სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს: „რუსებმა შეგვინარჩუნა მამული, ენა, სარწმუნოება, 33 წ. აშშ-დასავლეთი აქრობს საქართველოს! ისევ რუსეთის გადასარჩენი ვართ“.

სინამდვილეში, როგორც თანამედროვე, ისე ისტორიული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არაერთხელ მოხდა. ამავდროულად, 1921 წელს, საბჭოთა რუსეთმა სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადებული საქართველოს ანექსია მოახდინა. დამატებით, არქივში მოძიებული დოკუმენტებითა და კვლევებით დასტურდება რუსეთის მიერ ქართული ენისა და საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის დასუსტების და დაზიანების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.
რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები
რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობები ისტორიული ფაქტებით დგინდება. უახლესი მაგალითი 2008 წლის აგვისტოს ომია, როდესაც რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა და საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის სამხედრო მოქმედებების ჭრილში რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს მიერაც გამტყუნდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR) საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, სრული საჩივარი კი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. საქართველო საჩივრით რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას ედავებოდა: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
2021 წლის 21 იანვარს ECHR-მა 2008 წლის ომის კონტექსტში სახელმწიფოთაშორის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში „რუსეთის მტკიცედ დაფუძნებამ და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელთა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულებამ წარმოაჩინა, რომ რეგიონებზე „ეფექტურ კონტროლს“ რუსეთი ახორციელებდა“. ამავე გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე რუსეთი ეფექტურ კონტროლს ე.წ. „ბუფერულ ზონაზეც“ ახორციელებდა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი პასუხისმგებლად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის დარღვევაზე, პროცედურული თვალსაზრისით კი ეფექტური გამოძიების ვერ უზრუნველყოფაზე.
ამას გარდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (იგივე ჰააგის სასამართლოს) პროკურორმა კარიმ ხანმა 2022 წლის მარტში საქართველოს საქმეზე დაკავების ორდერები გასცა. კერძოდ, ხანის ოფისმა 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში მიმდინარე კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მტკიცებულებების განხილვა 2016 წელს დაიწყო. 2022 წელს განაჩენი გამოცხადდა და შეგროვებული/გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 8 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამ პირს დაეკისრა:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, 2005 წლიდან 2008 წლის 31 ოქტომბრამდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი;
- გამლეტ გუჩმაზოვი (ჰამლეტ კუჩმაზოვი), შესაბამისი მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
- დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, შესაბამისი მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში
ბრალდება მოიცავდა შემდეგ დანაშაულებს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაყვანა. განცხადებაში პროკურორი აღნიშნულ განაჩენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციის კონტექსტში განიხილავს: „ჩემი მიმართვა დაკავების ორდერების გაცემაზე კონკრეტულად ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას და შემდგომში მათ უკანონო გადაყვანას“. პროკურორის თქმით, აღნიშნული მოვლენების დროს რუსულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძევებისთანავე, სამხრეთ ოსეთის ძალებთან ერთად ქართველი სამოქალაქო პირების (ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების), მათი, ვისაც საბრძოლო მოქმედებებიდან თავის დაღწევა არ შეეძლოთ, დატყვევება დაიწყეს: „მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ბევრ მათგანს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ანტისანიტარიულ და საფრთხის შემცველ პირობებში, სადაც ისინი განიცდიდნენ შეურაცხყოფას, ცემას, წამებასა და დამცირებას“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ დაიწყო ე.წ. „ბორდერიზაციის“, ანუ მცოცავი ოკუპაციის პროცესიც – „ბორდერიზაცია“ მოიცავს ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას და ასევე, მიწა-თხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას, რაც საერთო ჯამში ქმნის ე.წ. საოკუპაციო ხაზს, რომლის მიღმა ექცევა ახალი ტერიტორიები“.
„ბორდერიზაციის“ ნიშნებმა თავი ჯერ კიდევ 2009 წლიდან იჩინა და პროცესი უშუალოდ 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ, ე.წ. „საოკუპაციო ხაზის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების შემთხვევებმა აქტიური სახე მიიღო. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთის მიმართულებით 11 მოქალაქე დააკავეს, ხოლო ცხინვალის რეგიონში – 67. ეროვნული უსაფრთხოების ამ პრობლემების წინააღმდეგ სამუშაოდ 2009 წელს ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) შეიქმნა. სუს-ის თანახმად, IPRM-ის შეხვედრებზე „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები“, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების საკითხები განიხილება.
„ბორდერდიზაციისა“ და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების საქმეზე ECHR-მა 2025 14 ოქტომბერს კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთს საქართველოსთვის 253 მილიონზე მეტი ევროს გადახდა დააკისრა. კერძოდ, საქართველომ 2018 წელს სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქართული მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების საკითხზე. საქმე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიკვდილს ეხებოდა. საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სარჩელის IV ფაზას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ საქმის რამდენიმე მუხლის შესახებ 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული სასამართლო დასკვნა „ბორდერიზაციის“ პროცესს 2008 წლის ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად აფასებს, რომელიც ხალხს ადმინისტრაციული საზღვრების თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მათზე ეფექტურ კონტროლს მოსკოვი ახორციელებს, რასაც ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სასამართლოს დასკვნაც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია ძირითად გამოწვევებსა და რისკებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს ასახელებს. ამავე დოკუმენტში, საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ: „2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და იქ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ამ ომმა ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, მათ შორის, მის მიერ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ქვეყნის დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას“.
რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა ისტორიული ფაქტებითაც დგინდება. კერძოდ, ჯერ კიდევ 1801-1867 წლებში ქართულ სამეფო-სამთავროებს რუსეთის იმპერია აკონტროლებდა:
1801 – რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა;
1810 – რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფოს გააუქმა;
1811 – რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა;
1828 – რუსეთის იმპერიამ გურიის სამთავრო გააუქმა;
1834 – რუსეთი იმპერიის მიერ სვანეთის სამთავროს დაქვემდებარება
1858 – სვანეთის ანექსია
1864 – რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა
1867 – სამეგრელოს სამთავროს ანექსია
1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ანექსია ხელახლა მოახდინა. კერძოდ, 25 თებერვალს თბილისში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოვიდა და საქართველოს 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია დაიწყო. საგულისხმოა, რომ ანექსიამდე რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტი აღიარებული ჰქონდა. კერძოდ, 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო მოსკოვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და ნებაყოფლობით ამბობს უარს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომლებიც რუსეთს გააჩნდა ქართველი ხალხისა და მისი მიწა-წყლის მიმართ“ საქართველოში ანტი-საბჭოთა ჯარების განლაგების არდაშვების პირობის სანაცვლოდ.
საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიარაღებული კონფლიქტების სერია დაიწყო: 1991-1992 წლებში ცხინვალის რეგიონში, ხოლო 1992-1993 წლებში აფხაზეთის რეგიონში. აღნიშნულ კონფლიქტებში რუსეთს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და მოსკოვი ორივე მათგანში პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩართული, რამაც საბოლოოდ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებამდე მიიყვანა. მაგალითად, Human Rights Watch-ის მიერ 1995 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის მასშტაბურმა ჩართულობამ ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის მხრივ სიტუაცია გააუარესა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა იარაღი მიაწოდეს იმ პირებს/ჯგუფებს, რომლებიც ქართულ სამიზნეებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებში იყვნენ პასუხისმგებელი.
რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა ჰიბრიდული ომითაც ხორციელდება. კერძოდ, მაგალითად, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო თუ მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებსა და სერვერებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, აღნიშნული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა.
მსგავსი ტიპის კიბერთავდასხმას საქართველოში 2008 წელსაც ჰქონდა ადგილი, აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და ომის დღეებში. მაშინაც თავდასხმის ავტორი რუსეთის ფედერაცია იყო, რომელმაც თავდასხმა სახელმწიფო სტრუქტურების, მედიასაშუალებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ვებგვერდებზე განახორციელა.
საქართველოს წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი გამოხატულებაა პრო-რუსული და/ან ანტი-დასავლური დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული მზარდი კამპანიები, რომელთა საშუალებით რუსეთი საქართველოში დასავლეთის მიმართ ნეგატიური სენტიმენტების გაღვივებასა და სათავისო პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას ცდილობს.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დოკუმენტებით დასტურდება რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტები.
რაც შეეხება მტკიცებას, რომ აშშ და დასავლეთი „აქრობს საქართველოს“, დასავლეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს:
2008 წლის ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სწორედ ევროკავშირის მედიაციით მიიღწა. ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე მომზადდა 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალის გამოყენებაზე, სამხედრო მოქმედებებზე უარის თქმას, ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნებას, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას, საერთაშორისო მექანიზმების შემუშავებასა და საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას მოიაზრებდა. რუსეთი დღემდე არ ასრულებს აღნიშნულ 6-პუნქტიან შეთანხმებას.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია (EUMM) 2008 წლის სექტემბერში გამოგზავნა. მისიის პრიორიტეტები საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა; კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირებაა.
EUMM 24-საათიან პატრულირებასა და ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების მონიტორინგს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მისიის მანდატი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება, თუმცა ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება EUMM-ს მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევს.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოსთვის ფულადი დახმარებაც გამოყო, რომლის მიზანიც ომის შემდგომი ქვეყნის ეკონომიკის რეაბილიტაცია იყო. თანხა 46 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც მხოლოდ ნაწილი იყო იმ 500 მილიონისა, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების შესამსუბუქებლად დაეხმარა.
საგულისხმოა დიპლომატიური მხარდაჭერაც. 2024 წლის 6 აგვისტოს ევროკავშირის მაშინდელმა უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა აგვისტოს ომის 16-წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის…. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის საქმეზე, რომლითაც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის ფაქტი დადგინდა.
რაც შეეხება NATO-ს, ურთიერთობები საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ჯერ კიდევ 1992 წლიდან, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში გაწევრიანებით იწყება, უფრო ბილატერალურ და პრაქტიკულ სახეს კი 1994 წელს იღებს, როდესაც საქართველო პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ჩაერთო. ამ პერიოდიდან მოყოლებული ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარე ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში დაფიქსირებული საქართველოს გაწევრიანების სურვილის საპასუხოდ (ბმული 1, 2), 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება და აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომ სამიტებზეც გადახედილი და დადასტურებული იქნა. ამავე წლიდან, ნატო-საქართველოს კომისია პარტნიორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ჩარჩოს უზრუნველყოფს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
აგვისტოს ომის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 19 აგვისტოს მოკავშირეებს შორის საგანგებო შეხვედრა შედგა, საიდანაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდეს. მათ ასევე განსაკუთრებული ხაზგასმითა და შეშფოთებით აღნიშნეს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში განხორციელებული არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენებისა და ქმედებებისთვის და მას ამ ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს, როგორც ამას 6-პუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებდა.
საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს თხოვნის საფუძველზე მოკავშირეები რიგ სფეროებში დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ: სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანისა და თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შეფასება, საჰაერო მოძრაობის სისტემის აღდგენაში მხარდაჭერა, კიბერთავდაცვის საკითხებზე კონსულტაციები.
17 აგვისტოს კი მოკავშირეებმა ერთხმად დაგმეს რუსული აგრესია და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდეს მას. NATO 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე (მაგალითად, 2021 წლის ბრიუსელის სამიტი) მტკიცედ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისა და მათი დამოუკიდებლობის გაუქმებისკენ მოწოდებას. ალიანსი არ აღიარებს ამ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და რუსეთსა და მათს შორის ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებებს. დამატებით, მოკავშირეები მუდმივად მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, ძალადობა, საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები და გატაცებები.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ალიანსის ვაშინგტონის სამიტზე წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საქართველოზე დეტალური ჩანაწერი იწერებოდა ხოლმე, საქართველოს შესახებ მხოლოდ ერთი ჩანაწერია და ის ერთიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჯარების უკანონო განლაგების დაგმობას ეხება.
მნიშვნელოვანია NATO-ს როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდის მხრივაც. კერძოდ, 2014 წელს მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (The Substantial NATO-Georgia Package SNGP), რომელიც მიზნად სწორედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდასა და NATO-ს წევრობისთვის მომზადებას ისახავს.
სწორედ აღნიშნული პაკეტისა და მისი განახლებული ვერსიების ფარგლებში ალიანსი ახორციელებს საქართველოს ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე აქტივობების მხარდაჭერას. აღნიშნული პაკეტის ერთ-ერთი პუნქტის ფარგლებში 2014 წელს უელსის სამიტზე დაარსდა ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრი (JTEC), რომელიც საქართველოს სამხედრო ძალებს მოწინავე წვრთნებითა და კურსებით უზრუნველყოფს. წვრთნების პირობებში, ქართული სამხედრო დანაყოფები NATO-ს ჯარებთან ერთად გადიან სიმულაციურ წვრთნებს, შეისწავლიან დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების, ბრძანებისა და კონტროლის მექანიზმებს და სხვა.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იგი, თავის მხრივ, მუდმივად გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, 2017 წელს აშშ-მა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დახმარებას ვერ მიიღებენ სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამ მხრივ კი, აშშ-მა დახმარება შეუჩერა სირიას, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს. ფინანსური დახმარების თვალსაზრისით რომ შტატებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის რეაბილიტაციისა და აღმშენებლობისთვის 116,3 მილიონი დოლარი გამოყო. საქართველომ აშშ-ისგან ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერა 2009 წელს, 622 მილიონი დოლარის სახით მიიღო.
რუსეთის ფედერაციის უპირველეს საფრთხედ აღიარების პარალელურად, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია 14 ეროვნულ ინტერესს შორის მე-5 ნომრად სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ასახელებს. თავის მხრივ, ეს გაცხადებული მიზანი საქართველოს კონსტიტუციითაცაა განსაზღვრული და 78-ე მუხლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
რუსეთის ქმედებები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ
1801 წელს – ქართლ-კახეთის, ხოლო 1810 წელს იმერეთის სამეფოების გაუქმების შემდეგ 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა და ქართული ეკლესია რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ქართული ეკლესია ავტოკეფალიური ჯერ კიდევ მეფე ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან იყო. იმპერატორმა რუსეთში გადაასახლა საქართველოს მაშინდელი პატრიარქი ანტონ მეორე. ამის შემდეგ კი, ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი მართავდა, საქართველომ ავტოკეფალიის აღდგენა კი მხოლოდ 1917 წელს შეძლო.
ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ მოთხოვნები საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მას მხარს უჭერდნენ როგორც ქართველი სამღვდელოების უმრავლესობა წევრები, ისე ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, მათ შორის ილია ჭავჭავაძეც. სწორედ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ესტუმრნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები მეფისნაცვალ ვორონცოვს ავტოკეფალიის აღდგენის ოფიციალურ დონეზე მოსათხოვად. პირველი პეტიცია რუსეთის ხელისუფლებისადმი 1905 წლის მარტის თვეში გაიგზავნა, მეორე – მაისში და მათში საქართველოს ეკლესიების სავალალო მდგომარეობა და მიზეზები იყო აღწერილი. კერძოდ, სასულიერო პირთა რაოდენობის შემცირება, ეკლესია-მონასტრების ძარცვა, ღვთისმსახურების რუსულ ენაზე აღსრულება და შედეგად ქართველ ხალხში ქრისტიანობისადმი ინდიფერენტულობა, ქართველი მრევლის საგრძნობი შემცირება და სხვა.
ავტოკეფალიის აღდგენის პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ისტორიკოსებიც. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილმა 1906 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი “политическое и социалное движние вь Грузии XIX веке“, რომელშიც აღნიშნავს: „16 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთთან შეერთებისა ქართველებს მოესპოთ შესაძლებლობა, საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ქართულად მოსმენისა. ამ ენაზე 1400 წლის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდნენ. არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგზარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას”.
აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის აღდგენის მოძრაობების წინააღმდეგ რუსული ხელისუფლება რეპრესიებს აქტიურად იყენებდა. მაგალითად, სწორედ ავტოკეფალიის მოთხოვნის გამო გადაასახლეს ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი. მას 1908 წლის 28 მაისს მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი, რომლის მკვლელობაც ეპისკოპოს კირიონს დაჰბრალდა. აღსანიშნავია, რომ კირიონის დევნის ამბებმა უცხოეთშიც გააღწია ოლივერ უორდროპის დახმარებით. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც კირიონის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რუსეთის ხელისუფლებამ საბოლოოდ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა, გაათავისუფლეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნების ნება არ მისცეს.
რეპრესიების მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არ შეწყვეტილა. მრავალწლიანი პროცესების შემდეგ კი, 1917 წელს რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და საქართველოში სასულიერო პირებისა თუ ინტელიგენციის მიერ მომზადებული მყარი ნიადაგის ფონზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოცხადდა – ქართულ ეკლესიაში საქმის წარმოება ამიერიდან ქართულ ენაზე შესრულდებოდა, 17 სექტემბერს კი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები ჩატარდა. საქართველოს აღდგენილი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს აღიარა.
ქართული ეკლესიებისა და სასულიერო პირების დევნა რუსეთმა საბჭოთა კავშირის დროსაც განაგრძო. არქივში შენახულ დოკუმენტებში აღწერილია 1922-1924 წლებში აგიტაცია-პროპაგანდის კუთხით საქართველოში ჩატარებული საქმიანობები. კერძოდ, დოკუმენტები გაყოფილია ორ კრებულად: პირველ კრებულში (1923 წლის 5 იანვარი – 12 მაისი) საუბარია იმაზე, თუ რა გაკეთდა საქართველოში ანტირელიგიური მუშაობის თვალსაზრისით, ხოლო მეორე დოკუმენტი (1924 წლის 20 მარტი – 31 დეკემბერი) შეეხება, თუ რისი გაკეთებაა საჭირო უფრო ეფექტური შედეგებისთვის.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ცნობილია დოკუმენტები, რომლებშიც ვლადიმირ ლენინი ძალოვან სტრუქტურებს ეკლესია-მონასტრებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლისა და ფასეული საკულტო ნივთების გამოტანისკენ მოუწოდებდა. აღნიშნულ დოკუმენტს „საეკლესიო ფასეულობათა ამოღების დეკრეტი“ ეწოდება და საჭიროების შემთხვევაში მოწინააღმდეგეებისთვის ტყვის სროლასაც მოიაზრებს.
არქივში მოძიებული დოკუმენტის „ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და აჯანყებები საქართველოში 1921-1924“ თანახმად, ბოლშევიკებმა 1922 წლიდანვე დაიწყეს საქართველოში ანტირელიგიური კამპანიები, რომელიც მოიცავდა ისეთ აქტივობებს, როგორიც იყო ქრისტიანული შობის საპირწონედ „კომკავშირული შობის“ ტრადიციის დანერგვა, აგიტაცია-პროპაგანდის დეპარტამენტების შექმნა და მთელ ქვეყანაში ეკლესია-მონასტრების დახურვა-გადაკეთება. ამ უკანასკნელისთვის ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭომ 5 მილიარდი მანეთი გამოყო. სწორედ აგიტაცია-პროპაგანდის გამგეები იტყობინებოდნენ, რომ ზოგიერთ მაზრაში ყველა ეკლესია-მონასტერი დაიკეტა, მღვდლებმა ანაფორები გაიხადეს და გაიპარსეს და ა.შ.
ერთ-ერთი ცნობით, საბჭოთა რუსეთმა მხოლოდ 1923 წელს საქართველოში 600-ზე მეტი ეკლესია გააუქმა და საეკლესიო ქონებას კონფისკაცია გაუკეთა; ბოლშევიკები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს, ოქრო-ვერცხლით მოჭედილ ხატებსა თუ საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებს. მაგალითად, არქივში მოძიებული დოკუმენტის მიხედვით, 1923 წლის 23 ნოემბერს გამოიცა დადგენილება „საეკლესიო განძეულობის გამოყენების წესის შესახებ“, რომელიც მთელი საეკლესიო ქონების ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გადაცემას მოიაზრებდა.
1923 წელს, მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გენუას კონფერენციას რუსეთის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა (ჩეკა) საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად პატრიარქი დააპატიმრა 4 ბრალდებით:
კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა. ორი წლის შემდეგ, 1925 წელს ამბროსი ხელაია შეიწყალეს, ციხიდან გამოსული პატრიარქი კი წირვაზე რუსეთის მიერ ქართული ეკლესიის ხელყოფის შესახებ აკეთებდა განცხადებებს: „როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი უდისციპლინობით და შეუგნებლობით, მისი მაგალითი ბევრია, მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს. რუსეთის ეკლესიას არ მოეწონა ჩვენი ავტოკეფალიის გამოცხადება, რუსეთის ეკლესიიდან ყოველთვის გვიმზადებდნენ სხვადასხვა დაბრკოლებას…“.
1927 წლის 22 მარტს ბოლშევიკების დროებითი მმართველობის წევრებმა ამბროსი ხელაია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქობიდან გაათავისუფლეს. პატრიარქი 29 მარტს გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქობამდე ამბროსი ხელაია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა, რის გამოც 1905 წელსაც გადაასახლეს რუსეთში, 1908 წელს კი ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მონაწილეობაში დასდეს ბრალი, თუმცა 1911 წელს გაამართლეს და საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.
რუსეთის მიერ გატარებული ქართული ენის დასუსტების მიზნით პოლიტიკა და ქმედებები
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დევნის საგანს წარმოადგენდა ქართული ენაც. კერძოდ, საბჭოთა რუსეთის გავლენის გაძლიერების პირობებში ქართული ენა სასწავლო, სახელმწიფო და საეკლესიო დაწესებულებებში აქტიურად იდევნებოდა. ყველაზე ცნობილი ნიმუში რუსეთის მიერ ქართული ენის დევნისა 1978 წელია, როდესაც საბჭოთა კავშირმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. 14 აპრილს, რომელიც შემდეგ დედაენის დღედ ჩამოყალიბდა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი გამოვიდა აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საქმისწარმოება დღემდე რუსულ ენაზე მიმდინარეობს, ხოლო გალის რაიონში ქართველებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების სირთულეებს დღესდღეობითაც ვაწყდებით:
„როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ“.
აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ჯერ კიდევ 1995 წლიდან იწყება, როდესაც ქართული განათლება რეგიონში 11 სკოლაში აკრძალეს, პარალელურად კი 9 სკოლაში „პირველი კლასის პრინციპი“ ამოქმედდა, ანუ სწავლება პირველ კლასში რუსულ ენაზე დაიწყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში „გალი ქართულ და აფხაზურ ისტორიულ წარმოსახვებში: ორმაგი მარგინალობის ანატომია“ აღნიშნულია, რომ გალის რაიონში სკოლებში ქართული ენის აკრძალვა და რუსულ ენაზე სწავლების შემოღება იდენტობის პოლიტიკის ჭრილშია განხილული, ვინაიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების პირველივე ამოცანა ომის დასრულების შემდეგ სწორედ ქართულ ენაზე სწავლების აღმოფხვრა იყო.
ამრიგად, როგორც ისტორიულ, ასევე, თანამედროვეობაში რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, შესაბამისად, სუვერენიტეტის, ენის, და ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ფაქტებითაა გამყარებული.







