სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომელშიც ე.წ. „შავი პარასკევის“ შესახებ მტკიცებაა მოცემული: „…შავი პარასკევი ჯერ სიტყვას მაინც არ უკვირდებით რა მახეში გაბავენ? ან რატო არ კითხულობთ რას ნიშნავს შავი პარასკევი შავი პარასკევიო მაგენს გოუშავდათ ცხვირი და იმ სატანებს ვინც ეს შემოგვიგდო ქვეყანაში დაფიქრდით ხალხო დაფიქრდით რას ვაკეთებთ და რატო…მერე დავფიქრდი რას ნიშნავდა და მოვიძიე წავიკითხე სატანების რიტუალი და ა.შ. და ა.შ….“ სინამდვილეში, „შავი პარასკევის“ სატანისტურ რიტუალებთან კავშირი არ დასტურდება.

ე.წ. „შავი პარასკევი“ წლის მთავარ სავაჭრო მოვლენად ითვლება, რომელიც ფასდაკლებებთან, შეთავაზებასა და „შოპინგთან“ ასოცირდება. „შავ პარასკევთან“ დაკავშირებული მოვლენები ნოემბრის მეოთხე პარასკევს იმართება ხოლმე – აშშ-ში ეს მადლიერების დღის (ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათის) შემდეგი დღეა.
„შავ პარასკევთან“ ასოცირებული გრანდიოზული ვაჭრობის პროცესები სათავეს მე-19 საუკუნის აშშ-ში იღებს, როდესაც მადლიერების დღესთან დაკავშირებით, და მის შემდეგ, მაღაზიები მომხმარებლებს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობდნენ, რითაც საშობაო სავაჭრო სეზონი იხსნებოდა. თუმცა, უშუალოდ ტერმინი თავდაპირველად 1860-იან წლებში ჩნდება და მას მასშტაბურ საყიდლებთან კავშირი არ ჰქონია. კერძოდ, ისტორიკოსი და პროფესორი ნენსი კოენის თანახმად, „შავი პარასკევით“ აღწერეს ის ფინანსური კრიზისი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1869 წელს და რომელიც ინვესტორების ჯეი გოულდისა და ჯიმ ფისკის საბაზრო კრახის შედეგი გახდა. კოენის მიხედვით, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ტერმინი „შავი პარასკევი“ ნეგატიური მოვლენების აღსაწერად გამოიყენებოდა, მათ შორის მადლიერების დღის მეორე დღეს სამსახურში თანამშრომლების გამოუცხადებლობის. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ პერიოდში ტერმინ „შავ პარასკევს“ ფასდაკლებებსა და ვაჭრობასთან კავშირი არ ჰქონდა.
უკვე მოგვიანებით, „შავი პარასკევის“ ტერმინი უშუალოდ მასობრივ შოპინგს დაუკავშირდა, რასაც საფუძველი 1950-60-იან წლებში ჩაეყარა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მადლიერების დღის შემდეგ დღეს, ყოველწლიური Army v. Navy საფეხბურთო მატჩის წინ ქალაქში მომხმარებლებისა და ტურისტების დიდი მასა იყრიდა თავს, ფილადელფიის პოლიციელებს კი საცობების, ხალხის მასისა და გაზრდილი ქურდობების შემთხვევების კონტროლისთვის იმ დღეს მუშაობა უწევდათ. ამ ერთგვარ ქაოსს ფილადელფიის პოლიციელებმა „შავი პარასკევი“ უწოდეს. მოგვიანებით, ფილადელფიამ სცადა დამკვიდრებული ტერმინის რებრენდინგი და სახელის შეცვლა „შავ პარასკევთან“ დაკავშირებული უარყოფითი კონოტაციის გამო, მაგალითად – „დიდ პარასკევად“, თუმცა ახალი სახელი ვერ დამკვიდრდა და „შავი პარასკევი“ შემორჩა.
კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ტერმინი „შავი პარასკევი“ ბუღალტრული კონცეფციიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვით, ბიზნესები მადლიერების დღემდე ფინანსურ ზარალში მუშაობდნენ, რასაც წითელი მელნით აღნიშნავდნენ ბუღალტრულ აღრიცხვაში (in the red), დღესასწაულის შემდეგ კი მასიური ფასდაკლებების წყალობით მოგებას ნახულობდნენ, რასაც შავი მელნით აღნიშნავდნენ (in the black). თუმცა, აღნიშნული ვერსია ნაკლებადაა მიჩნეული „შავი პარასკევის“ ტერმინის გამოყენებასთან.
ამრიგად, „შავი პარასკევის“ შესახებ არსებული ვერსიებიდან სატანისტურ რიტუალებს არც ერთი უკავშირდება.







