10 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია ევროკომისიის მიერ 2026-2030 წლების LGBTIQ+ თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე. „იმედის“ თანახმად, ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს; კერძოდ, გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩვისას აღარ არის საჭირო არასრულწლოვანის სამედიცინო შეფასება. ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ „არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი“. ამავე ინფორმაციის თანახმად, ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტით დაისაჯონ. სტრატეგიისადმი მიძღვნილ „იმედის“ ერთ-ერთ სიუჟეტში ისიც გაჟღერდა, თითქოს სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია მოზარდებს მშობლების თანხმობის გარეშეც შეეძლებათ.
სტრატეგიას სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“, სადაც აღნიშნულია, რომ „2026-2030 წლების ახალი სტრატეგია უკვე მზადაა და ის არასრულწლოვანებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს“. „რუსთავი 2“ ასევე ამტკიცებს, რომ „ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ლგბტქი თანასწორობის 2026-2030 წლის სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, ევროკავშირმა დაფინანსების შეწყვეტით დასაჯოს“.
სიუჟეტი სათაურით „ევროკავშირის ლგბტ სტრატეგია – როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ თავი გარყვნილების პროპაგანდისგან?“ გავიდა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერშიც, რომელშიც ჟღერდება მტკიცება, რომ „ამიერიდან ევროკავშირის ყველა წევრი ან ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა ვალდებულია ხელი შეუწყოს გენდერულ თვითგამორკვევას ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე, ეს კი ნიშნავს ბავშვებისთვის სქესის გადაკეთების უფლებას“.
აღნიშნული ტელეკომპანიების სიუჟეტებში ფიგურირებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები – ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი და ლევან მაჭავარიანი – რომლებიც მტკიცებებს იმეორებენ.
გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანმა ეროვნულმა საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გააკრიტიკა ევროკომისიის LGBTIQ+ თანასწორობის სტრატეგია და განაცხადა, რომ „ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში“. განცხადების თანახმად, ევროკავშირის ზემოხსენებული სტრატეგია „არა მხოლოდ წევრი-ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „ერთიანმა ეროვნულმა საქართველომ“ საქართველოს ხელისუფლების წინაშე „კატეგორიულად“ დააყენა საკითხი – სასწრაფოდ გადახედოს ევროინტეგრაციის პროცესს. მოძრაობის განცხადება გაავრცელეს „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „პოსტივიმ“, „ნიუსჰაბმა“, „ინფო 9-მ“, და „პრაიმ ტაიმმა“.
ტელეკომპანიების სიუჟეტებში გაჟღერებული მტკიცებები გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-ის (1, 2, 3) და TikTok-ის (1, 2, 3) ინდივიდუალური მომხმარებლების მიერაც.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს არ წარმოადგენს, მათ შორის, არც თავად ევროკავშირის ქვეყნებისთვის და მისი იმპლემენტაცია მხოლოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მასში ასახულ პრიორიტეტებსა თუ აქტივობებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი და მით უფრო, მისი სავალდებულო ხასიათის ხაზგასმა, არაზუსტია.
რას ითვალისწინებს სტრატეგია?
LGBTIQ+ თანასწორობის სტრატეგია ევროკომისიამ 2025 წლის 8 ოქტომბერს მიიღო და ის მომდევნო ხუთ წელზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პირველი სტრატეგიული დოკუმენტი LGBTIQ+ თემის თანასწორობის შესახებ. პირველი მსგავსი სტრატეგია 2020-2025 წლებისთვის ევროკავშირმა 2020 წელს დაამტკიცა.
2024 წლის 8 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია 2020-2025 წლების სტრატეგიის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა რა, რომ ევროკავშირში LGBTIQ+ თემის არსებული უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება გაცხადებულ თანასწორობის პრინციპს, ევროკომისიას ახალი სტრატეგიის დამტკიცებისკენ მოუწოდა.
როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებები, მათ შორის თანასწორობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა ევროკავშირის გაერთიანების ქვაკუთხედს წარმოადგენს და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებით, ასევე ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ქარტიითაა განმტკიცებული.
სწორედ თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპებს ეფუძნება ევროკავშირის LGBTIQ+ სტრატეგიები. როგორც თავად ევროკომისია აღნიშნავს, პირველი სტრატეგიის განხორციელების პროცესში გარკვეული დადებითი დინამიკის მიუხედავად, LGBTIQ+ თემის წარმომადგენლები კვლავ დისკრიმინაციის და არასათანადო მოპყრობის სამიზნე ხდებიან. ევროკავშირის სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით, LGBTIQ+ თემის წარმომადგენელ რესპონდენტთა 37% ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციას განიცდის, ხოლო 55% სიძულვილით მოტივირებული დევნის მსხვერპლი ხდება, რაც 2019 წელთან შედარებით 18%-იან ზრდას წარმოადგენს.
2026-2030 წლების სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია:
- LGBTIQ+ თემის დაცვა დისკრიმინაციის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობისა და სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის ონლაინ სივრცეში; ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ყურადღება LGBTIQ+ ახალგაზრდებსა და ბავშვებს, ასევე საერთაშორისო დაცვის/თავშესაფრის მაძიებელ პირებს და მიგრანტებს და მათი დისკრიმინაციისგან დაცვის საჭიროებას ეთმობა.
- LGBTIQ+ თემის გაძლიერება; სტრატეგია ხელს უწყობს განათლებასთან, ჯანდაცვასთან, დასაქმებასთან და სხვა სოციალურ თუ სახელმწიფო მომსახურებასთან წვდომის თანაბარი პირობების შექმნას LGBTIQ+ თემის წარმომადგენლების, ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ერთნაირსქესიანთა ოჯახების, მათი შვილების ჩათვლით, თავისუფალ გადაადგილებასა და მშობლების უფლების დაცვას, რაც ასევე ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების დირექტივით არის გარანტირებული.
საგულისხმოა, რომ კანონმდებლობის დონეზე ქორწინების აღიარება/არაღიარების საკითხი სცდება ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზას (acquis communautaire) და თითოეული წევრი-სახელმწიფოს ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვერც ერთ წევრს ეთნაირსქესიანთა კავშირის სამართლებრივი სტატუსის დარეგულირებას ვერ მოსთხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანა LGBTIQ+ წარმომადგენელთა პარტნიორობას ან/და მათი მათი მშობლობის სტატუსს სამართლებრივ დონეზე არ ცნობს, ბავშვი შესაძლოა რიგ პრობლემებს წააწყდეს, ყოფით დონეზე.[1] მაგალითად, თუკი LGBTIQ+ წყვილის შვილი რეგისტრირებულია ესპანეთში, ბულგარეთში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში, მას შესაძლოა შეექმნას პრობლემა სკოლაში შეყვანის ან სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის დროს, ვინაიდან ბულგარეთი LGBTIQ+ წარმომადგენელთა მშობლობას კანონმდებლობის დონეზე არ აღიარებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოს ვალდებულება – გასცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ბავშვზე, რომელიც არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, თუმცა დაიბადა სხვა წევრ ქვეყანაში და ამ სახელმწიფომ დაბადების მოწმობაში მშობლებად ერთი და იგივე სქესის ორი პირი აღიარა. ასევე, აღნიშნა, რომ ბავშვის მიერ ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 21-ე მუხლით და მასთან დაკავშირებული მეორადი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება არ შელახავს ეროვნულ იდენტობას და არ შეუქმნის საფრთხეს ამ წევრი-სახელმწიფოს საჯარო პოლიტიკას. დამატებით, სასამართლომ განმარტა, რომ განხილული გადაწყვეტილება არ მოითხოვს შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მიერ, მის ეროვნულ კანონმდებლობაში აღიაროს და დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება იმის გამო არ უნდა შეფერხდეს, რომ წევრი ქვეყნები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ცნობენ.
თავისუფალი გადაადგილების დირექტივა (2004/38/EC) უკვე მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან, აღიარონ სხვა წევრი-სახელმწიფოს მიერ დადგენილი მშობლობა, რათა ბავშვებმა ევროკავშირის კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებების რეალიზება შეძლონ. აღნიშნული ვალდებულების განმტკიცების მიზნით, ევროკომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, ერთიანი სისტემის დანერგვას, ტრანსსასაზღვრო სიტუაციებში ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
- ჩართულობა LGBTIQ+ თემის დასაცავად; ევროკომისია გააძლიერებს თანამშრომლობას სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებთან, როგორც ევროკავშირის საზღვრებში ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს ფარგლებში, რათა LGBTIQ+ თემის ფუნდამენტური უფლებების რეალიზება და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წაახალისოს. სტრატეგიის თანახმად, ევროკომისია გააძლიერებს LGBTIQ+ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი აქტივიზმისა და ადვოკატირების მხარდაჭერას მაშინ, როდესაც მათი დაფინანსება სულ უფრო და უფრო მცირდება.
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება დეზინფორმაციისა და ჩარევის შემთხვევებს, რომლებიც მიმართული იქნება LGBTIQ+ საზოგადოების წინააღმდეგ, და საკუთარ წვლილს შეიტანს მსგავსი თავდასხმების პრევენციისა და მათზე რეაგირების პროცესში, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დონეზე და რეგიონში.
ორმხრივ დონეზე, ევროკავშირი გაააქტიურებს ძალისხმევას სხვადასხვა ფორმის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ევროკავშირი კვლავაც დაგმობს დისკრიმინაციულ კანონებსა და პოლიტიკას, ერთნაირსქესიანთა ნებაყოფლობითი ურთიერთობების გლობალური დეკრიმინალიზაციის ადვოკატირებაზე ფოკუსირებით. ამასთან, ევროკავშირის დელეგაციებს მიეცემათ მითითება, გააგრძელონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი და მოახდინონ დიპლომატიური რეაგირება შემზღუდავი კანონების ინიციირების შემთხვევაში.
ითვალისწინებს, თუ – არა სტრატეგია სქესის შეცვლას ნებისმიერ ასაკში?
სტრატეგიის იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს ის არასრულწლოვანთა სქესის თვითნებური შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს, შეცდომაში შემყვანია. სინამდვილეში, ევროკავშირი იცავს „სხეულის ხელშეუხებლობის“ (body autonomy) პრინციპს და ეწინააღმდეგება ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ გამოყენებას, როდესაც LGBTIQ+ თემის წარმომადგენლებს „ავადმყოფებად“ თვლიან და მათ შეცვლა/განკურნებას ცდილობენ.
სტრატეგიის თანახმად, ამჟამად, გენდერის სამართლებრივი აღიარების[2] პრაქტიკა (legal gender recognition) ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში მნიშვნელოვნად განსხვავდება: რიგი ქვეყნები გენდერს თვითგამორკვევის (self-determination) მოდელზე დაყრდნობით აღიარებენ (მაგალითად, დანია, ფინეთი, ბელგია, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი), მაშინ როდესაც სხვები ამისთვის სხვადასხვა სამედიცინო პროცედურას – ფსიქოლოგიურ შემოწმებას, დიაგნოსტიკას, არანებაყოფლობით ქირურგიულ ჩარევას და ა.შ. ითხოვენ. აღნიშნულმა კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, შესაძლოა, ხელყოს ადამიანის უფლებები. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის სტრატეგია ხელს უწყობს წევრ-ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას თვითგამორკვევის საფუძველზე გენდერის სამართლებრივი აღიარების მიზნით, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში თვითგამორკვევის საფუძველზე გენდერის სამართლებრივი აღიარების ტენდენცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ა.პ., გარსონი და ნიკო საფრანგეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ სქესის შეუქცევად ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები, უკავშირდება რა პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც იცავს პირადი ცხოვრების უფლებას და დაუშვებლად მიიჩნევს ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევას.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ თვითგამორკვევის საფუძველზე გენდერის სამართლებრივი აღიარება ნებისმიერ ასაკში გენდერის თვითნებურ „არჩევას“ და მშობლების თანხმობის გარეშე ქირურგიული ოპერაციის შესაძლებლობას არ ნიშნავს. ამჟამად, იმ ქვეყნებში, რომლებიც გენდერის სამართლებრივ აღიარებას მხოლოდ თვითგამორკვევის მოდელზე ახდენენ, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. ქვეყნების უმრავლესობაში ეს არის ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად, ესპანეთში გენდერის შეცვლა 12 წლამდე სრულად დაუშვებელია, 12-14 წლის ასაკში დაშვებულია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო 14-დან 16 წლამდე – მხოლოდ მშობლების თანხმობით. ბელგიაში გენდერის შეცვლა აკრძალულია 16 წლამდე; 16-18 წლის ასაკში – მხოლოდ მშობლების თანხმობით. მალტაში გენდერის შეცვლისთვის ასაკობრივი ზღვარი კანონმდებლობით დადგენილი არ არის, თუმცა განსაზღვრულია, რომ 16 წლამდე აღნიშნული პროცედურა მხოლოდ მშობლების მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.
ამ განსხვავებული მიდგომების ფონზე, ევროკომისია მოუწოდებს წევრ-სახელმწიფოებს, ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და თვითგამორკვევის მოდელის საუკეთესო პროცედურაზე შეთანხმდნენ ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე, თუმცა სხვა შეზღუდვების მოხსნას არ ავალდებულებს. როგორც ამჟამინდელი პრაქტიკა აჩვენებს, ასაკის გარდა, ევროკავშირის ქვეყნებში სხვა შემზღუდავი მექანიზმებიც არსებობს, როგორიც მათ შორის არის მშობლების თანხმობის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებლობა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, სტრატეგია იურიდიულად სავალდებულო არ არის და საბოლოო ჯამში, წევრი-ქვეყნების გადასაწყვეტია, გაიზიარებენ თუ არა ისინი ევროკომისიის მოწოდებებს.
ითვალისწინებს, თუ – არა სტრატეგია წევრი-ქვეყნების ფინანსური ბერკეტებით დასჯას?
სტრატეგია მისი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წევრი-სახელმწიფოების ფინანსური ბერკეტებით დასჯას არ ითვალისწინებს. რაც წერია სტრატეგიაში, არის ის, რომ ევროკომისია დააკვირდება და კიდევ უფრო გააძლიერებს უკვე არსებული ფინანსური რეგულაციების აღსრულებას, რომლებიც დაფინანსების კრიტერიუმად სწორედ ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის მიუღებლობას განსაზღვრავს, ევროკავშირის კანონმდებლობის, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის შესაბამისად.
მაგალითად, ევროკომისია წევრ-სახელმწიფოს არ დასჯის იმის გამო, რომ ის ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინებას ან მშობლობას კანონმდებლობის დონეზე არ აღიარებს, ხოლო ბავშვის უფლებების დასაცავად სხვა მექანიზმს მოიფიქრებს. დასჯის მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუკი, მაგალითად, წევრი-სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ბავშვის მკურნალობას მხოლოდ იმის გამო, რომ LGBTIQ+ წარმომადგენელთა მშობლობას არ აღიარებს, ან უარს იტყვის საკუთარ ტერიტორიაზე ბავშვის შემოშვებაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების არცნობის გამო.
ითხოვს, თუ – არა ევროკომისია კანდიდატი-ქვეყნებისგან სტრატეგიის შესრულებას?
ევროკომისია კანდიდატი ქვეყნებისგან სტრატეგიის შესრულებას არ მოითხოვს. სტრატეგიაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ევროკომისია გააგრძელებს LGBTIQ+ ადამიანთა უფლებების დაცვას კანდიდატ-ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატ-სახელმწიფოებში, როგორც გაწევრიანების მოლაპარაკებების, ისე ასოცირების შეთანხმებების ფარგლებში. ის ასევე განაგრძობს მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას გაფართოების პაკეტის ყოველწლიური განხილვისას.
კერძოდ, კომისია უზრუნველყოფს LGBTIQ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა (CJEU) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის სამართლებრივ პრეცედენტებთან შესაბამისობის მონიტორინგს, გასცემს რეკომენდაციებს და მხარს დაუჭერს LGBTIQ+ ადამიანებისთვის თანასწორობის უზრუნველყოფისა და ძალადობისგან, სიძულვილისა და დისკრიმინაციისგან დაცვისკენ მიმართულ ზომებს. გარდა ამისა, ევროკომისია გააგრძელებს LGBTIQ+ თემის უფლებების დაცვის ხელშეწყობას მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკურ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ფორმატებში.
***
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ:
- სტრატეგიაში LGBTIQ+ თემი განიხილება ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სამართლის კონტექსტში, რომელიც კრძალავს ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციას; სწორედ ადამიანების, მათ შორის LGBTIQ+ წარმომადგენლების ფუნდამენტური უფლებების დაცვას ითხოვს ევროკომისია როგორც წევრი-სახელმწიფოებისგან, ისე კანდიდატი-ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატებისგან.
- სტრატეგია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი არ არის და მასში ასახული რეკომენდაციებისა და მოწოდებების გაზიარება/არგაზიარების საკითხი თითოეული წევრი-სახელმწიფოს ექსკლუზიურ პრეროგატივას წარმოადგენს;
- სტრატეგია არ გულისხმობს ბავშვთა სქესის თვითნებური შეცვლის სამართლებრივი პროცედურის გამარტივებას. სტრატეგიით ევროკომისია ბავშვთა საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული, თვითგამორკვევაზე დაყრდნობით გენდერის სამართლებრივი აღიარების სტანდარტის დანერგვას ცდილობს, რაც გამორიცხავს ჯანმრთელობისთვის მავნე პრაქტიკის გამოყენებასა და ადამიანის უფლებების შესაძლო ხელყოფის რისკს; კერძოდ, სტრატეგია მოუწოდებს წევრ-სახელმწიფოებს, უარი თქვან სამედიცინო შეფასებაზე გენდერის სამართლებრივი აღიარების მიზნით. აღნიშნული მოწოდება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნას, რომ სამედიცინო ჩარევები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს;
- სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი სქესის შეცვლის ქირურგიულ ოპერაციაზე. დოკუმენტი მხოლოდ გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საუბრობს და მოუწოდებს წევრ-სახელმწიფოებს, თვითგამორკვევის მოდელის საუკეთესო პროცედურაზე შეთანხმდნენ ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე. ამავდროულად, ევროკომისია არ ითხოვს სხვა შეზღუდვების მოხსნას, როგორიც მათ შორის შეიძლება იყოს მშობლების თანხმობა და სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებლობა;
- სტრატეგია არ ითვალისწინებს დამატებით სადამსჯელო ზომებს წევრი-სახელმწიფოებისთვის, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში. ევროკავშირში უკვე მოქმედებს ფინანსური რეგულაციები, რომლებიც ადამიანის, მათ შორის LGBTIQ+ წარმომადგენლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს;
- ევროკომისია კანდიდატი-ქვეყნებისგან სტრატეგიის შესრულებას არ ითხოვს. ის მხოლოდ LGBTIQ+ ადამიანთა უფლებების დაცვას და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრას მოითხოვს.
[1] აღნიშნული ძირითადად არაბიოლოგიურ შვილებზე ვრცელდება, თუმცა ასევე ფიქსირდება LGBTIQ+ წარმომადგენელთა ბიოლოგიური მშობლობის (მაგ., სუროგაციის გზით) სტატუსის არაღიარების შემთხვევებიც.
[2] გენდერის სამართლებრივი აღიარება საჭიროა სხვადასხვა დოკუმენტში – დაბადების მოწმობაში, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, სამედიცინო ცნობებში და ა.შ. მითითების მიზნით.







