სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Gvalski Temo, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის ვიდეოს (დაარქივებული ბმული) ავრცელებს, რომელშიც ის საკვებს (სავარაუდოდ, ღვეზელს) იღებს. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „თავს სუსტად ვგრძნობთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, შიმშილობის 25-ე დღეა – აქციის შეწყვეტაზე არ ვფიქრობთ“. ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში თან ახლავს ლოგო „ა“. რეალურად, ვიდეო ყალბია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეოს ზედა მარჯვენა კუთხეში საინფორმაციო სააგენტო „ამბები.GE-ს“ ლოგო ჩანს. გამოქვეყნებული მასალა ვიზუალურადაც ჰგავს სააგენტოს საინფორმაციო ბარათების სტილს. „ამბები.GE-ს“ Facebook-გვერდზე 21 ნოემბერს გამოქვეყნებული იდენტური ფოტო იძებნება იდენტური წარწერით.

სწორედ აღნიშნული ფოტოს/ბარათის ბაზაზეა შექმნილი ვიდეო ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. AI ამომცნობი ხელსაწყოს, Hivemoderation-ის თანახმად, ვიდეო 89.9%-ით შეიცავს ხელოვნური ინტელექტისა და Deepfake-ის ნიშნებს.
ხელოვნური ინტელექტის კვალზე მიუთითებს სხვადასხვა დეტალი. მაგალითად, გედევან ფოფხაძის ხელში მოულოდნელად ჩნდება ღვეზელი და მობილური ტელეფონი ქუდის ნაცვლად. მოგვიანებით კი, მისი ხელი არაბუნებრივ ფორმას იღებს, ორად იყოფა და 7 თითს ითვლის. ამასთანავე, ვიდეოს განმავლობაში ფოფხაძე ერთსა და იმავე ლუკმას აგემოვნებს და ღვეზელს ფორმა არ ეცვლება. არაბუნებრივია ასევე მისი თმაც. ვიდეოში ისე ჩანს, თითქოს გედევან ფოფხაძეს გრძელი თმა აქვს შეკრული, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ვიდეო მიანიშნებს, თითქოს გედევან ფოფხაძის განცხადებისა და შიმშილობის მიუხედავად, მან კვება დაიწყო. სინამდვილეში, ამგვარი განცხადებაც ყალბია და არც ერთი სანდო მედია თუ ღია წყარო არ იტყობინება, რომ ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტა. 24 ნოემბრის მონაცემებით, პარლამენტის წინ 9 მოქალაქე უკვე 28-ე დღეა შიმშილობს, მათ შორისაა გედევან ფოფხაძეც.
ცნობისთვის, 2025 წლის 28 ოქტომბერს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ ოთხ აქტივისტთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა. მოგვიანებით, მათ სხვა აქტივისტებიც შეუერთდნენ. მათი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.







