სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ადვოკატის ბორის ჩელე ყურუას ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს: „დათო ღურწკაია მეუბნებოდა, ერთი ბორში იჭმევა და უხორცო არის…საბოლოოდ, არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ ხალხს“. Facebook-მომხმარებელი ვიდეოს ამგვარად ასათაურებს: „სინდისის აკაცუკს უხორცო ბორში აჭამეს! ეს რა არაადამიანურ პირობებში ყავთ!“. პოსტი ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს პატიმრები უხორცო ბორშჩს არაადამიანურ მოპყრობასთან აიგივებენ.
სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია. ამოჭრილია ადვოკატ ყურუას კომენტარის შუა ნაწილი, რაც ვიდეოზეც შესამჩნევია, ვიდეოს მეორე ნაწილის არაბუნებრივი ბმით. (არქივირებული ბმული)

აღნიშნული კომენტარი ბორის ჩელე ყურუამ 2025 წლის 16 ნოემბერს „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა. სრულ ვიდეოში ის ამბობს: „გელა ხასაია, რომელიც სამარტოო საკანში იყო, სანამ ბარათს დაუმზადებდნენ, მეუბნებოდა, რომ მინდოდა რომ მეჭამა, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელი, რომ შემეჭამაო. დათო ღურწკაია მეუბნებოდა, ერთადერთი ბორში იჭმება და უხორცო არის, მაგრამ იმდენი ტარაკანაა კამერაში, ხანდახან ხორციანიც ხდებაო. საბოლოოდ არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ ხალხს და ამ ყველაფერს იმით ამართლებენ, რომ თქვენ უნდა ნახოთ, წინა ხელისუფლების დროს რა ხდებოდაო“.
ამგვარად, ვიდეოს შუა ნაწილი, სადაც ყურუა საკნებში ტარაკნების სიმრავლეზე საუბრობს, ამოჭრილია, რითაც მის კომენტარს შინაარსი ეცვლება. „ტვ პირველთან“ გაკეთებულ სრულ კომენტარში ჩანს, რომ ადვოკატი ციხეში არსებულ ანტისანიტარიის კონტექსტში საუბრობს არაადამიანურ პირობებზე და არა ბორშჩში ხორცის არარსებობის გამო, როგორც ამას რედაქტირებული ვიდეო მიანიშნებს.







