ონლაინ გამოცემა „სივრცეებმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ტრიბუნიდან ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე იუწყება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ტერმინი „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენების გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს განმარტება სთხოვა, რაც ონლაინ გამოცემა „სივრცეების“ სტატიაშიც არის ნახსენები, თუმცა სტატიის სათაური – „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ვაშინგტონთან დადებული შეთანხმებები ჩაიშალა – ფაშინიანი ალიევს მიმართავს – შეცდომაში შემყვანია. იგივე აღწერით გამოაქვეყნა ფოტოპოსტი „რადიო სივრცეების“ Facebook-გვერდმა. ფოტოპოსტზე ასევე გამოსახულია ბრჭყალები, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს „ზანგეზურის დერეფნის“ შეთანხმების ჩაშლის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანს ეკუთვნის. აღნიშნული დასტურდება სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლების მიერ გავრცელებული პოსტებით (1, 2), რომლებიც „რადიო სივრცის“ ფოტოპოსტს ფაქტად ავრცელებენ.
მტკიცება, რომ ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ე.წ „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტს ითვალისწინებს, ჩაიშალა, რადიო Georgian Times-ის ეთერში გააჟღერა გადაცემა „რეალური პოლიტიკის“ წამყვანმა, მალხაზ გულიაშვილმაც – „ჩავიდნენ ვაშინგტონში და ტრამპის თანდასწრებით გამოაცხადეს „ტრამპის გზა – ზანგეზურის კორიდორი“. შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ ჩავიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და გამოაცხადა… სომხურად ვიტყვი – „ზანგეზური კონტრაწეს!“, ანუ დამთავრდა ზანგეზური, მოკვდა ზანგეზური, ეს ამერიკული პროექტი…“
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საპასუხოდ განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონში ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებაზე ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ არ არის გამოყენებული და შესაბამისად, ალიევმა უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რას გულისხმობს აღნიშნულ ტერმინში, ვინაიდან ტერმინის გამოყენება სომხეთისთვის ტერიტორიულ პრეტენზიებთან ასოცირდება:
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომელთან ერთადაც ჩვენ მივიღეთ ვაშინგტონის დეკლარაცია, რამდენჯერმე, მათ შორის ამ ტრიბუნიდან, გამოიყენა ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“. მსგავსი ტერმინი არ არსებობს ვაშინგტონში შეთანხმებულ დოკუმენტში და არც არასდროს უარსებია სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში და ოფიციალურ დოკუმენტებში. მე ვფიქრობ, რომ ადეკვატური იქნებოდა ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგის მხრიდან განმარტება, თუ რას გულისხმობს ამ ტერმინში, ვინაიდან სომხურ რეალობაში ის აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ და ასოცირდება კონფლიქტურ ნარატივთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის განცხადებითვე, 8 აგვისტოს ვაშინგტონში ქვეყნებს შორის მკაფიო შინაარსი და რიტორიკა შეთანხმდა.
„მიღწეული შეთანხმების ეჭვქვეშ დაყენება სხვა ნარატივებით, როგორიც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა, ჩემთვის გაუგებარია. მსგავსი რიტორიკა არ ზრდის ადამიანთა რწმენას მშვიდობისადმი და არც გამომდინარეობს მშვიდობის ატმოსფეროდან და უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებიდან… გულწრფელი რომ ვიყო, არ მესმის აგრესიული ქვეტექსტების მქონე განცხადებების გავრცელების არსი, რომლებსაც ობიექტურ რეალობასთან კავშირი არ აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთობლივი ძალისხმევით უზარმაზარი დადებითი პროგრესი იქნა მიღწეული. ნუთუ მშვიდობას არ მოაქვს საკმარისი სიხარული და კმაყოფილება? ჩემთვის მოაქვს“.
ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის გარდა მთლიან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ტერმინ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებისგან.
„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გაითვალისწინოს, რომ ე.წ „ზანგეზურის დერეფანი“ და მსგავსი ნარატივები მიღწეული შეთანხმებებიდან არ გამომდინარეობს. მათ არ აქვთ კავშირი ამ შეთანხმებებთან, აქვთ უარყოფითი და გამაღიზიანებელი გავლენა და აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზიები სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, მიღწეული პროგრესის მიუხედავად“, თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
აქედან გამომდინარე, ნიკოლ ფაშინიანს ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ არ უთქვამს, რომ ის ჩაიშალა. მან გააკრიტიკა ტერმინი „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენება და მიანიშნა, რომ ვაშინგტონში მიღწეულ უზარმაზარ პროგრესის შესაბამისი არ არის.
2025 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში რჩება. ინფორმაცია, რომ თითქოს ის ჩაიშალა, საერთაშორისო და სომხურ ან აზერბაიჯანულ მედიაში არ გავრცელებულა, თუმცა მსგავსი ფორმულირებით სტატია გამოაქვეყნა კრემლის ონლაინ გამოცემა EADaily-მ. კრემლის მედიის მსგავსად, ონლაინ გამოცემა „სივრცეების“ სტატიაში მტკიცების გასამყარებლად სომეხი ოპოზიციონერების მოსაზრება არის გამოყენებული – „სომხეთის ოპოზიციამ გაეროში ფაშინიანის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა და „ვაშინგტონთან შეთანხმებები, ფაქტობრივად, ჩავარდა“, აღნიშნულია სტატიაში.
ამდენად, ნიკოლ ფაშინიანის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებიდან არ გამომდინარეობს, რომ ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმება ჩაიშალა, ხოლო სომეხი ოპოზიციონერების მოსაზრების სტატიის სათაურში და ფოტოპოსტში განთავსება შეცდომაში შემყვანია.
ცნობისთვის, 2025 წლის 9 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელზეც მუშაობა 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
17-მუხლიანი შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარს ამბობენ. ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მეორე მხარის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური ერთობის დაზიანების მიზნით არ იმოქმედებენ, მსგავს ქმედებებს მხარს არ დაუჭერენ და არ დაგეგმავენ. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან და ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობას აღიარებენ და პატივს სცემენ. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე უარს ამბობენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარაზე. შეთანხმებით, ქვეყნები ასევე არ დაუშვებენ „მესამე მხარის მიერ მათი ტერიტორიის გამოყენებას მეორე მხარის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად“. აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე მუშაობას განაგრძობენ და საზღვარზე მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კომისიის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ორივე მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს დაიცავს.