გადამოწმებული ფაქტები ტყუილი

დეზინფორმაცია: ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულო აღარ არის

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ პოსტებს (1, 2, 3), რომელთა მიხედვით, ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულო აღარაა: „ირანმა გააუქმა ქალებისთვის ჰიჯაბის ტარების მოთხოვნა, გააუქმა ჯარიმები და სამართლებრივი სანქციები მისი არ ტარებისთვის…“; ირანში ხიჯაბის ტარება აუცილებელი აღარაა. თანამედროვეობამ მოიტანაო. ვისაც აქვს სურვილი პრობლემა არ არისო“. სინამდვილეში, მტკიცებები ყალბია და ირანის კანონში მსგავს ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის AFP-ის თანახმად, მტკიცებები ირანში ჰიჯაბის ტარების კანონის გაუქმების შესახებ თავდაპირველად ჩინურენოვან სოციალურ მედიაში გავრცელდა, როდესაც პოსტში ირანის მთავრობის მრჩევლის (მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი საბჭოს წევრი), მუჰამად-რეზა ბაჰონარის ციტატა იყო მოყვანილი: „არ არსებობს სავალდებულო კანონი ჰიჯაბის შესახებ“.

სინამდვილეში,  1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ქალებისთვის თმის დაფარვა სავალდებულოა. 2023 წლის სექტემბერში ირანულმა პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა იმ ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარებაზე უარს აცხადებდნენ. აღნიშნულმა კანონმა ქვეყანაში არეულობა და ცხარე დებატები გამოიწვია, რის შედეგადაც მთავრობას კანონპროექტი დღემდე არ დაუმტკიცებია და მისი განხილვის პროცესი შეჩერებულია. მიუხედავად ამისა, კანონი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ დღემდე რჩება ირანულ კანონმდებლობაში.

11 ოქტომბერს ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა ბაჰარ განდეჰარიმ AFP-სთან წერილში განაცხადა: „ჰიჯაბის ტარების ვალდებულება იურიდიულად არ გაუქმებულა. ის ირანის ტერიტორიაზე კვლავ კანონად რჩება. შეიცვალა მხოლოდ კანონის აღსრულების დონე, თუმცა ცვლილება არათანმიმდევრულია და ირანის ქალაქების და პროვინციების მიხედვით განსხვავდება“.

ამავე ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰიჯაბის კანონის აღსრულების გზები შეიცვალა – ზოგჯერ კვლავ „მორალის პოლიციის“ მიერ აღსრულდება, როგორც უწინ, თუმცა დღესდღეობით იზრდება სხვა აღსრულების მეთოდების რაოდენობაც: ელექტრონული მეთვალყურეობა და ფარული აგენტების გამოყენება საზოგადოებაში, რომლებიც კანონის დამრღვევებს ჯარიმებს უწერენ ან მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებენ; იმ ბიზნესების განადგურება, რომლებიც კანონის დამრღვევ ქალებს ემსახურებიან.

აღსანიშნავია, რომ ირანის მთავრობის მრჩევლის ციტატა, რომლის საფუძველზეც შეცდომაში შემყვანი პოსტები გავრცელდა, ბაჰონარმა მალევე, 7 დღეში თავადვე უარყო. კერძოდ, 11 ოქტომბერს ირანულ საინფორმაციო მაუწყებლობასთან IRIB Ofogh ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰიჯაბის ტარების კანონი აუცილებლად უნდა იქნას დაცული.

ამრიგად, მტკიცება, რომ ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულო აღარაა, მცდარია.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge