სოციალურ ქსელებში, TikTok-სა და Facebook-ზე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12) (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჟურნალისტი და აქტივისტი თორნიკე რაზმაძის „ტვ პირველის“ ეთერში ტირილის კადრებია ასახული. ვიდეოები იმგვარადაა გავრცელებული, რომ წარმოაჩენს თითქოს რაზმაძემ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით იტირა. სინამდვილეში, ვიდეოები მანიპულირებულად ვრცელდება და თორნიკე რაზმაძის ემოციები საქართველოს ისტორიიდან გარკვეულ მონაკვეთებზე საუბარს მოჰყვა.
2025 წლის 5 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „დღის ამბები“ თორნიკე რაზმაძე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე, ამ დღის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებსა და მათ დაკავებაზე საუბრობს. ამის შემდეგ კი რაზმაძე საზოგადოებას მიმართავს:
„ჩვენ, მინდა, ერთი რამ გავიაზროთ. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საუკუნეების განმავლობაში. „დიპ სტეიტს“ არ ებრძოდა წმინდანი პატრიარქი ამბროსი ხელაია. მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გააზრებული ჰქონდათ, რა ბრძოლაში იყვნენ შესული, როცა იატაკქვეშა პროკლამაციებს ბეჭდავდნენ და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ეს ბრძოლა დღეს გადმოვიდა ჩვენზე და ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, დავიცავით მერაბ კოსტავა ისე, როგორც საჭირო იყო? ზვიად გამსახურდია დავიცავით ჩვენმა ქვეყანამ ისე, როგორც საჭირო იყო? ამბროსი ხელაია დავიცავით?“.
სწორედ აღნიშნული მიმართვის შემდეგ კადრში ჩანს, რომ თორნიკე რაზმაძე ემოციებს ვერ იკავებს და ტირილს იწყებს. წამყვანი ანა ახალაია კი სიტყვით სხვა სტუმართან, გიორგი მელაშვილთან გადადის. მოგვიანებით წამყვანი კითხვით კვლავ უბრუნდება თორნიკე რაზმაძეს: „ეს რისი ცრემლები იყო?“, თორნიკე რაზმაძემ კი ემოციების გამო ვერ შეძლო პასუხი და სტუდია დატოვა.
სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნულ კადრებს რედაქტირებული სახით ავრცელებს, თითქოს თორნიკე რაზმაძემ ტირილი ანა ახალაიას კითხვის შემდეგ „რას დაარქმევდი გუშინდელ დღეს [4 ოქტომბერს]?“ დაიწყო. სინამდვილეში, წამყვანის აღნიშნული კითხვის შემდეგ თორნიკე რაზმაძემ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ისაუბრა ემოციების გარეშე 4 ოქტომბრის მოვლენების შესაფასებლად (23:31 წუთიდან 28:30 წუთამდე) და მხოლოდ ისტორიულ მონაკვეთებზე საუბრის დროს ვეღარ შეიკავა ემოციები. ამრიგად, ამ შემთხვევებში ვიდეო რედაქტირებულია.
ზოგიერთ პოსტში კი თორნიკე რაზმაძის ტირილის კადრები შეცდომაში შემყვანი აღწერებით ვრცელდება, მაგალითად „თორნიკემ ნაცების ჩავარდნილი რევოლუციის გამო იტირა“; „გუშინდელი განცდილი ფიასკოს შემდეგ, ოპოზიციონერი აქტივისტი, პირდაპირ ეთერში ატირდა“; „4-მდე და 4-ის შემდეგ“. თუმცა, როგორც სრულ ინტერვიუში ჩანს, 4 ოქტომბრის მოვლენებს თორნიკეს ემოციებთან კავშირი არ ჰქონია.
შესაბამისად, ვიდეოს იმგვარად გავრცელება, თითქოს თორნიკე რაზმაძის ემოციები 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, შეცდომაში შემყვანია.
აღსანიშნავია, რომ აქტივისტი თავად გამოეხმაურა ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოებს Facebook-პოსტით:
„ყველა ტროლ ფეიჯზე მე ვარ, დაამონტაჟეს: აი აქციის ჩაშლის გამო ტირისო და აჭმევენ ამ სალაფავს თავიანთი პროპაგანდით გაბრუებულ მხარდამჭერებს. საერთოდ არ მრცხვენია ცრემლების, რომელიც წამომივიდა მერაბ კოსტავაზე, ზვიად გამსახურდიაზე და ამბროსი ხელაიაზე საუბრისას. თქვენ რის გამო იტირებთ, მაგას ვნახავთ, როცა იქნება, ტყუილად გგონიათ, რომ სულ ქოცები იქნებიან უკუნისამდე, საკუთარი შვილები არ გელაპარაკებიან უკვე და წინ რა გელით, წარმოიდგინეთ“.
მოგვიანებით კი ვიდეო-პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც უშუალოდ შალვა რამიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარ Facebook-გვერდზე მანიპულირებული აღწერით გაავრცელა თორნიკეს ტირილის კადრები.
„შალვა რამიშვილს მინდა მივმართო, რომელმაც ორი დღეა ყველგან გამოდო ჩემი ვიდეოები, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ პატრიარქ ამბროსი ხელაიაზე, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე საუბრის დროს ცრემლები მომდის და უნდათ, რომ ეს ვიდეო ისე დაამონტაჟონ, თითქოს ჩავარდნილი რევოლუციის და უიმედობის გამო ტირისო. საქართველოს ისტორიულ ტრაგედიებზე საუბრის დროს ცრემლების წამოსვლა საერთოდ არ მიმაჩნია სასირცხვილოდ…“
ცნობისთვის, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოძრაობამ „რუსთაველის გამზირი“ ორგანიზება გაუკეთა მასობრივ საპროტესტო აქციას – „მშვიდობიანი რევოლუციის“ სახელით. დემონსტრაციის მიმდინარეობისას, პროტესტის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და ეზოს ჯებირები გაარღვია. შედეგად, რამდენიმე დემონსტრანტი და პოლიციელი დაშავდა, აქციის ორგანიზატორები კი დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს: 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ; 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას; 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება; 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება.