გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (12345,6, 7), პოსტს ავრცელებს (არქივირებული ბმული) და წერს:

“საინტერესო ფაქტი : ბილ  გეითსის ბაბუა ერთგვარი მკვლელი იყო: 1918 წლის 21 იანვრიდან 4 ივნისამდე პერიოდში  „დოქტორმა“ ფრედერიკ ლ. გეითსმა, ბილის  ბაბუამ, განაცხადა ექსპერიმენტის შესახებ, რომლის დროსაც ჯარისკაცებს ბაქტერიული მენინგიტის ვაქცინის სამი დოზა მისცეს.

1918-1919 წლების ომის დროს აშშ-ის არმიის რაოდენობა 6 მილიონამდე გაიზარდა, რომელთაგან 2 მილიონი საზღვარგარეთ გაგზავნეს. როკფელერის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტმა ისარგებლა ამ ჯარიკაცებით  ვაქცინის ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

გეითსის თქმით, ისინი ჯარისკაცებს ექსპერიმენტული ბაქტერიული მენინგიტის ვაქცინის შემთხვევითი დოზებით აძლევდნენ. შემდგომში, ზოგიერთ მათგანს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც აღწერილი იყო, როგორც „იმიტირებული“ მენინგიტი. “კვიცი გვარზე ხტისო “აბა ვინ იქნებოდა ეგ ნაძირალა თუ არა და მკვლელი”. მტკიცება იმის შესახებ, რომ ფრედერიკ ლ. გეითსი Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის ბაბუა იყო და მის მიერ ჩატარებული მენინგიტის ვაქცინაციის გამო ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ტყუილია.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წელს სხვა Facebook-ანგარიშებმაც გამოაქვეყნეს (1, 2). ეს ინფორმაცია იმავე პერიოდში რუსულ ენაზეც გავრცელდა.

უპირველეს ყოვლისა, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და ფრედერიკ ლ. გეითსი ნათესავები არ არიან. ბილ გეითსის ბაბუა დედის მხრიდან ჯეიმს ვილიარდ მაქსველი იყო, რომელიც საბანკო საქმიანობით იყო დაკავებული. ბაბუა მამის მხრიდან კი ვილიამ ჰენრი გეითსი უფროსია, რომელიც ავეჯის მაღაზიას ფლობდა. მეტიც, ბილ გეითსის უფრო შორეული წინაპრებიდან არც ერთ მათგანს არ ერქვა ფრედერიკი და არც სამედიცინო საქმიანობით იყვნენ დაკავებულები.

ფრედერიკ ლამონტ გეითსი, რომელსაც შეიძლება პოსტის ავტორი გულისხმობდეს, დაიბადა მინეაპოლისში 1886 წელს და ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლა დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წელს ის აშშ-ს არმიის სამედიცინო კორპუსში მოხალისედ ჩაეწერა და როკფელერის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის შტაბში მუშაობა დაიწყო. ფრედერიკ გეითსი ამერიკელ ჯარისკაცებს ლექციებს უკითხავდა და პრევენციული მედიცინის ინტერესებიდან გამომდინარე სამხედრო ბანაკებს სტუმრობდა. ომის შემდეგაც მან განაგრძო ინსტიტუტში მუშაობა და მისმა კვლევებმა, განსაკუთრებით გრიპის შესახებ კვლევებმა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. იგი ასევე ჩინეთის სამედიცინო საბჭოს  წევრიც გახდა, რომელიც როკფელერის ფონდის მხარდაჭერით 1914 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ სამედიცინო განათლებაში, პოლიტიკის კვლევასა და გლობალურ ჯანდაცვაში ინოვაციებს ხელს უწყობს და გრანტებს გასცემს.

პირველი მსოფლიო ომის დროს აშშ-ს არმიაში ცერებროსპინალური მენინგიტი გავრცელდა, რის გამოც ჯარისკაცების 39% გარდაიცვალა. ეს დაავადება ასევე ცნობილი იყო, როგორც „ყაზარმის დაავადება“, რადგან შემთხვევათა დიდი რაოდენობა ახალწვეულების მობილიზაციის დროს ვლინდებოდა. ამ პერიოდს ემთხვევა ფრედერიკ გეითსის საქმიანობაც, რომელიც კანზასის შტატში, კერძოდ ფანსტონის ბანაკში, მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში აქტიურად მონაწილეობდა. მან ამის შესახებ ნაშრომიც კი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 1917 წელს ფანსტონის ბანაკის 3700 მოხალისე ჯარისკაცმა სამ დოზად მიიღო ვაქცინა.

როგორც გეითსი აღწერს, ვაქცინაციის შედეგად, ჯარისკაცებს შორის ძირითადად მსუბუქი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა. ის იშვიათი შემთხვევები, სადაც უფრო მძიმე რეაქცია გამოვლინდა, ვაქცინის მიმართ უჩვეულო ინდივიდუალური მგრძნობელობას უკავშირდებოდა და მენინგიალური გაღიზიანების სიმპტომების სახით ვლინდებოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინას შემთხვევითი დოზებით აძლევდნენ ჯარისკაცებს და ის, რომ ზოგიერთ მათგანს ე.წ. „იმიტირებული“ მენინგიტის სიმპტომები განუვითარდა, ნაშრომში არ გვხვდება. რაც შეეხება სიკვდილიანობას, აშშ-ს არმიის სამედიცინო დეპარტამენტის (AMEDD) მონაცემების თანახმად, გარდაცვალება არა ვაქცინამ, არამედ უშუალოდ მენინგიტის ეპიდემიამ გამოიწვია. ფანსტონის ბანაკში კი, სადაც ფრედერიკ გეითსი მუშაობდა, 1917-1919 წლებში მენინგიტის სულ 153 შემთხვევა დაფიქსირდა და 39 ადამიანი გარდაიცვალა.

ამრიგად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ფრედერიკ ლ. გეითსი Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის ბაბუა იყო და მის მიერ ჩატარებული მენინგიტის ვაქცინაციის გამო ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ტყუილია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge