სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია ასახული. ვიდეოში ფაშინიანი მაყურებელს უხამს ჟესტს, კერძოდ, შუა თითს უჩვენებს. სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარი სოციალური ქსელის გვერდებზე ხშირად აქვეყნებს მოკლე ვიდეოებს როგორც სამუშაო, ისე ოფიციალური გარემოდან. სწორედ ამგვარი ფორმის ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშიც, თუმცა რედაქტირებული სახით. კერძოდ, სავარაუდოა, რომ Facebook-მომხმარებელმა ფაშინიანის 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ორიგინალი ვიდეოდან კადრები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაამუშავა იმგვარად, თითქოს პრემიერი ხალხს შუა თითს უჩვენებს. სინამდვილეში, ორიგინალ ვიდეოში ფაშინიანი ხელებით გულის ფორმის ჟესტს აკეთებს.

უხამსი შინაარსის ვიდეო ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ სოციალურ მედიებში არ გამოქვეყნებულა და არ გაუვრცელებიათ არც სანდო მედიებსა თუ ოფიციალურ უწყებებს.
იმაზე კი, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ვიდეოს დაბალი ხარისხი და სომხეთის პრემიერ-მინისტრის არაბუნებრივი მოძრაობები და სხეულის ნაკვთები მიუთითებს.







