გადამოწმებული ფაქტები რედაქტირებული

ტყუილია, რომ ზურაბ ჯაფარიძის ნამდვილი გვარი გასიევია

სოციალურ ქსელში ვრცელდება რედაქტირებული პირადობის მოწმობის სურათი (არქივირებული ბმული), რომლის მიხედვითაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რეალური გვარი გასიევია. დეზინფორმაცია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რეალური გვარი გასიევია, ხოლო მისი მამის რეალური სახელი არცამაზ აჰსარბეკის ძე გასიევი, 2021 წელსაც გავრცელდა, თუმცა მალევე დადასტურდა, რომ აღნიშნული მტკიცება ყალბია. რაც შეეხება პირადობის მოწმობის სურათს, ის ჯაფარიძემ თავად გააკეთა და გვარი შეცვალა, რათა ეჩვენებინა, თუ რამდენად მარტივია ძველი პირადობის მოწმობის გაყალბება.

პირადობის მოწმობის რედაქტირებული სურათი, რომელიც სოციალურ ქსელში ამჟამად გავრცელდა, თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2023 წელს გავრცელებული ვიდეოდან არის ამოჭრილი. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსმა ვიდეო იმ დროს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერის, ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივის საპასუხოდ ჩაწერა. ინიციატივის მიხედვით,  არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა უნდა შეძლებოდათ არა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე, არამედ ძველი, არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებსაც. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვიდეოში აჩვენებს მის მიერ ფოტოშოპით გაყალბებულ არაელექტრონულ პირადობის მოწმობებს, რათა ხაზი გაუსვას, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების დაშვებით არჩევნების გაყალბების რისკი იზრდება. ერთ-ერთ გაყალბებულ დოკუმენტზე პოლიტიკოსმა საკუთარი სურათის გვერდზე გვარი გასიევი დააწერა და ხუმრობით გამოეხმაურა მასზე წარსულში გავრცელებულ დეზინფორმაციას.

2021 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად არ არის ჯაფარიძე და მისი მამა არცამაზ აჰსარბეკის ძე გასიევია, რომელიც ცხინვალში ცხოვრობს. დეზინფორმაციის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძის მამის დის შვილი, არცამაზ ქოქოევი (მამით ედუარდ ქოქოითის ძმის შვილი) ოსური შეიარაღებული სპეცრაზმის უფროსია. დეზინფორმაციის გამავრცელებლები პოსტს რაიმე სახის დამამტკიცებელ საბუთს, რითაც მათი ინფორმაციის მართებულობა დასაბუთდებოდა, თან არ ურთავდნენ. მაშინ აღნიშნულ დეზინფორმაციას ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურა.

გამოცემის სტატიაში ჩანს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმამ, გია ჯაფარიძემ, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მათი მამის სახელი და გვარი გიორგი ჯაფარიძეა, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და არასდროს უცხოვრია ცხინვალში. გია ჯაფარიძემ „ფაქტ-მეტრს“ მამის პირადობის დამადასტურებელი ფოტოც გაუგზავნა, სადაც ასევე დასტურდება გვარი „ჯაფარიძე“.

ამასთან ერთად, გია ჯაფარიძის თქმით, მათ მამას საერთოდ არ ჰყავს დედმამიშვილი. ხოლო რაც შეეხება ზურაბ და გია ჯაფარიძის ბაბუას, მისი სახელი და გვარი გაიოზ ჯაფარიძეა და არა აჰსარბეკ გასიევი.

2019 წელს საკუთარი რეალური პირადობის მოწმობის სურათი თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გაავრცელა, სადაც პოლიტიკოსის გვარიც ჩანს.

 

იხილეთ ყველა სტატია

1111111

საკონტაქტო ინფორმაცია

 info@geofact.ge