სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული) აღწერით: „ნატო შოკშია. რუსეთის ახალი ბირთვული იარაღის ბურვესტნიკის გამოცდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა“. სინამდვილეში, პოსტში გავრცელებულ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და რუსული ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა Skyfall (ბურევესტნიკის) გამოცდასთან კავშირი არ აქვს.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის, მიერ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მოხსენებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 21 ოქტომბერს ბირთვული ძრავით აღჭურვილი კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტა Skyfall, იგივე „ბურევესტნიკი“ წარმატებით გამოცადეს. მოხსენების თანახმად, რაკეტამ დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იფრინა და 14,000 კილომეტრი დაფარა.
„ბურევესტნიკი“ რუსული კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც ძრავის მუშაობის დროს რადიოაქტიური დაბინძურების გამო „მფრინავ ჩერნობილს“ უწოდებენ. პრეზიდენტ პუტინის თქმით: „ეს არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
როგორც რუსული სამთავრობო მედია РИА Новости იუწყება, სატესტო გაშვებას რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრი ხელმძღვანელობდა. აქვე გამოქვეყნდა რაკეტის წარმატებული ტესტირების კადრებიც, რომლებიც თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ამავე კადრებს ავრცელებენ სხვა სანდო მედია-საშუალებებიც (The Telegraph, Associated Press, Deutsche Welle).



ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ბირთვული იარაღის აფეთქებისა და მისი დამანგრეველი შედეგების კადრებია აღბეჭდილი, რუსეთის მიერ „ბურევესტნიკის“ გამოცდასთან კავშირი არ აქვს. ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) თანახმად, იგივე ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში „ბურევესტნიკის“ ტესტირებამდეც, ანუ 21 ოქტომბრამდეც ვრცელდებოდა (1, 2, 3).
საგულისხმოა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ვიდეოს ნამდვილობა არ დასტურდება, რადგან მასზე ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგად რადიოაქტიური კატასტროფაა აღბეჭდილი, მსგავს მოვლენას კი ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ადგილი არ ჰქონია. არაბუნებრივი და ამავდროულად არარეალური კადრები, რომელიც არც ერთ სანდო წყაროს არ გაუვრცელებია, მიუთითებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და რეალობასთან კავშირი არ აქვს.






