გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელიც ასახავს თუ როგორ იდებს უცხოელი მამაკაცი ხინკალს იღლიაში და შემდეგ მას ჭამს. პოსტებს თან ახლავს აღწერები: „ეფერეთ კიდევ ჩმორებო“; „ჯერ ხინკალს ამოისმევენ, მერე მწვადზე იჯირითებენ და იძინე ერო, იძინე“. სინამდვილეში, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და ამაზე მასზე დატანილი ნიშანიც (Watermark) მიუთითებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები, სავარაუდოდ, იმ ანტი-მიგრაციულ კამპანიას ეხმიანება, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა პარტია „კონსერვატორები“ უჭერენ მხარს. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდეც პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მათმა მხარდამჭერებმა 29 ივნისს საპროტესტო მსვლელობაც დააორგანიზეს მოთხოვნით „ჩაკეტეთ საქართველო“.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სინამდვილეში რედაქტირებულია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს.

ფაქტს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაა შექმნილი მასზე დატანილი სამარკო ნიშანი (Watermark) ადასტურებს. კერძოდ, ვიდეოზე ვხედავთ Sora-ს ლოგოს. ეს უკანასკნელი OpenAI-ს (ხელოვნური ინტელექტის ამერიკული ორგანიზაცია) მიერ შექმნილი აპლიკაციაა. აპლიკაციას როგორც ტექსტის ასევე, ფოტოსურათის გამოყენებით შეუძლია რეალისტური ვიდეომასალების შექმნა. სწორედ Sora-ს მიერაა შექმნილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოც.

ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიანიშნებს სხვა დეტალებიც. მაგალითად, ხინკლის მოკბეჩის შემდეგაც ხინკალი ისევ სრულყოფილად და ერთიანად გამოიყურება. არაბუნებრივია აგრეთვე მამაკაცის ხელისა და პირის მოძრაობები. საეჭვო ფერს იძენს მისი მკლავიც ხინკლის იღლიასთან მიტანის შემდეგ .

ამრიგად, ვიდეო რედაქტირებულია და იგი აპლიკაცია Sora-ს დახმარებითაა გენერირებული.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge