ბოლო რამდენიმე თვეა, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საუბრობენ მრავალმილიონიან პროექტზე, რომელიც საქართველოში EMAAR ჯგუფმა უნდა განახორციელოს. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ინვესტიცია აჭარაშიც უნდა ჩაიდოს. ამის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის, განცხადებებიც გვახსოვს. ჯაბა ფუტკარაძე მინისტრი აღარაა. რაც შეეხება აჭარაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამ თემას „ოცნების“ წარმომადგენლები ისე ხშირად აღარ ეხებიან, როგორც გასულ წლებში.
გაგაცნობთ, როგორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლების მიხედვით და მას 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შევადარებთ. მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოგვაწოდა. (დანართი 1)
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, აჭარაში FDI-ის მაჩვენებელი შემცირებულია.
ცხრილი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2024 წლის I-IV და 2025 წლის I-II კვარტლების მიხედვით, აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცხრილი 1 აჩვენებს, რომ 2024 წელს აჭარაში, პირველ და მეორე კვარტლებში FDI, ჯამში, 69 710 300 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 7 602 500 აშშ დოლარით ნაკლებია 2025 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელზე. ამასთან, გასული წლის მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აღემატება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს. კერძოდ, 2025 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული FDI შეადგენს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 83.7%-ს. პირველ კვარტალში შემოსული ინვესტიციები კი თითქმის იდენტურია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.
თუ FDI-ის კომპონენტების მიხედვით შევადარებთ, ვნახავთ, რომ სააქციო კაპიტალის კომპონენტში ზრდა გვაქვს, ხოლო რეინვესტიცია შემცირებულია.
ცხრილი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში, 2024 წლის I-IV და 2025 წლის I-II კვარტლები, კომპონენტების მიხედვით, აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შარშან პირველ და მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა შეადგინა 5 843 800 აშშ დოლარი. წელს კი 11 052 100 აშშ დოლარი. ეს ნიშნავს, რომ წლევანდელი ორი კვარტლის მიხედვით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, სააქციო კაპიტალის კომპონენტში 52.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის პირველ და მეორე კვარტლებში ინვესტიციების ჯამური მოცულობა იყო 69 692 300 აშშ დოლარი, გამოვა, რომ სააქციო კაპიტალის კომპონენტი შეადგენდა 8.4%-ს, ხოლო 2025 წლის ორი კვარტალში (სულ 62 107 800 აშშ დოლარი), სააქციო კაპიტალის წილი 17.8%-ს აღწევს. ეს, თავისთავად, პოზიტიური მოვლენაა, რადგან ნიშნავს, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში, პირველ და მეორე კვარტლებში, მეტი ახალი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. რაც შეეხება რეინვესტიციას, შარშანდელი ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან – 52 763 200 აშშ დოლართან მიმართებით, წელს 8 683 700 აშშ დოლარით ანუ 16.5%-ით ნაკლებია და 44 079 500 აშშ დოლარს შეადგენს.
თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სექტორების მიხედვით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ 2024 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება; დამამუშავებელი მრეწველობა; ხელოვნება, გართობა და დასვენება. 2025 წლის ორი კვარტლის მიხედვით, დამამუშავებელ მრეწველობაში 18 306 400 $-ის ინვესტიცია ჩაიდო, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობებში – 11 935 100 $, ხოლო ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორში – 10 236 000 $.
ცხრილი 3. აჭარაში განხორციელებული FDI სექტორების მიხედვით, 2024 წლის I-II კვარტლები და 2025 I-II კვარტლები, აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
შენიშვნა:
* წინასწარი მონაცემები;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა “საგარეო ეკონომიკური საქმიანობის” სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტიური მისამართების მიხედვით. რაც შეეხება საფინანსო სექტორს (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები), მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე.
შარშანდელ ორ კვარტალთან შედარებით, გაზრდილია FDI-ის მოცულობა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი; მშენებლობა; უძრავი ქონება; ხელოვნება, გართობა, დასვენება. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია განათლების სექტორში. კლება დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ასევე – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში. თუმცა, პირველი და მეორე კვარტლების ჯამური მაჩვენებლების მიხედვით, წელს განსაკუთრებით მკვეთრადა 2.3-ჯერ, 27.8-დან 11.9 მლნ-მდეა შემცირდებული FDI-ის მოცულობა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობებში. თითქმის განახევრებულია ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორში.
საინტერესოა FDI-ის მოცულობა ქვეყნების მიხედვთ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ტრადიციულად, უცხოურ ინვესტიციებს შორის, წამყვან პოზიციაზე იყო თურქული ინვესტიცია. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის პირველ და მეორე კვარტლებში მისი მოცულობა 25 616 200 აშშ დოლარს შეადგენდა, მომდევნო კვარტლებში კი შემცირდა და წლიურმა მოცულობამ 20 006 000 აშშ დოლარი შეადგინა. წელს ორი კვარტლის ჯამური მოცულობა კი 23 367 800 აშშ დოლარია, რაც უკვე აღემატება შარშანდელ ჯამურ მაჩვენებელს. დარჩება, თუ – არა თურქეთი აჭარაში მსხვილ ინვესტორად, ეს მხოლოდ მიმდინარე წლის საბოლოო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გვეცოდინება. ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ასევე რუსეთიც. თუმცა შარშან მან ინვესტიციების მოცულობა შეამცირა – წლიური 8 967 900 აშშ დოლარი იყო, ხოლო პირველი და მეორე კვარტლების მიხედვით, 6 596 800 აშშ დოლარს შეადგენდა. 2025 წლის ორ კვარტალში კი რუსული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 16 499 600 აშშ დოლარს აღწევს.
ცხრილი 4. FDI აჭარაში ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის ჯამი და 2025 წლის I-II კვარტლების ჯამი, აშშ დოლარი
წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები
შენიშვნა: … ინფორმაცია ზოგიერთი სექტორის შესახებ, სადაც განხორციელდა პირდაპირი ინვესტიციები აჭარაში, კონფიდენციალურია;
არსებული მდგომარეობით, აშკარაა, რომ, მაგალითად, უკრაინული ინვესტიციები წელს გაზრდილია და შარშანდელ ჯამურ მოცულობას მკვეთრად აღემატება. იმავეს თქმა შეიძლება სომხეთთან მიმართებით. გაზრდილია ინვესტიციები აშშ-დანაც. თუმცა 2024 წლის წლიურ მაჩვენებლებთან 2025 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემების შედარებით, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ინვესტიციების ზრდის ან კლების ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.