სოციალურ ქსელში „სეზონი TV-ზე” გასული გადაცემიდან წამყვან გიორგი ახლოურის მონოლოგი ვრცელდება (დაარქივებული ბმული). ჩანაწერში იოსებ სტალინის შესახებ რამდენიმე დეზინფორმაციული მტკიცებაა მოცემული.

მტკიცება 1: იოსებ სტალინმა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია დაუბრუნა
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალიური ეკლესიაა. ავტოკეფალია ბერძნულად დამოუკიდებელს ნიშნავს და თითოეული ავტოკეფალიური ეკლესია საკუთარ საქმიანობას თავად, საეკლესიო კანონიკზე დაყრდნობითა და გარე ჩარევის გარეშე წარმართავს. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია თავდაპირველად მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმით მოიპოვა. კერძოდ, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის საპატრიარქოსგან მიიღო და მის წინამძღვარს კათოლიკოსის წოდება მიენიჭა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საფრთხის წინაშე მე-19 საუკუნეში დადგა, როდესაც მეფის რუსეთმა ქართული სამეფო-სამთავროების გაუქმება დაიწყო. უფრო კონკრეტულად, 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ქართლ-კახეთის, ხოლო 1810 წელს იმერეთის სამეფოები გააუქმა, რის შემდეგაც, 1811 წლის 30 ივნისს იმპერატორმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა.
ავტოკეფალიის დაბრუნება ქართულმა ეკლესიამ მხოლოდ ცარიზმის დამხობის, ანუ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეძლო. კერძოდ, 1917 წლის 25 მარტს ქართულმა სამღვდელოებამ საერო პირთა თანდასწრებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. დღემდე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე სწორედ 25 მარტს აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ მოთხოვნები საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო (დაარქივებული ბმული), როდესაც გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და პროცესი ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნაში გადაიზარდა. აღნიშნულ მოთხოვნას მხარს უჭერდნენ როგორც ქართველი სამღვდელოების უმრავლესობა წევრები, ისე ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, მათ შორის ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე. მაგალითად, სწორედ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ესტუმრნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები მეფისნაცვალ ვორონცოვს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის განხილვის ოფიციალურ დონეზე მოსათხოვად.
პირველი პეტიცია რუსეთის ხელისუფლებისადმი 1905 წლის მარტის თვეში გაიგზავნა, მეორე – მაისში და მათში საქართველოს ეკლესიების სავალალო მდგომარეობა და მიზეზები იყო აღწერილი (სასულიერო პირთა რაოდენობის შემცირება, ეკლესია-მონასტრების ძარცვა, ღვთისმსახურების რუსულ ენაზე აღსრულება და შედეგად ქართველ ხალხში ქრისტიანობისადმი ინდიფერენტულობა, ქართველი მრევლის საგრძნობი შემცირება და სხვა). 28-29 მაისს მიღებულ პეტიციაში აღნიშნული იყო: „ქართველი სამღვდელოება ითხოვს: 1) ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს ავტოკეფალური უფლებები და თავისი კათალიკოსითურთ აღდგეს მცხეთა-ივერიის კათალიკოსატი ადრინდელ საზღვრებში. 2) აღდგეს წესი, როცა ღვთისმსახურთა განთავისუფლებულ ადგილებს არჩევნების შედეგად იკავებენ. 3) კათალიკოსთან დაფუძნდეს წმიდა სინოდი (თავმჯდომარე კათალიკოსი), ხოლო ეპარქიის მღვდელმთავრებთან საბჭოები“.
პეტიციას ხელს 412 სასულიერო პირი აწერდა. 31 მაისის საღამოს სასულიერო პირთა ყრილობა შეიკრიბა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის განხილვისთვის, თუმცა სხდომის დარბაზში შეჭრილმა პოლიციამ კაზაკებთან ერთად უმოწყალოდ სცემეს ყრილობის დელეგატებს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა არ შეჩერებულა და ყრილობები პერიოდულად იმართებოდა ხოლმე. მაგალითად, 1905 წლის დეკემბერში საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების დელეგატთა კრებაზე მიღებულ იქნა „საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი“, რომელიც მოგვიანებით 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საფუძველი გახდა – პროექტში წარმოდგენილი იყო „საქართველოს ეკლესიის ძირითადი პრინციპები, წესწყობილებისა და მართვა-გამგეობის წესები“.
ავტოკეფალიის აღდგენის პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ისტორიკოსებიც, მაგალითად ნიკო მარი, მიხეილ თამარაშვილი, ივანე ჯავახიშვილი. ამ უკანასკნელმა 1906 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „политическое и социалное движние вь Грузии XIX веке“, რომელშიც აღნიშნავს: „16 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთთან შეერთებისა ქართველებს მოესპოთ შესაძლებლობა, საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ქართულად მოსმენისა. ამ ენაზე 1400 წლის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდნენ. არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ექზარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას”. 1905-1912 წლებში ისტორიკოსების მიერ სხვადასხვა ენაზე შეიქმნა მრავალი მეცნიერული ნაშრომი, რომელთაც ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. 1907 წელს კი კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქისთვის მიმართვა გადაწყდა. მისთვის გაგზავნილ ტექსტში აღნიშნულია: „დღეს ჩვენ მრავალსაუკუნოებით არსებულ ეკლესიას სრულიად გვისპობენ. ქრისტიანობა საქართველოში დაცემის გზაზეა და ამიტომ მივმართავთ ყველა მსოფლიო საქრისტიანო ეკლესიებს, აღიმაღლონ ხმა თავის ერთ მოძმე ეკლესიის უფლებების დასაცავად, გავლენა და ავტორიტეტი საქართველოს ეკლესიისა წმიდა ადგილებში გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ბევრი სხვა ეკლესიისა, ვიდრე ახლა აქვს გავლენა და ავტორიტეტი რუსულ ეკლესიას, რომელსაც მხარს უჭერს უდიდესი მონარქია“. საერთაშორისო გამოხმაურების მიზნით, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებულმა პეტიციებმა თუ კვლევებმა შედეგი გამოიღო, იმ პერიოდში საქართველო და მისი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ყურადღების ქვეშ მოექცა.
აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის აღდგენის მოძრაობების წინააღმდეგ რუსული ხელისუფლება რეპრესიებს აქტიურად მიმართავდა. მაგალითად, სწორედ ავტოკეფალიის მოთხოვნის გამო გადაასახლეს ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი. კერძოდ, 1908 წლის 28 მაისს მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი, რომლის მკვლელობაც ეპისკოპოს კირიონს დაჰბრალდა. აღნიშნული ცილისწამების ფონზე ძალიან დაიძაბა ურთიერთობა რუს და ქართველ სამღვდელოებას შორის. აღსანიშნავია, რომ კირიონის დევნის ამბებმა უცხოეთშიც გააღწია ოლივერ უორდროპის დახმარებით. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც კირიონის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რუსეთის ხელისუფლებამ საბოლოოდ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა, გაათავისუფლეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნების ნება არ მისცეს.
რეპრესიების მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არ შეწყვეტილა. მრავალწლიანი პროცესების შემდეგ კი, 1917 წელს რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და საქართველოში სასულიერო პირებისა თუ ინტელიგენციის მიერ მომზადებული მყარი ნიადაგის ფონზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოცხადდა – ქართულ ეკლესიაში საქმის წარმოება ამიერიდან ქართულ ენაზე შესრულდებოდა, 17 სექტემბერს კი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები ჩატარდა.
რაც შეეხება იოსებ სტალინის როლს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობაში, 1943 წელს, მაშინ, როდესაც სსრკ კომპარტიის უმაღლესი პარტიული ორგანოს, ცენტრალური კომიტეტის მდივანი სწორედ იოსებ სტალინი იყო, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. კერძოდ, 1943 წლის 19 ნოემბერს რუსეთში გამართული საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი სერგი ხელმძღვანელობდა, აღდგა ევქარისტიული, ლოცვითი კავშირი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დიმიტრიოს I-მა კი 1990 წლის 4 მარტს აღიარა.
ამრიგად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია ქართული სამღვდელოების ინიციატივით 1917 წელს აღდგა. სტალინის კავშირი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან, მისი მმართველობის დროს რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას უკავშირდება.
მტკიცება 2: საქართველოს ეროვნული საგანძური პარიზსა და რუსეთიდან იოსებ სტალინმა დააბრუნა
საქართველოს ეროვნული სამუზეუმო საგანძური საქართველოს მუზეუმებში, ეკლესია-მონასტრებში დაცულ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ექსპონატებს მოიცავს. განძი 1921-1945 წლებში ემიგრაციაში, საფრანგეთში იყო გატანილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ. კერძოდ, 1921 წელს საქართველოში რუსული წითელი არმიის შემოჭრისა და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა ექვთიმე თაყაიშვილს, თსუ-ს პროფესორსა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა სამუზეუმო საგანძური საზღვარგარეთ ბოლშევიკებისგან დასაცავად გაეტანათ. ეროვნული საგანძური ნოე ჟორდანიას მითითებით უცხოეთში გასატანად მომზადდა – 249 ყუთში განაწილდა, სრული აღწერილობა 2 ეგზემპლარად შედგა. საგანძური საქართველოდან 20-21 თებერვალს გავიდა ტფილისის რკინიგზის სადგურიდან, გზად კი ექსპონატები დაემატა (მაგ., გელათის მონასტრიდან). საბოლოოდ, 1921 წლის 10 აპრილს საგანძური საფრანგეთში მარსელის ნავსადგურში ჩავიდა და მარსელის ბანკში დაბინავდა, სადაც 1933 წლამდე ინახებოდა. საგანძურის მეთვალყურე პირად ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა და მას იძულებით ემიგრაციაში მოუწია წასვლა.
ემიგრაციაში საგანძური მუდმივი საფრთხის წინაშე იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის გამო. მაგალითად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომე დადიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ წილის მოთხოვნაზე, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლიდან იქნა გატანილი – სასამართლო თაყაიშვილმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოიგო. 1933 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში სტატუსი გაუუქმდა, რის შემდეგაც საგანძურის გადასარჩენად ბრძოლა დაიწყო და ის საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის მრავალი ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა. კერძოდ, მეორე მსოფლიოს ომის დასასრულს მან წერილით მიმართა საფრანგეთში საბჭოთა კავშირის ელჩ ბოგომოლოვს საგანძურის დაბრუნების შესახებ. აღნიშნული წერილი კი ელჩმა პრეზიდენტ შარლ დე გოლს გააცნო. ცნობების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდა. კერძოდ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ფინანსური და სამართლებრივი ვალდებულებების დადგენა-ანაზღაურების პროცესში, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვთიმე თაყაიშვილის წარმომადგენლობით შედგა შეთანხმება, რის შედეგადაც საქართველოს ისტორიული სიძველეების საგანძური საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმს გადმოეცა. 1944 წელს 23 ნოემბერს დე გოლმა განძის დაბრუნების განკარგულება გასცა. საქართველოს ეროვნული სამუზეუმო საგანძური სამშობლოში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტების გავლით დაბრუნდა მცველთან, 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად.
ამრიგად, საქართველოს ეროვნული განძის საქართველოში დაბრუნების ინიციატივა, ისე როგორც საფრანგეთში მისი მეთვალყურეობა და დაცვა, ექვთიმე თაყაიშვილის უკავშირდება.
მტკიცება 3: მითია, რომ იოსებ სტალინმა ქართული ინტელიგენცია დახვრიტა
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანახმად, საბჭოთა კავშირის 70-წლიანი მმართველობის განმავლობაში საქართველოში საბჭოთა უშიშროების უწყებების მიერ დაახლოებით 80,000 პირი დააპატიმრეს. უშუალოდ იოსებ სტალინის პერიოდში (1921-1953 წლებში) საქართველოში 20,000-მდე ადამიანი დახვრიტეს, მათ შორის 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის დროს მოკლულები – 3,000-ზე მეტი, ხოლო 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ პერიოდში – 11,000-მდე ადამიანი. 1941-1951 წლებში მასობრივი ეთნიკური დეპორტაციების მსხვერპლი გახდა 114,000-მდე ადამიანი, შრომით ბანაკებში, ციხეებსა და კოლონიებში დაღუპულ ადამიანთა რიცხვი კი დღემდე უცნობია.
ცნობების თანახმად, საბჭოთა რეპრესიების პირველი ტალღა ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების წევრებს შეეხო. კერძოდ, 1919 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 139 წევრი აირჩა, რომელთაგან 108, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა. 108 დეპუტატიდან საბოლოოდ საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ 51 – სიკვდილით დასაჯა, 37 – დეპორტაციის მსხვერპლი გახდა. 1924 წელს 3000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი კი სწორედ აღნიშნული ტალღის კულმინაცია იყო. კერძოდ, 1924 წლის აგვისტოში საქართველოში ბოლშევიკების წინააღმდეგ მასობრივ სახალხო აჯანყებას ჰქონდა ადგილი. მათი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო და მოძრაობას საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა. აჯანყება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოედო, მათ შორის აღმოსავლეთ რეგიონებსაც, სადაც ამბოხს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა რეჟიმმა აჯანყება ჩაახშო და ათასობით ადამიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანახმად კი 3000-ზე მეტი, სიკვდილით დასაჯა.
იოსებ სტალინის სახელს უკავშირდება საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და მასშტაბური რეპრესიული კამპანია – დიდი ტერორი (დიდი წმენდა). ეს უკანასკნელი, საბჭოთა ისტორიის შესახებ მულტიმედიური არქივის თანახმად, რეტროსპექტიული ტერმინია, საფრანგეთის რევოლუციის მოვლენებს უკავშირდება და სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ იმგვარ ტერორსა და სისხლისღვრას ასახავს, როგორიც კომუნისტურმა პარტიამ მოაწყო 1936-1937 წლებში. სამხედრო ისტორიის შემსწავლელი არქივის თანახმად, 1937 წლის რეპრესიები და „დიდი ტერორი“ იოსებ სტალინის კამპანია იყო, რომელიც მიზნად კომუნისტური პარტიის დისიდენტებისა და ყველა იმ ადამიანის გაქრობას ისახავდა, ვინც საბჭოთა სისტემისთვის საფრთხედ იყო აღქმული.
აღსანიშნავია, რომ ტერორის მიერ მთლიან კავშირში მოკლულ და/ან შრომით ბანაკებში – გულაგებში გაგზავნილ ადამიანთა რაოდენობაზე სხვადასხვა მონაცემი არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, ამ წლებში ტერორმა მთლიან კავშირში 750,000 ადამიანი – შეიწირა, ხოლო გულაგებში მილიონზე მეტი ადამიანი გაგზავნა. რუსეთში ახლა უკვე აკრძალული, თუმცა ნობელის მშვიდობის ჯილდოს მფლობელი და ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის Memorial-ის [1] თანახმად, რომელიც სტალინის მმართველობის პირობებში ჩადენილ დანაშაულებს იკვლევდა, „დიდი ტერორის“ შედეგად 1936 წლის ნოემბრიდან 1938 წლის ნოემბრამდე სულ მცირე 1.71 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაგან 1.44 მილიონი გაასამართლეს, ხოლო 724,000 – დახვრიტეს.
1937-38 წლების შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ფრიდმანის ეკონომიკის ინსტიტუტში გამოქვეყნებული რაოდენობრივი კვლევის თანახმად, ტერორის დროს მსხვერპლთა საერთო რიცხვი 950,000-დან 1.2 მილიონამდე მერყეობს, ხოლო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „დიდი ტერორის“ შედეგად საბჭოთა მილიონობით მოქალაქე დაიღუპა.
აღნიშნული ტერორი გავრცელდა ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებზეც (11,000-მდე ადამიანი). საქართველოში იოსებ სტალინის მიერ წარმოებულ რეპრესიებს საქართველოს კომპარტიის ლიდერი ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი თხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს სასჯელის პირველი კატეგორიის (დახვრეტა) ლიმიტი 1000 კაცით, ხოლო მეორე კატეგორიის (გადასახლება) 500 კაცით გაეზარდა.

იმაზე, რომ „დიდ ტერორს“ დიდი მსხვერპლი მოჰყვა საქართველოშიც, მიუთითებს, მაგალითად, აჭარაში აღმოჩენილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამარხები. კერძოდ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, 2019 წლის აპრილში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმთან სიახლოვეში, ხელვაჩაურში აღმოჩენილ იქნა 1937-1938 წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი სამარხები. სამარხები საბჭოთა სატანკო ნაწილის, დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამარხების ტერიტორიაზე მსხვერპლთა ნეშტებთან ერთად აღმოაჩინეს სხვადასხვა სახის არტეფაქტი: მონეტები, გასროლილი მასრები და სხვა, რომელთა ანალიზითაც დგინდება, რომ ნეშტები სწორედ „დიდი ტერორის“ დროს დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნით. IDFI-ის მიერ მოძიებული სიების მიხედვით, „დიდი წმენდის“ პერიოდში აჭარაში 1050-ზე მეტი ადამიანი დახვრიტეს. ჩატარდა აღნიშნული სამარხების არქეოლოგიური კვლევები და მსხვერპლთა ექსჰუმაცია. შედეგად, 2022 წლის თებერვალში 29 ახალი ნეშტი აღმოაჩინეს, რომელთა ვინაობაც სრულად დაემთხვა IDFI-ის მიერ მოძიებულ დახვრეტილთა სიებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკიდან მოწვეულმა დარგის სპეციალისტებმაც შეისწავლეს (ამოასვენებს ნეშტები და ამოიღეს არტეფაქტები) ერთ-ერთი სამარხი, გარდაცვლილთა შორის მოხდა 3-ის იდენტიფიცირება და გამყარდა მტკიცებულება, რომ სამარხები სწორედ 1937-1938 წლებში დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნოდათ.
დამატებით, საგულისხმოა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ბრძანებაც, რომელიც 1937 წლის 30 ივლისს გამოიცა და რომლის პრეამბულაშიც ხაზგასმული იყო: „1937 წლის 5 აგვისტოდან ყველა რესპუბლიკაში, მხარეში და ოლქში დაიწყოს ყოფილი კულაკების, აქტიური ანტისაბჭოთა ელემენტებისა და კრიმინალების რეპრესირების ოპერაცია“. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რეპრესიების მასობრივი ტალღა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ლავრენტი ბერიამ 5 აგვისტოსვე ჩანიშნა პირველი „საჩვენებელი სასამართლო პროცესი“, სადაც „მავნებლობისთვის“ 11 სიღნაღელი გაასამართლეს. პროცესს „მემარჯვენეთა სიღნაღის კონტრრევოლუციონერ მავნებელთა ორგანიზაციის პროცესი“ ეწოდა და მის შესახებ გაზეთ „კომუნისტშიც“ იწერებოდა.
ამრიგად, „დიდი ტერორის“ დროს რეპრესიების ტალღა რომ საქართველოს მოსახლეობასაც შეეხო, ფაქტებითაა გამყარებული.
„დიდი წმენდის“ განმავლობაში რეპრესიების მანქანა „ანტისაბჭოთა, მავნებლური საქმიანობისთვის“ ადამიანებს „ხალხის მტრებად“ აცხადებდა. „ხალხის მტრებს“ შორის იყვნენ გლეხები, სასულიერო პირები, მეცნიერები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, რიგითი მოქალაქეები და ა.შ. ფაქტებით მტკიცდება ისიც, რომ „დიდი ტერორი“ შეეხო ქართველ საზოგადოებრივ ფიგურებს, კერძოდ, ისეთ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ: მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე, პოეტები ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი, რეჟისორი სანდრო ახმეტელი.
IDFI-ის მიერ მომზადებულ ვებგვერდზე, რომელსაც „სტალინური სიები“ ეწოდება, განთავსებულია 1937-1938 წლებში საქართველოში იოსებ სტალინის ბრძანებით განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ ცნობები და დოკუმენტური მასალა. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტშია შესაძლებელი იმ საზოგადოებრივი მოღვაწეების მოძიება, რომლებიც უშუალოდ სტალინის ბრძანებით გაასამართლეს და დახვრიტეს. მაგალითისთვის:
- მიხეილ ჯავახიშვილი (1888-1937)
ბრალად ედებოდა: კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრობა.
სასჯელის ფორმად განესაზღვრა დახვრეტა.
დააპატიმრეს 1937 წლის 15 აგვისტოს, სხდომა გაიმართა და დახვრიტეს 1937 წლის 30 სექტემბერს („სტალინური“ სია 1937 წლის 15 სექტემბრის თარიღით, საქართველოს სსრ.)

- ევგენი მიქელაძე (1903-1937)
ბრალად ედებოდა: მემარჯვენე ორგანიზაციის წევრობა, რომლის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ოპერის თეატრში. იყო საქართველოში ა/ს მემარჯვენე ორგანიზაციის ცენტრისა და ხალხის მტრის მ. ორახელაშვილის მეკავშირე. იმავდროულად იყო ჯაშუშური კ/რ ორგანიზაციის წევრი, აქტიურად მუშაობდა ჯაშუშური ხასიათის ინფორმაციის მოპოვებაზე და უგზავნიდა მას ქალაქ მოსკოვში მ.ორახელაშვილს.
სასჯელის ფორმად განესაზღვრა დახვრეტა.
დააპატიმრეს 1937 წლის 4 ნოემბერს, სხდომა გაიმართა 1937 წლის 13 დეკემბერს, დახვრიტეს 1937 წლის 22 დეკემბერს („სტალინური“ სია 1937 წლის 22 ნოემბრის თარიღით, საქართველოს სსრ).

- ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი (1887-1937)
ბრალად ედებოდა: რომ იყო ზინოვიევ-ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური მონაწილე, რომელმაც განახორციელა კიროვის მკვლელობა და ამზადებდა შემდგომ წლებში ტერაქტებს საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 1932 წელს, იყო რა გადაბირებული კ/რ ორგანიზაციაში, ეწეოდა მავნებლურ კ/რ საქმიანობას კულტურულ ფრონტზე. აიღო შეფობა სხვა რესპუბლიკების ნაციონალურ თეატრებზე და ამ შირმის უკან შექმნა კონსპირაციული სამხედრო მეამბოხეთა ჯგუფები ბაქოში, სოხუმში, სტალინირში, გროზნოსა და საქართველოს მთელ რიგ რაიონებში. ამ ჯგუფების ორგანიზატორებად ახმეტელმა გადმოიბირა 36 ადამიანი. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ახმეტელმა შექმნა ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში ტერორისტული ჯგუფი ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის განსახორციელებლად. 1935 წლის ნოემბერში ახმეტელი ჩავიდა მოსკოვში, მოსკოვის თეატრებში ტერორისტული ჯგუფების შესაქმნელად და სპექტაკლის დროს სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. მთელი კ/რ მოღვაწეობის მანძილზე ახმეტელი დაკავშირებული იყო საქართველოს კ/რ ცენტრის აქტიურ მონაწილესთან ლიდია გასვიანთან, რომელსაც 1935 წელს მოსკოვში გამგზავრების წინ გადასცა მის მიერ რუსთაველის თეატრში შექმნილი ტერორისტული ჯგუფი. ამის გარდა, 1935 წელს ახმეტელი ჩაბმულ იქნა ჯაშუშურ საქმიანობაში ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს მზვერავის, რადომსკის მიერ.
სასჯელის ფორმად განესაზღვრა დახვრეტა.
დააპატიმრეს 1936 წლის 19 ნოემბერს, სხდომა გაიმართა 1937 წლის 28 ივნისს, დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს („სტალინური“ სია 1937 წლის 31 მაისის თარიღით, საქართველოს სსრ).

- ტიციან ტაბიძე (1893-1937)
ბრალად ედებოდა: საქართველოს ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი ცნო ნაწილობრივ დამნაშავედ. მხილებულ იქნა ბუდუ მდივნის, გასვიანის ლ, მგალობლიშვილის გ, საყვარელიძის, დარახველიძის, ელიავა შ.-ს, ი.მიწიშვილის, დ.წერეთლის, ა.მიქაძის, დ. ლომაძის და ბ. კვიტაშვილის ჩვენებების საფუძველზე.
სასჯელის ფორმად განესაზღვრა დახვრეტა.
დააპატიმრეს 1937 წლის 9 ოქტომბერს, სხდომა გაიმართა 1937 წლის 15 დეკემბერს, დახვრიტეს 1937 წლის 16 დეკემბერს („სტალინური“ სია 1937 წლის 22 ნოემბრის თარიღით, საქართველოს სსრ).

ამრიგად, იოსებ სტალინის მიერ ქართული ინტელიგენციისა და, ზოგადად, ქართული საზოგადოების წევრების დახვრეტა ისტორიული ფაქტებით დასტურდება.
[1] 2021 წელს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მემორიალის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზად კი რუსული „აგენტების კანონის“ დარღვევა დასახელდა.







