გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ შექმნილი AI-ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოს (1, 2) (დაარქივებული ბმული), რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შექმნილი საინფორმაციო გამოშვებაა ასახული. ვიდეოში წარმოჩენილია, თითქოს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებს: „მიხეილ სააკაშვილი ციხეში ქალების შეშვებას ითხოვს“. ვიდეოში მოყვანილია ასევე სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის, მოსახლეობისა და თავად სააკაშვილის კომენტარები.

სინამდვილეში, პოსტში გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, ვიდეო კი ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვიდეო „მთავარი არხის“ ლოგოსთან მიმსგავსებული სიმბოლოთი ვრცელდება, თითქოს საინფორმაციო გამოშვება ამ არხზე გავრცელდა. რეალურად, „მთავარი არხის“ მაუწყებლობა 2025 წლის 1-ელი მაისიდან სრულად შეწყდა. ამ ეტაპზე მუშაობას მხოლოდ „მთავარი არხის“ სოციალური ქსელის პლატფორმები აგრძელებენ. მიუხედავად ამისა, იმგვარი ლოგო, რომელსაც ვიდეოში ვხვდებით, „მთავარ არხს“ არასდროს ჰქონია. ტელევიზიაში მაუწყებლობის დროს არხის ლოგო მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩნდებოდა, ვიდეოში კი მარჯვენა ზედა კუთხეშია ნაჩვენები. სოციალური ქსელის პლატფორმებზე კი მთავარი არხის ლოგო კვლავ მარჯვნივ, ზედა კუთხეში ჩნდება, თუმცა ამჯერად წითელ ჩარჩოში ჩასმულ რგოლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში მოსახლეობის კომენტარების ფონზე უკან თბილისის ქუჩები ჩანს, თუმცა შენობებზე წარწერები შეცდომებითაა სავსე, გარემო კი თბილისისთვის არაბუნებრივია, მაგალითად წითელი ფერის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ამასთანავე, ქალი, რომელიც ვიდეოს დასაწყისში აძლევს ჟურნალისტს კომენტარს, მოგვიანებით, ისევ ჩანს კადრში, თუმცა ამჯერად სულ სხვა ფონზე და სხვა ფერის თმით, განსხვავებულია ჟურნალისტიცა და მიკროფონიც.

ხელოვნური ინტელექტის ნიშანია ისიც, რომ ვიდეოში მოყვანილი ცნობილი ადამიანების (მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, რასა იუკნევიჩიანე) გარეგნობა მათ რეალურს არ შეესაბამება:

არაბუნებრივია ასევე მათი საუბრის მანერა, ხმის ტემბრი, პირის მოძრაობა და მიმიკები, რასა იუკნევიჩიანე კი საერთოდ ქართულ ენაზე საუბრობს, რაც ასევე ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიუთითებს.

საგულისხმოა, რომ ვიდეოში გაჟღერებული განცხადებები: „მიხეილ სააკაშვილი ციხეში ქალების შეშვებას ითხოვს“; „ევროკავშირში გაწევრიანება თუ უნდა, კაცი უნდა მოუნდეს“ და სხვა – რეალობას არ შეესაბამება და არ გავრცელებულა არც ერთ სანდო მედიასა თუ ვიდეოში ასახული ადამიანების სოციალური ქსელის პლატფორმებზე (1, 2, 3, 4).

ამრიგად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული, მასში მოყვანილი განცხადებები კი – ყალბი.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge