აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინი მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნა. ზიპლაინამდე მისასვლელი ახალი გზა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შარშან გაიყვანა, ზიპლაინის მშენებლობის პარალელურად. 2024 წლის ოქტომბერში, როცა ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ [2025 წელს დაგეგმილია] ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. იგულისხმება აღნიშნულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შუახევის მუნიციპალიტეტში ს/გზა „შუახევი-ჩირუხი”კმ26+450-კმ30+250 მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის (ასფალტბეტონის საფარის მოწყობა) პროექტი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს ჩაიბარა და შპს „გზაპროექტს“ 66 148 გადაუხადა (შესყიდვა სხვა სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასაც მოიცავდა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება გახლდათ 333 000 ლარი). იმ დროს ზიპლაინის მშენებლობა უკვე დაანონსებული იყო.
დეპარტამენტმა, გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 3 069 020 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი პირველად მიმდინარე წლის 29 იანვარს გამოაცხადა. პროექტის შესრულების ვადა 210 კალენდარული დღე უნდა ყოფილიყო. ის 7 ეტაპად განხორციელდებოდა, აქედან ოთხი ეტაპი (120 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან) მიმწოდებელს 2025 წელს უნდა შეესრულებინა, ხოლო დანარჩენი 3 ეტაპი (90 კალენდარული დღე სამუშაოს დაწყებიდან) – 2026 წელს. ორივე წელს სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 1 ივნისისა (აჭარის მაღალმთიან ტერიტორიაზე არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით).
პროექტის თანახმად, დაგეგმილი იყო მოსამზადებელი სამუშაოები; მიწის ვაკისის მოწყობა; ხელოვნური ნაგებობები; საგზაო სამოსის (ასფალტ-ბეტონის საფარი) მოწყობა; საგზაო ნაწილის მონიშვნა; გზის კუთვნილება და მოწყობილობა.
ტენდერი არ შედგა, რადგან მასში არავინ მონაწილეობდა. მარტში შემსყიდველმა სავარაუდო ღირებულება გაზარდა და სამუშაოების შესყიდვა უკვე 3 191 400 ლარად სცადა. მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა – ტენდერი არ შედგა.
ამის შემდეგ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი კიდევ ორჯერ გამოაცხადა, ორივეჯერ გაზრდილი სავარაუდო ღირებულებით. კერძოდ, მაისში – 3 490 670 ლარად და აგვისტოში – 3 790 620 ლარად. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი უკვე შეცვლილია და ასე გამოიყურება: მოსამზადებელი სამუშაოები; მიწის ვაკისის მოწყობა; ანაკრები რკინა-ბეტონის კიუვეტის ცხაურით მოწყობა; წყალგამტარი მილის მოწყობა; რკინა-ბეტონის მილების მოწყობა; არსებული ხიდის რესტავრაცია; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; გზის სამოსის (ასფალტ-ბეტონის საფარი) მოწყობა; შესასვლელებსა და მიერთებებზე გზის სამოსის მოწყობა; ლითონის თვალამრიდების მოწყობა და გზის მონიშვნა. ამჯერადაც, რადგან შესყიდვით არავინ დაინტერესდა, ბოლო ორ ტენდერსაც მინიჭებული აქვს სტატუსი „არ შედგა“.
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ზამთარში რთული კლიმატური პირობებია. ამის გათვალისწინებით, 2025 წლის დარჩენილ პერიოდსა და 2026 წლის პირველ სამ-ოთხ თვეში სამუშაოები ვერ დაიწყება.







