გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში კირ სტარმერის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მან უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება დააკანონა

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ (1, 2) ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში კონსერვატორი წევრის რიჩარდ ჰოლდენის სიტყვაა ასახული. ვიდეოს თან ახლავს შემდეგი აღწერები: „მორიგი ჯოჯოხეთი ბრიტანეთიდან. მუსლიმური ლობის მოთხოვნით, კირ სტარმერმა დიდ ბრიტანეთში ლეგალიზება გაუკეთა ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის ქორწინებას, რაც მშობლებთან ქორწინების ტოლფასია“; „მუსულმანური ლობის მოთხოვნით, ბრიტანეთის მთავრობამ უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა“. სინამდვილეში, გაერთიანებულ სამეფოში პირველი თაობის ბიძაშვილებს შორის ქორწინება ჯერ კიდევ ჰენრი VIII-მ ცნო ლეგალურად და აღნიშნულის დაკანონებას „მუსლიმური ლობთან“ ან კირ სტარმერის მთავრობასთან კავშირი არ აქვს. ამასთანავე, ერთ-ერთი პოსტის სათაურში მოცემული აღწერა პარლამენტის წევრ რიჩარდ ჰოლდენს ყალბ ციტატას მიაწერს.

2025 წლის 5 მარტს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ყოველკვირეულ შეხვედრაზე, რომელზეც ოთხშაბათობით პალატის წევრები პრემიერ-მინისტრს კითხვებს უსვამენ (Prime Minister’s Questions, PMQs), კონსერვატორული პარტიის წევრმა რიჩარდ ჰოლდენმა საკუთარი კანონპროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს კითხვა დაუსვა:

„პირველი თაობის ბიძაშვილებს შორის ქორწინება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს, რომელთაგან ბევრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ ხდება ცნობილი. როდესაც ეს პრაქტიკა თაობიდან თაობაზე გადადის, მნიშვნელოვანი მულტიპლიკაციური ეფექტი იჩენს თავს. დამატებით, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ღიაობასა და ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებებზე გავლენაც. ერთი და იმავე ბებია-ბაბუის ყოლას მნიშვნელოვანი დინამიკა ახასიათებს. პარასკევს მთავრობას არჩევანი აქვს, რომ პირველი ხაზის ბიძაშვილებს შორის ქორწინების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი კომიტეტის ეტაპზე განიხილოს. კიდევ ერთხელ დაფიქრდება თუ არა პრემიერ-მინისტრი, სანამ თავის თანამდებობის პირებს ამ კანონპროექტის დაბლოკვას დაავალებს?“

კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უპასუხა, რომ მის მთავრობას უკვე გაცხადებული ჰქონდა პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. კერძოდ, დაუნინგ-სტრიტის განცხადებით, მთავრობა აღნიშნული კანონის შეცვლას არ გეგმავს.

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები რიჩარდ ჰოლდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას არასწორად ავრცელებენ. კერძოდ, აღწერაში წარმოჩენილია, თითქოს ჰოლდენის თქმით, პრემიერ-მინისტრი და-ძმას, მშობლებსა და შვილებს შორის ქორწინების ლეგალიზაციას ახდენს, რაც, საბოლოოდ, ინგლისელი ხალხის გაქრობას გამოიწვევს. სინამდვილეში, აღნიშნულ შეხვედრაზე რიჩარდ ჰოლდენს მსგავსი რამ არ განუცხადებია.

რაც შეეხება მთავარ მტკიცებას, რომლის მიხედვითაც, კირ სტარმერის მთავრობამ მუსლიმური ლობის მოთხოვნით უახლოეს ნათესავებს, კერძოდ, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის ქორწინება დააკანონა, იგი ყალბია. სინამდვილეში, გაერთიანებულ სამეფოში პირველი თაობის ბიძაშვილებს შორის ქორწინება ჯერ კიდევ ჰენრი VIII-მ ცნო ლეგალურად საკუთარი ინტერესებისთვის.

უფრო კონკრეტულად, ინგლისში მრავალი ასეული წლის განმავლობაში პირველი ხაზის ბიძაშვილებს შორის ქორწინება არალეგალური იყო. მე-5 საუკუნის შუა ხანებიდან ინგლისში ეკლესია ამგვარი ქორწინებებისადმი რომაულ დოქტრინას იყენებდა, რაც ამდენად ახლო ნათესავებს შორის, ნათესაურის გარდა, სხვა სახის კავშირს კრძალავდა. საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეს აკრძალვა წარმოადგენდა ნორმას და მე-11 საუკუნისთვის მე-6 თაობის ბიძაშვილებზეც ვრცელდებოდა. თუმცა, 1540 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰენრი VIII-ის ხელისუფლების პირობებში პირველი ხაზის ბიძაშვილებს შორის ქორწინება ლეგალური გახადა.  ჰენრი VIII-ის მთავარ სურვილს მის მეხუთე ცოლზე, კათრინ ჰოვარდზე დაქორწინება წარმოადგენდა, რომელიც, თავის მხრივ, მეფე ჰენრის მეორე ცოლის, ანა (ენ) ბოლეინის ბიძაშვილი იყო. იმდროინდელი მკაცრი რელიგიური წესების მიხედვით კი, მეუღლის ნათესავები სისხლით ნათესავად ითვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰენრი VIII-ის ქორწინება ორივე ბიძაშვილთან ხანმოკლე აღმოჩნდა, ამ უკანასკნელისთვის ლეგალიზებული ბიძაშვილებს შორის ქორწინება დღემდე შემორჩა სამეფოში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰენრი VIII-ის ამ რეფორმას მხარი დაუჭირა ბევრმა პროტესტანტმა თეოლოგმა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ ის ქორწინებები უნდა იქნას აკრძალული, რომლებიც ბიბლიაშიც ცხადად აკრძალულია. ბიბლიაში კი, მათი თქმით, არსად არის მითითებული, რომ ბიძაშვილებს შორის ქორწინება დაუშვებელია. მართალია, ყველა რეფორმატორი არ ეთანხმებოდა ამ საკითხს და, ზოგადად, კალვინისტები უარყოფითად უყურებდნენ ახლო ნათესავებს შორის ქორწინებას, მაგრამ ჰენრის რეფორმის შემდეგ, ბიძაშვილებს შორის ქორწინება თავისუფლად იქნა დაშვებული ინგლისისა და კოლონიების პროტესტანტულ ეკლესიებში.

ნელ-ნელა პირველი თაობის ბიძაშვილებს შორის ქორწინება ტაბუირებულ საკითხად იქცა ბრიტანულ საზოგადოებაში და გენეტიკური რისკების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ  ამგვარი ქორწინების რაოდენობამ იკლო. თუმცა, ბრიტანული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მათ შორის მუსლიმურ თემებში, როგორიცაა პაკისტანელები მაგალითად, ბიძაშვილებს შორის ქორწინება ჯერ კიდევ აქტუალურია. სწორედ აღნიშნული ლეგალიზაციის აკრძალვის კანონპროექტი წარადგინა თემთა პალატაში მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლდენმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, ლეიბორისტული პარტია კი საკითხის განხილვას თავს არიდებს და ამაზე მიუთითებს კირ სტარმერის ზემოთ აღნიშნული პასუხიც პალატაში ჰოლდენის

ამრიგად, გაერთიანებულ სამეფოში პირველი თაობის ბიძაშვილებს შორის ქორწინება ნამდვილად ლეგალურია და მეტწილად სწორედ საზოგადოების მუსლიმურ ნაწილშია აქტუალური. თუმცა, ამ პრაქტიკის ლეგალიზებასთან მუსლიმური ლობის კავშირი არ დასტურდება, თავის მხრივ, ქრისტიანმა თეოლოგებმაც თავის დროზე მას მხარი დაუჭირეს. ლეგალიზების მოტივები მეფე ჰენრი VIII-ის პირად ინტერესებს უკავშირდებოდა.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge