გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც თითქოს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მუჰამად ბინ ზაიდის ციტატაა მოცემული: „მთელ საქართველოს ვიყიდით“. სინამდვილეში, ციტატა ყალბია და ამგვარი განცხადება არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში არ გავრცელებულა.

2025 წლის 19 სექტემბერს თბილისს ერთდღიანი ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ესტუმრა. იგი თბილისში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს. ვიზიტის დროს მთავარ განსახილველ საკითხს პარტნიორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენდა.

„ქართული ოცნების“ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის, განსაკუთრებით კი 6-მილიარდიანი ინვესტიციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი, პირადად მიწევს თქვენთან შეხვედრა. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6-მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“.

ამრიგად, პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა სამომავლოდ საქართველოში უფრო მეტი ინვესტირებისთვის მზაობა გამოთქვა, თუმცა ფრაზა – „მთელ საქართველოს ვიყიდით“, – ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.

აღნიშნული ციტატა არ გავრცელებულა არც სანდო მედიებსა თუ ღია წყაროებში, რომლებიც შეიხის ვიზიტს აშუქებდნენ. მსგავსი განცხადება  არც თავად პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალურ Facebook-გვერდს გაუვრცელებია, სადაც მან ვიზიტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ამრიგად, გავრცელებული ციტატა ყალბია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge