სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2) ალეკო ელისაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთს ავრცელებენ. ვიდეოში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი ამბობს: „ამათ ყელში აქვთ გაჩხერილი რამდენიმე ფაქტორი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო ემიგრაცია, რომ აღრენილია ამათ წინააღმდეგ და რომ ვერაფერს ვერ უხერხებს იქ ვერც აშინებს, ვერც ზეწოლას ახდენს, ვერაფერს ხო კისერი მოუგრიხონ“. ვიდეოში ისმის ჟურნალისტ თეა ადეიშვილის რეპლიკა: „მაგრამ მათი ხმები რომ გადამწყვეტი არ არის?!“. ამის შემდეგ, Facebook-ანგარიშების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ალეკო ელისაშვილის ისეთი ფოტოებია ჩასმული, რომელშიც დაბნეული და გაოცებული სახის გამომეტყველება აქვს. ვიდეო მსგავსი ჭრით, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჟურნალისტის რეპლიკაზე ალეკო ელისაშვილი დაიბნა და ვერ უპასუხა.
რეალურად, ვიდეოს ბოლო მონაკვეთში ჩასმული ფოტოები ელისაშვილის რეპლიკის შემდეგ გაკეთებულ რეაქციებს არ გამოხატავს. ინტერვიუს სრულ ვიდეოში ჩანს ელისაშვილის პასუხიც, სადაც ის ეთანხმება ჟურნალისტს, რომ ემიგრანტების ხმები არჩევნებში გადამწყვეტი არ არის.

ალეკო ელისაშვილი თეა ადეიშვილის „დღის ამბებში“ სტუმრად 17 ნოემბერს იმყოფებოდა. გადაცემაში პოლიტიკოსმა საარჩევნო კოდექსში დაანონსებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ვერც საპარლამენტო არჩევნებზე შეძლებენ ხმის მიცემას. არჩევნებში მონაწილეობისთვის ისინი საკუთარ ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ.
ელისაშვილის თქმით, „ამათ [ქართულ ოცნებას] ყელში აქვთ გაჩხერილი რამდენიმე ფაქტორი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო ემიგრაცია, რომ აღრენილია ამათ წინააღმდეგ და რომ ვერაფერს ვერ უხერხებს იქ ვერც აშინებს, ვერც ზეწოლას ახდენს, ვერაფერს ხო კისერი მოუგრიხოს“. ამ ნაწილში ისმის თეა ადეიშვილის რეპლიკა „მაგრამ მათი ხმები რომ გადამწყვეტი არ არის?!“. ამის შემდეგ კადრში მხოლოდ ჟურნალისტი ჩანს (1:04:59), თუმცა, მალევე გადადის კამერა რესპონდენტზე, რომელიც ჟურნალისტის რეპლიკის შემდეგ მას მყისიერად ეთანხმება და აგრძელებს: „რეალურად არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ყველა ხვრელის დახურვა [სურთ]. მაშინ რატომ წვალობენ? იმიტომ რომ არა აქვთ თავისი ელექტორატის სრულად მობილიზების [იმედი] და აქ თუ ხალხმა იხუვლა და არჩევნებზე მივიდა, არაფერი არ უშველით. ამათ არაფერი არ უშველით, მაგრამ ახლა უნდა ჩაკეტონ რაღაცები, აგერ მე და აგერ თქვენ“.
ამდენად, გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურად იჭრება, რაც მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ელისაშვილი გაკვირვებით შეხვდა ჟურნალისტის რეპლიკას და ვერ უპასუხა.







