სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დიდი ზომის ფეხსაცმელი აცვია (დაარქივებული ბმული). აღნიშნული ფოტოს სავარაუდო პირველწყარო რუსულენოვანი X-ანგარიშია. სინამდვილეში, ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

ფოტო სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია OPEN გამოეხმაურა.
როგორც ჩანს, გავრცელებული ფოტო ავსტრიულ ვებსაიტ Puls24-ზე 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ფოტოს რედაქტირებულ ვერსიას წარმოადგენს. ორიგინალ ფოტოზე ზელენსკის გვერდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა დგას, თუმცა მისი სახე რედაქტირების დროს შეცვლილია. შეცვლილია მათი ტანსაცმელიც. განსხვავდება აგრეთვე მიკროფონებზე გამოსახული ტელეკომპანიების ლოგოები. გარდა ამისა, რედაქტირებულ ვერსიაში რამდენიმე უზუსტობაა, რაც ზოგადად, ხელოვნური ინტელექტისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად, არაბუნებრივად გლუვი კანი და დეფორმირებული ხელები.

ავთენტური ფოტო

რედაქტირებული ფოტო
ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Undetectable.ai-ის მიხედვით, ფოტო 97%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის კვალს. კიდევ ერთი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით კი, ფოტო 98.9%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან Deepfake-ის კვალს.


ამავდროულად, ზელენსკისა და ანტონიო კოსტას 2024 და 2025 წლის შეხვედრის ფოტოები AFP-ის გალერეაში ხელმისაწვდომი. ფოტოებზე ჩანს, რომ ზელენსკის მსგავსი დიდი ზომის ფეხსაცმელი არ აცვია.


ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რეალობას არ შეესაბამება.







