გადამოწმებული ფაქტები ნახევრად სიმართლე

ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა. 2021-2024 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 21.3%-დან 9.4%-მდე შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის დონე გაიზარდა, რის გამოც მიმდინარე მონაცემები შედარებულია სიღარიბის გაზრდილ მაჩვენებელთან. პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, აბსოლუტური სიღარიბის დონე მართლაც განახევრებულია.

სიღარიბის შემცირების პოზიტიური დინამიკა ბოლო წლებში დიდწილად განპირობებულია დროებითი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებით და არა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ზრდით. სოციალური დახმარებებისა და ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების ზრდამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აბსოლუტური სიღარიბის დონის სტატისტიკურ შემცირებაში.

აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 19.1% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა დაახლოებით 66%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ სიღარიბის კლება ნაკლებად ასახავს ეკონომიკური კეთილდღეობის რეალურ გაუმჯობესებას და მეტწილად ეფუძნება სოციალურ ტრანსფერებს.

გრძელვადიან პერიოდში შემცირებულია სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილიც, თუმცა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49.1%) კვლავ ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევად რჩება.

შესაბამისად, ირაკლი კობახიძემ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი სწორად დაასახელა, თუმცა უგულებელყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორები – კერძოდ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა და სოციალური ტრანსფერების გადამწყვეტი როლი სიღარიბის შემცირებაში. გარდა ამისა, განცხადება არ მოიცავს სიღარიბის სხვა, მათ შორის საერთაშორისო მაჩვენებლებს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით  ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

ირაკლი კობახიძის განცხადებით: „4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში“.

ირაკლი კობახიძე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრობს. აბსოლუტური სიღარიბის დონე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი არ გააჩნია. თუმცა, ამ ინდიკატორით სრულად ვერ განისაზღვრება სიღარიბის მასშტაბი, რადგან იგი არ მოიცავს ზოგად სიღარიბეს, სოციალურ მოწყვლადობასა და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ ფაქტორებს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ოთხწლიან პერიოდში (2021-2024 წლებში) აბსოლუტური სიღარიბის დონე 21.3%-დან 9.4%-მდე შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის დონე გაიზარდა, ამიტომ მიმდინარე მონაცემები შედარებულია სიღარიბის გაზრდილ მაჩვენებელთან.

როდესაც აბსოლუტური სიღარიბის დონის კლებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რა ფაქტორები განაპირობებს ამ ცვლილებას.

უკიდურესი სიღარიბის შემცირება ძირითადად მოსახლეობის შემოსავლების ზრდის შედეგია, რაც მოიცავს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და ემიგრაციიდან მიღებულ ფულად გზავნილებს. პანდემიის შემდგომ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა სოციალური დახმარების პროგრამებმა მოახდინეს, მათ შორის ბავშვთა ფულადი დახმარების, საარსებო შემწეობის, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამებმა და სხვა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობების მეშვეობით აღწევს თავს, კვლავ რჩება მოწყვლად მდგომარეობაში და განიხილება ზოგად სიღარიბეში მცხოვრებ ჯგუფად.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი  (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირების პარალელურად, საქართველოში რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ზრდასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად განპირობებულია სოციალური დახმარებებისა და ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველ პირთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საარსებო შემწეობას 709,148 ადამიანი (184,253 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 19.1%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 18,652 ადამიანით (4,701 ოჯახით) გაიზარდა. საყურადღებოა, რომ 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჯამში 281,775 ადამიანით, ანუ დაახლოებით 66%-ით გაიზარდა.

ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებული, არ მიუთითებს სიღარიბის დონის ჯანსაღ კლებაზე. პირიქით, ეს ტენდენცია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ეკონომიკურ მოწყვლადობას უსვამს ხაზს – მათ დამოკიდებულებას სახელმწიფო დახმარებებზე, როგორც ძირითადი საარსებო წყაროს მიმართ.

გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან (%)

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ჩვენ ასევე განვიხილეთ სიღარიბის საერთაშორისო მონაცემები. საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა (upper-middle-income), თუმცა, მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე კვლავ უკიდურესად მაღალია. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 49.1% დღეში 8.30 PPP (მსყიდველუნარიანობის პარიტეტი) დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან კვებას, ჯანდაცვას და განათლებას, ანუ ვერ უზრუნველყოფენ მინიმალურ ადამიანურ საჭიროებებს. გარდა ამისა, უკიდურეს სიღარიბეში (დღეში 3 PPP დოლარზე ნაკლები) იმყოფება მოსახლეობის 5.8%, ხოლო მოსახლეობის 14% დღეში 4.20 PPP დოლარზე ნაკლებს მოიხმარს.  აქვე განვმარტავთ, რომ საქსტატის ცნობით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი დღეში 8.30 PPP დოლარი თვეში 310.8 ლარს შეესაბამება, 4.20 PPP დოლარი თვეში 157.3 ლარია, ხოლო 3 PPP დოლარი 112.3 ლარია.

გრძელვადიან პერიოდში სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი შემცირებულია (იხილეთ გრაფიკი 3), თუმცა მოსახლეობის თითქმის ნახევარი მაინც სიღარიბეში ცხოვრობს.

გრაფიკი 3: სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი; საქსტატი

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge