სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Gvalski Temo, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის პიცასა და ბურგერს მიირთმევს. ვიდეოს თან შემდეგი წარწერა ერთვის: „შიმშილობის მეორე დღე“. რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული (არქივირებული ბმული).

ვიდეოს მარცხენა ზედა კუთხეში ტელეკომპანია „იმედის“ ლოგო ჩანს და ვიზუალურად „იმედის“ საინფორმაციო ბარათს, ე.წ. ქარდს ჰგავს. „იმედის“ Facebook- გვერდზე 2025 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული იდენტური ქარდი იძებნება. მასზე გედევან ფოფხაძის ფოტოსურათი და ციტატაა დატანილი: „გედი ფოფხაძე: ვიწყებთ შიმშილობის აქციას მოთხოვნით, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები“.

სწორედ „იმედის“ საინფორმაციო ბარათია გამოყენებული ვიდეოს შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს, Hivemoderation-ის თანახმად, ვიდეო 91.7%-ით შეიცავს ხელოვნური ინტელექტისა და Deepfake-ის ნიშნებს.

ამგვარად, ვიდეო ნამდვილი არ არის, ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.
ცნობისთვის, 2025 წლის 28 ოქტომბერს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ ოთხ აქტივისტთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა. „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – ასეთია მათი მოთხოვნა.







