სოციალურ ქსელში Facebook ანგარიში, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, წერს, რომ ქართული მედიები იტყუებიან და რეალურად 2025 წლის 15 ოქტომბერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ელინა ვალტონენსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაგეგმილი შეხვედრა კობახიძემ გააუქმა. ამის დასადასტურებლად პოსტს თან ერთვის ფოტოსურათი, რომელშიც Google-ის ხელოვნური ინტელექტის პასუხია მოცემული: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააუქმა 2025 წლის 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა ელინა ვალტონენთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოვალეობის შემსრულებელ თავმჯდომარესთან“. ამასთან, პოსტში არ ჩანს ზუსტი კითხვა, რაც ხელოვნურ ინტელექტს დაუსვეს. (არქივირებული ბმული)
2025 წლის 14 ოქტომბერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოში ჩამოვიდა. თავდაპირველად ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, შემდგომ კი პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს შეხვდა. რუსთაველის გამზირზე მინისტრმა ვალტონენმა ვიდეო გადაიღო და პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები. თბილისში ვიზიტისას მინისტრი ვალტონენი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრა.
15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძემ ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა: „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში. მოგვიანებით, 15 ოქტომბერს „პირველი არხის“ გადაცემაში „დღის თემა“ კობახიძემ გაიმეორა, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ გააუქმა.
ელინა ვალტონენმა 2025 წლის 16 ოქტომბერს X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კობახიძეს მიმართავდა, პოსტის ბოლოს კი წერდა: „ბოდიშს გიხდით, რომ დატვირთული გრაფიკის გამო თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება მომიწია“.
ვალტონენის ინიცატივით შეხვედრის გაუქმებაზე დაწერა ფინურმა მედიამაც. ფინური „ულეს“ ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტყუილია, თითქოს ქართული მხარის ინიციატივით გაუქმდა ვალტონენისა და კობახიძის შეხვედრა. ფინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ შეხვედრა მათ გააუქმეს განრიგში შესული ცვლილებების გამო.
აღნიშნული ინფორმაცია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთთანაც“ დაადასტურა. „ნეტგაზეთისთვის“ გაგზავნილ წერილობით პასუხში სამინისტრო აღნიშნავს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ საღამოს, გრაფიკთან დაკავშირებული მიზეზების გამო გააუქმა. სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის პირველი გაჩერება აზერბაიჯანი უნდა ყოფილიყო და ვიზიტი თავდაპირველად ორშაბათს იყო დაგეგმილი. თუმცა, ის გაუქმდა, რადგან აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, მინისტრ ვალტონენის დაგეგმილი ვიზიტის პარალელურად, ეგვიპტეში, ღაზას საკითხზე გამართულ „მშვიდობის სამიტს“ ესწრებოდა. გუშინდელი მონაცემებით, ბაქოში ვიზიტი წარმატებით გადაინიშნა დღეისთვის“.
რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში Google-ის ხელოვნური ინტელექტის პასუხიცაა მოცემული, „ჯეოფაქტსმა“ ვალტონენსა და კობახიძეს შორის შეხვედრის გაუქმებაზე კითხვა დაუსვა. Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა შემდეგი პასუხი გაგვცა: “როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ელინა ვალტონენიც აცხადებენ, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა ორივე მხარე განსხვავებულ მიზეზს ასახელებს.
საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გააუქმა იმის გამო, რომ ვალტონენი მონაწილეობდა „არალეგალურ აქციაში“ და თბილისში ყოფნისას „ცრუ განცხადებები“ გააკეთა.
თუმცა ელინა ვალტონენის განცხადებით, შეხვედრა ფინეთის ინიციატივით გაუქმდა გრაფიკის ცვლილების გამო, რადგან მას უფრო ადრე მოუწია თბილისის დატოვება სამხრეთ კავკასიაში ტურნეს გაგრძელებისთვის — აზერბაიჯანში.
ვალტონენმა ეს ინფორმაცია X-ზე გაავრცელა და აღნიშნა: „სამწუხაროდ, მომიწია შეხვედრის გაუქმება თბილისში გრაფიკის გამო“. მიუხედავად იმისა, რომ „ჯეოფაქტსს“ ხელოვნურმა ინტელექტმა ორივე, ქართული და ფინური მხარის პოზიცია წარუდგინა პასუხად, შესაძლოა პოსტის ავტორმა განსხვავებული ფორმულირებით დაუსვა კითხვა, რამაც პასუხის განსხვავებულობა გამოიწვია.
ამგვარად, ორი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და შესაბამისად, პოსტის ავტორის მტკიცებაც არ დასტურდება.