ანგარიშში.
საგულისხმოა, რომ კანადაში ამჟამად ვაქცინით დაზარალებულთა მხარდაჭერის ორი პროგრამა მოქმედებს: ერთი კვებეკის ავტონომიურ ტერიტორიაზე (VICP), ხოლო მეორე – დანარჩენი კანადის ტერიტორიაზე (VISP). ორივე პროგრამა ვაქცინაციით დაზარალებულ კანადის მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. სანამ პირი დაფინანსებას მიიღებს, მისი მდგომარეობა სპეციალურმა სამედიცინო საბჭომ უნდა შეაფასოს, რათა ვაქცინასა და დაზიანებას შორის ურთიერთკავშირი დაადგინოს. აღნიშნული პროგრამების ერთობლივ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ COVID 19 პანდემიის დაწყებიდან 2023 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 105,016,456 კოვიდ ვაქცინა გაკეთდა და კანადის სრული მოსახლეობის 80%-ზე მეტმა ისარგებლა. ეს რაოდენობა მოიცავს ყველა იმ პირს, ვინც ვაქცინა სულ მცირე ერთხელ ან მეტჯერ მიიღო.
2024 წლის 5 იანვრის მონაცემებით, 58,712 ადამიანმა განაცხადა, რომ ვაქცინის შედეგად დაზარალდა. მათგან 11,702 პირის მდგომარეობა ჩაითვალა სერიოზულად, რამაც ადმინისტრირებული ვაქცინის დოზების საერთო რაოდენობის 0,011% შეადგინა. რაც შეეხება განსაკუთრებით მწვავე გართულებებს (Adverse events of special interest), ზემოაღნიშნული რაოდენობიდან 6781 ინდივიდს აღმოაჩნდა, რაც ადმინისტრირებული დოზების 0,0064%-ს უტოლდება. განსაკუთრებული მწვავე გართულებებიდან პაციენტებში ყველაზე გავრცელებული მიოკარდიტი, ანაფილაქსია და კოვიდით ხელახალი დაინფიცირებაა. საყურადღებოა ისიც, რომ შესული განცხადებებიდან 488 ამტკიცებდა, რომ ვაქცინაციას გარდაცვალება მოჰყვა, თუმცა შესწავლის შემდეგ სიკვდილსა და კოვიდ 19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ დადასტურდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, თითქოს კოვიდის ვაქცინის შედეგებით დაავადებულებს ევთანაზიას აქტიურად სთავაზობენ, არც ერთ ოფიციალურ წყაროში არ დასტურდება.
Facebook-ანგარიშს ასევე მოჰყავს ონტარიოელი ქალის შესახებ მაგალითი, რომელიც, პოსტის მიხედვით, COVID-19 ვაქცინის შემდეგ დაავადდა და ამის შემდეგ, მიიღო ევთანაზიის გადაწყვეტილება.
ევთანაზიისა და ონტარიოელი ქალის შესახებ ინფორმაცია Google-ს საძიებო სისტემაში მხოლოდ ტრეისი ტომპსონის შესახებ იძებნება. სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებელი საკუთარ პოსტში მას გულისხმობს. კანადის მედია წყაროებიდან ირკვევა, რომ ტრეისი ტომპსონი ონტარიოს შტატიდან, კერძოდ ტორონტოდან, 2020 წელს კოვიდით დაავადდა და მოგვიანებით სამედიცინო დახმარებით სიცოცხლის შეწყვეტა (MAID) თავად მოითხოვა. კანადური მედია წერს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არა COVID 19-ის ვაქცინა, არამედ თავად ვირუსის გახანგრძლივებული ფორმა იყო, რამაც მისი ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობა დაამძიმა. 2022 წლის ივლისში ერთ-ერთ კანადურ ტელევიზიასთან CTV News Toronto-სთან ინტერვიუში ტომპსონმა განაცხადა, რომ ევთანაზიის გადაწყვეტილება გართულებული სოციალური მდგომარეობის გამო მიიღო. იმავე წლის დეკემბერში კი მან ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ინფორმაცია იმის შესახებ, ტრეისი ტომპსონის განაცხადი ევთანაზიაზე დადასტურდა თუ არა, არსად არ იძებნება. საინფორმაციო წყაროებში არ გვხვდება მტკიცებულება არც იმის შესახებ, რომ მან კოვიდ 19-ის ვაქცინა მიიღო.
ამრიგად, პოსტის ავტორის მტკიცება, რომ ორ წელიწადში კანადაში ევთანაზიის უფლება არასრულწლოვანებსაც ექნებათ, ტყუილია. ის, რომ კანადაში ევთანაზიას აქტიურად სთავაზობენ კოვიდის ვაქცინის შედეგებით დაავადებულ პირებს, ოფიციალურ წყაროებში არ დასტურდება.