სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ (ბმული 1, 2, 3) ინფორმაციას, თითქოს „გრიპის ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი გვერდითი მოვლენა არის მუნი“ (დაარქივებული ბმული).
აღნიშნული მტკიცების გადასამოწმებლად, პირველ რიგში, უნდა დავაზუსტოთ, მიმდინარე სეზონზე გრიპის წინააღმდეგ რომელი ვაქცინა გამოიყენება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გვითხრეს, რომ საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით VaxigripTetra-თი მიმდინარეობს. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. VaxigripTetra ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის VaxigripTetra-ს გვერდითი მოვლენები (იხილეთ მწარმოებელი კომპანიის ანოტაცია და საქართველოს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბრძანება VaxigripTetra-ს დამტკიცების შესახებ, სადაც ასახულია ვაქცინის ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა).
ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მსგავსად, ვაქცინამ შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. გრიპის ვაქცინის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქია და რამდენიმე დღეში თავისთავად ქრება.
ვაქცინაციის შემდეგ მოსალოდნელ გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად აღინიშნება: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (მიალგია), ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება და ინექციის ადგილას ტკივილი. ეს სიმპტომები ფიქსირდება დაახლოებით 10-დან ერთზე მეტ ადამიანში.
ასევე ხშირი რეაქციებია — ცხელება, კანკალი, ინექციის ადგილას ადგილობრივი რეაქციები (სიწითლე, შეშუპება, გამაგრება). დაფიქსირებულია დაახლოებით 10-დან 1 ადამიანში.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში) —თავბრუსხვევა, დიარეა, სისუსტის შეგრძნება (გულისრევა), დაღლილობა, ინექციის ადგილის რეაქციები: სისხლჩაქცევა, ქავილი (პრურიტუსი), ჯირკვლების შეშუპება (ლიმფადენოპათია).
იშვიათი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში): – ტკივილი, სითბოს და სიცივის შეგრძნება (პარესთეზია), ძილიანობა, მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე (ასთენია), გრიპის მსგავსი დაავადება, სახსრების ტკივილი (ართრალგია).
ვაქცინის მიღების შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს კანის ალერგიულ რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, შეშუპება, ალერგიული დერმატიტი. VaxigripTetra-ს ანოტაციაში არსად არ არის ნახსენები მუნი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ნახსენებია გრიპის საწინააღმდეგო ნიდერლანდური წარმოების ვაქცინა Influvac® Tetra. მიმდინარე გრიპის სეზონზე საქართველოში აღნიშნული ვაქცინა არ გამოიყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულია Influvac® Tetra-ს ანოტაცია, რომლის თანახმადაც, ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის გენერალიზებული რეაქციები, მათ შორის ქავილი, ჭინჭრის ციება ან არასპეციფიკური გამონაყარი. თუმცა ამ შემთხვევაშიც, მუნი, როგორც ვაქცინის გვერდითი მოვლენა არ არის დასახელებული.
რა არის გრიპის ვირუსი და რატომ უნდა ავიცრათ?
სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, იგი აზიანებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ის ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებული საგნებთან შეხებით.
გრიპმა შესაძლებელია, გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია: ბაქტერიული პნევმონია, ყურის ინფექციები, სინუსიტები, ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), თანმხლები ქრონიკული დაავადებების გართულება (როგორიცაა გულის უკმარისობა, ასთმა ან დიაბეტი).
გრიპის გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან – 65 წელს ზემოთ პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია არის გრიპის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ამცირებს გრიპით ინფიცირებისა და სერიოზული გართულებების რისკს, რამაც შეიძლება ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
რა არის მუნი და რა იწვევს მას?
მუნი (scabies) არის ადამიანის კანის პარაზიტული დაავადება, რომლის გამომწვევია ბღერის ტკიპა (Sarcoptes scabiei var. Hominis). დაავადება ხასიათდება პატარა, წითელი გამონაყარითა და ძლიერი ქავილით, რომელიც განსაკუთრებით ღამით ძლიერდება. ტკიპა კანის ზედაპირულ შრეში ამოჭრის მცირე ხვრელებს, დებს კვერცხებს და განვითარების რამდენიმე სტადიაში ახერხებს კანის ახალი უბნების დაინფიცირებას.
მუნი ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი კონტაქტის გზით, ასევე შესაძლებელია გადაცემა ინფიცირებული ტანსაცმლის, თეთრეულის ან სხვა პირადი მოხმარების ნივთებით.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მუნი არ არის ალერგიული რეაქცია, ამიტომ ვაქცინები ან მედიკამენტები ვერ გამოიწვევს მას.







