სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი 2 ნაბიჯი• 2 Nabiji თაღლითურ პოსტს ავრცელებს. პოსტის აღწერის თანახმად, სუპერმარკეტის დაბადების დღის აღსანიშნავად, მომხმარებლებს ექსკლუზიურ საჩუქრებს გადასცემენ: „გამარჯობა ყველას! @2 ნაბიჯი•2 Nabiji-ის 2025 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად, ყველა, ვინც 15 ნოემბრამდე ჩვენს გვერდზე დაწერს “გილოცავ დაბადების დღეს”, მიიღებს ექსკლუზიურ სასაჩუქრე ჩანთას, ნაღდ ფულს და ვაუჩერებს. წარმატებებს გისურვებთ!“, – ვკითხულობთ პოსტში. რეალურად, პოსტი სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯს“ არ ეკუთვნის და სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია (არქივირებული ბმული).

პოსტის ქვემოთ, მომხმარებლების მიერ დაწერილ ყველა კომენტარს გვერდი შემდეგი ტექსტით პასუხობს: „გამარჯობა. შეამოწმეთ თქვენი შეტყობინებები ახლავე. საჩუქარი გელოდებათ“.

საინტერესოა გამოქვეყნებული პოსტის რამდენიმე საეჭვო დეტალი. პირველ რიგში, გვერდი, რომელიც ამ პოსტს აქვეყნებს 2025 წლის 18 ოქტომბერს შეიქმნა სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის ასამუშავებლად. 2025 წლის 13 ნოემბრის მონაცემით, გვერდს 7 ათასი გამომწერი ჰყავს. სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა. ამასთან, გვერდზე მხოლოდ ერთი პოსტია განთავსებული. ამასთან, გვერდის აღწერაში მითითებულია, რომ ის „ფანების გვერდია“.

სუპერმარკეტების ქსელი 2 ნაბიჯის რეალური Facebook-გვერდის სახელი განსხვავებული შრიფტითაა დაწერილი. გარდა ამისა, რეალურ გვერდს დეტალურად აქვს მითითებული საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაცია. ამასთან, გვერდი 2024 წლის 14 ნოემბერსაა შექმნილი. ნამდვილ გვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება სხვადასხვა შინაარსის პოსტი, სიახლეების, აქციებისა თუ სუპერმარკეტთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. „ორი ნაბიჯის“ ნამდვილ Facebook-გვერდს 2025 წლის 13 ნოემბრის მონაცემით, 168 ათასი გამომწერი ჰყავს.


საგულისხმოა, რომ ყალბ გვერდს ზემოაღნიშნული თაღლითური პოსტის გარდა, სხვა პუბლიკაციებიც აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, 2 ნაბიჯის რეალური გვერდის მსგავსი საინფორმაციო ბარათები ფასდაკლებების შესახებ, რითაც გვერდი მომხმარებლებში სანდოობის გაზრდას ცდილობდა.
სუპერმარკეტების ქსელი „2 ნაბიჯის“ ნამდვილ გვერდზე მათი სახელით წარსულში გავრცელებულ თაღლითურ პოსტს გამოეხმაურნენ, პოსტში წერენ, რომ სწორედ მათი ეს გვერდია მარკეტის ერთადერთი რეალური გვერდი.

ამგვარად, სუპერმარკეტების ქსელი „2 ნაბიჯის“ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ წარსულში მსგავსი შინაარსის პოსტი სხვა სუპერმარკეტების შესახებაც გავრცელდა (იხ. სტატიები: 1; 2; 3).







