სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო (დაარქივებული ბმული), რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი ჩანს. პოსტის აღწერაში გამავრცელებელი მიუთითებს: „წარმოიდგინეთ ზელენსკი ვაშინგტონში ჩადის, მაგრამ აეროპორტში არავინ ხვდება. არც საპატიო ყარაული, არც ოფიციალური პირები, არც ცერემონიალი, სრული სიჩუმე. საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად მას სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ „მისალმების“ სცენა თავადვე მოეწყო. კადრები აჩვენებს, როგორ ესალმებიან მას საკუთარი გუნდის წევრები მათ შორის საკუთარი პილოტი. ვინც პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩაიყვანა“. აღნიშნული ფოტო რუსულმა მედიებმა და სოციალური ქსელების ანგარიშებმაც გაავრცელეს (1, 2, 3), ასევე რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა.
რეალურად, კადრებში ჩანს, როგორ ესალმებიან უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსი, აშშ-ის სამხედრო ოფიცერი, ხოლო უკრაინის მხრიდან – აშშ-ში უკრაინის ელჩი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უკრაინის სამხედრო ატაშე. დახვედრის ცერემონიაზე დამსწრე პირების სია პროტოკოლით არის განსაზღვრული და სხვა მაღალი რანგის სტუმრებსაც იგივე წესით ესალმებიან. შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა „მისალმების სცენა თავადვე მოაწყო“ და მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის პილოტი, დახვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით 17 ოქტომბერს ჩავიდა. მას ენდრიუსის ბაზაზე დახვდნენ. შეხვედრის კადრები უკრაინის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
აშშ-ის დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით (გვერდი 167), სტუმრებს აშშ-ის პროტოკოლის უფროსი, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუმარი ქვეყნის ელჩი აშშ-ში და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ხვდებიან. როგორც კადრებში ჩანს, ზელენსკის აშშ-ის პროტოკოლის უფროსი მონიკა კროული ხვდება.

ზელენსკის ასევე ხელს ართმევს პირი, რომლის იდენტიფიცირებაც კადრებიდან ვერ ხერხდება, თუმცა, მისი უნიფორმასა და ქუდზე არსებული სიმბოლოების გათვალისწინებით, ის აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას ესტონური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Delfi გამოეხმაურა. სამხედრო პირის იდენტიფიცირება ვერც მათ შეძლეს, თუმცა სტატიაში აღნიშნავენ, რომ, „სავარაუდოდ პირი ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზის, ან აშშ-ის საჰაერო ძალების ვაშინგტონის ოლქის წარმომადგენელია – როგორც წესი, ისინი ბაზაზე დელეგაციების მიღების ცერემონიალში მონაწილეობენ“.
დამატებით, ამ პირის ვინაობის დასადგენად „ჯეოფაქტსი“ აშშ-ის პროტოკოლს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.
დამატებით, კადრში ჩანს, რომ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი იერმაკი და უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინაც ხვდებიან.

ზელენსკის უკრაინის სამხედრო ატაშე აშშ-ში, ბორის კრემენეცკიც ხვდება. Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში სწორედ მისი უკრაინის დროშის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშანი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ბორის კრემენეცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ჩასვლისას სხვა დროსაც შეხვედრია.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ასევე აშშ-ის საპატიო სამხედრო მცველებიც ჩანან.

წყარო: https://x.com/ZelenskyyUa/status/
საგულისხმოა, რომ აშშ-ში ვიზიტისას სხვა მაღალი რანგის სტუმრებსაც იმავე წესით ხვდებიან, რასაც მაგალითად 20 ოქტომბერს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის აშშ-ში ვიზიტი ადასტურებს. კადრებში ჩანს, რომ აეროპორტში მას პროტოკოლის უფროსი მონიკა კროული და ავსტრალიის ელჩი აშშ-ში, კევინ რადი დახვდნენ.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა. უკრაინული მხარისთვის შეხვედრის მიზანი ტრამპისგან „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემაზე თანხმობის მიღება იყო, თუმცა შეთანხმება ამ ეტაპზე ვერ შედგა.







