გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული პირები ნაადრევად გათავისუფლდნენ. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელი ამტკიცებს, რომ იმ პირთა ნაწილი, რომელთაც მკვლელობის საქმეზე 16-წლიანი სასჯელი ჰქონდათ მისჯილი, 5 წელში ციხიდან გამოუშვეს (არქივირებული ბმული).

რეალურად, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საერთო ჯამში 17 პირი იყო დაკავებული – სხვადასხვა ბრალდებით. 5 პირი განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის არის გასამართლებული, მათგან სამ სრულწლოვანს სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნული პირები კვლავ საპატიმრო დაწესებულებაში რჩებიან და სასჯელის მოხდას აგრძელებენ.

საქმეში ბრალდებულთა ნაწილს მსჯავრი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაედო და თითოეულს 5-წლიანი სასჯელი შეეფარდა. გამოცემა ინტერპრესნიუსის ცნობით, ეს  მსჯავრდადებულები ციხიდან მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც 5-5 წლით მისჯილი სასჯელი სრულად მოიხადეს,  შესაბამისად, მათი გათავისუფლება ნაადრევად არ მომხდარა. მედიას  ინფორმაციას მსჯავრდადებულების ადვოკატებიც უდასტურებენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის 17 ფიგურანტი (რომელთა შორის ასევე იყვნენ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირებიც) იზოლატორში 2020 წლის 26 ივნისს გადაიყვანეს. (იხ. ბმული 1 , ბმული 2 ) ამ თარიღიდან დაახლოებით 5 წელი და 3 თვე არის გასული, რაც ადასტურებს, რომ მათი ვადამდე გათავისუფლება არ მომხდარა.

ამრიგად, საჯარო პოსტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 16-წლიანი სასჯელი მისჯილი პირები 5 წელში ციხიდან გამოუშვეს, არ დასტურდება.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge