გადამოწმებული ფაქტები კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Katie Toloraya, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ქართველი ოპოზიციონერი მურმან დუმბაძე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანან. ვიდეოში დუმბაძე ამბობს: „ჩვენი ამოცანაა, ეს კაცი შევბოჭოთ, მივიყვანოთ საავადმყოფოში, ფსიქიატრებთან, ვუმკურნალოთ და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ავადმყოფი, ფსიქიატრთან მისასვლელი კაცი და მივეხმაროთ, მივიყვანოთ, ვუმკურნალოთ და მერე დავსვათ საკითხი, ასე ვთქვათ, მისი დღის წესრიგში შემოვიტანოთ მისი სასამართლოში მიყვანის საკითხი. ეს არის გასაკეთებელი..“ ვიდეო ორ ნაწილადაა გაყოფილი, ქვემოთ ნაწილში მიხეილ სააკაშვილი ჩანს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს მურმან დუმბაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. სინამდვილეში, ამ ტექსტით დუმბაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს (არქივირებული ბმული). იდენტური ვიდეო TikTok-ის პლატფორმაზეც გავრცელდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მოჭრილია „ტვ პირველის“ გადაცემიდან „დღის ამბები“, რომელიც ეთერში 2025 წლის 6 ნოემბერს გავიდა. მურმან დუმბაძე ამ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდა. სრული ტექსტი შემდეგნაირია: „პოლიტიკურ ლიდერებს მივმართავ, განსაკუთრებით ვინც ციხეშია და ვინც ციხის გარეთაა, მივმართავ, რომ დავანებოთ თავი ერთმანეთის პარტიების დასახელებას, ახლა  პარტიების დრო არ არის, ეს არის დიდი ერთიანობის დრო და ერთად ლაგოდეხიდან სარფამდე გავიშალოთ, მთელი საქართველო ქუჩაში უნდა გამოვიდეს, შეგვიძლია გამოვიდეთ 100 000, 200 000, ნახევარი მილიონი, 1 მილიონი ადამიანი. ვერაფერს ვერ იზამს ბიძინა ივანიშვილი, ის იძულებული იქნება აწიოს ორივე ხელი და მიბრუნდეს და გავიდეს იმ სახელისუფლებო ოთახიდან. ეს არის უმთავრესი ამოცანა. გავაკეთებთ ამას – ძალიან კარგი, არ გავაკეთებთ – მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ახალ-ახალ სისულელეებს გამოაცხობს. ეს კაცი არის ფსიქიკურად ავადმყოფი, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ უნდა დაუდგეს, ჩვენი ამოცანაა, ეს კაცი შევბოჭოთ, მივიყვანოთ საავადმყოფოში, ფსიქიატრებთან, ვუმკურნალოთ და ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული ავადმყოფი, ფსიქიატრთან მისასვლელი კაცი და მივეხმაროთ, მივიყვანოთ, ვუმკურნალოთ და მერე დავსვათ საკითხი, ასე ვთქვათ, მისი დღის წესრიგში შემოვიტანოთ მისი სასამართლოში მიყვანის საკითხი. ეს არის გასაკეთებელი..“

ამგვარად, ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მურმან დუმბაძე ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს. სინამდვილეში კი, ის ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge